ბატონი ელგუჯა ესართია ჩვენი რედაქციის სტუმარი გახლავთ, საოცრად გახსნილი და კომუნიკაბელური პიროვნებაა, იმდენად უყვარს თავისი სოფელი, რომ სულ დაუფიქრებლად შეუძლია ჩამოგითვალოთ სოფელში მცხოვრები ხალხის ვინაობა, უკვე წესად აქვს გადაქცეული თვალ -ყური ადევნოს თითოეული მათგანის ცხოვრებას, –რას აკეთებენ, როგორ უძღვებიან ოჯახებს, როგორი ოჯახები შექმნეს, სიცოცხლის სხივი უდგას თვალებში, არასოდეს არაფერზე არ წუწუნებს. მთელი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს.
-დავიბადე სოფელ ანაკლიაში, მაგრამ სკოლა სოხუმში დავამთავრე. შემდეგ ჩემი ოცნება ავიხდინე და უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტი დავამთავრე. 1980 წლიდან უკვე ვმუშაობდი გაგრის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის ფილიალში მეცნიერ თანამშრომლად -კარდიოლოგიის პროფილით. 1984 წლიდან ზუგდიდში ვარ, რაიონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ვიყავი ექიმ ორდინატორი, შემდეგ ანაკლიის კლიმატობალნეოლოგიური სანატორიუმის სამკურნალო განყოფილების მთავარი ექიმი. ეს იყო 50 საწოლიანი მშვენივრად მოწყობილი საავადმყოფო, რომელსაც ჰყავდა ბევრი დამსვენებელი სხვადასხვა ქვეყნიდან.
1989 წლის მოვლენების შემდეგ, ფაქტიურად, დაიხურა სანატორიუმი და მუშაობა დავიწყე სოფელ ანაკლიის უბნის ექიმად. ვემსახურებოდი სოფელ ერგეტასაც, გადავდიოდი პრიმორსკშიც და ვეხმარებოდი მოსახლეობას. 2002 წელს სოფელმა გამგებლად ამირჩია, ოთხი წელი ვიმუშავე და შემდეგ ისევ დავუბრუნდი ჩემს პროფესიას. ანაკლიის უბნის ექიმად მუშაობის პერიოდში ვიყავი არჩეული საკრებულოს დეპუტატად, 2012 წელს ისევ ამირჩიეს ანაკლიის მაჟორიტარ დეპუტატად. იმავდროულად, ვარ ანაკლის და ერგეტის ოჯახის ექიმი ასევე, ამ სოფლებში დევნილთა ოჯახების ექიმი.
-პროფესიულთან ერთად, საინტერესოა, თქვენი საზოგადოებრივი საქმიანობაც…
-1990-იან წლებშიც ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი ჩართული. კომუნისტი არასოდეს არ ვყოფილვარ, ჩემი სამშობლოს, ჩემი სოფლის სიყვარულმა გადამაწყვეტინა მეყარა კენჭი დეპუტატად. მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო სოფლის განვითარებაში და აღორძინებაში.
გამგებელი რომ ვიყავი, სწორედ იმ პერიოდში აღვადგინეთ ეკლესია ანაკლიაში, ვთხოვე, ბატონ თემურ ქარჩავას, ბიზნესმენს, რომელიც დღესაც ცდილობს სიკეთე შეიტანოს სოფლის ისტორიაში, და აღადგინა ეკლესია თავისი სატრაპეზოთი, თავისი სამრეკლოთი. ასევე გაგვიკეთა გზა, საშუალო სკოლის რემონტი. სწორედ ჩემი გამგებლობის დროს შეკეთდა 2003 წელს ანაკლია-ჭითაწყარის უბანში (ყორშიების უბანში) სკოლა. ძალიან ცუდი შენობა იყო, ბავშვებისთვის სახიფათო. ამ საქმეში მაშინ ჩაერთო გაეროს წარმომადგენლობა ზუგდიდში, სამეგრელო ზემო-სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ბონდო ჯიქია, ზუგდიდის გამგებელი ნუგზარ ანთელავა. სკოლას გაუკეთდა სპორტული მოედანი, მომარაგდა ინვენტარით, წიგნებით. დღეს ჩვენი სოფლის რწმუნებული ბრძანდება ბადრი ყორშია, მოადგილე გენადი სორდია, ისინი სოფლის პატრიოტები არიან. მათი თაოსნობით სოფელში გაკეთდა ბიბლიოთეკა, შიდა გზები, მოსაცდელები, გზა მოასფალტდა, გაკეთდა გარე განათება. მოეწყო მიკრო-მოედანი ლტოლვილთა დასახლებაში, მიმდინარეობს გაზიფიკაცია. გაკეთდა ბიბლოთეკა მალე შეიძლება გადაწყდეს საკითხი, თუ ვინ იქნება პორტის მშენებლობის სპონსორი.
-ტურისტების რაოდენობა როგორია ანაკლიაში?
-ზამთრის პერიოდში ნაკლებად არიან ტურისტები. მხოლოდ ბიზნესმენები ჩამოდიან, მაგრამ ზაფხულში ბევრი ტურისტი ჩამოვიდა, სოფელმა სული მოითქვა, გასულ წელს რომ იყო მუსიკალური ფესტივალი, ამ ზაფხულს კიდევ იგეგმება და ხალხი ასე ნელ-ნელა დაძლევს სიღარიბეს.
-თქვენი ოჯახი გააცანით ზუგდიდელებს.
-მამაჩემი გრიგოლ ესართია იყო ფერშალი, ომის ვეტერანი, დედაჩემი ქსენია ქობალია იყო ფერშალ-აკუშერი, დედაჩემის უშუალო დახმარებით 4019 ბავშვია დაბადებული. ჩემი მშობლები სვანეთში მუშაობდნენ, იქ დაქორწინდნენ და 40 – იან წლებში ჩამოვიდნენ ანაკლიაში. მაშინ ანაკლიაში იყო საავადმყოფო ქირურგიული და თერაპიული განყოფილებებით, ლაბორატორით, რენტგენით, კარდიოგრაფიით. ჰყავდათ 2 ექიმი და 2 მედდა. ჩემს მშობლებს უყვარდათ თავიანთი საქმე და არაერთი ჯილდო აქვთ მიღებული ხელისუფლებისგან, მაგრამ ყველაზე დიდი ჯოლდო ისაა, რომ ისინი მთელ სოფელს უყვარდა და დღემდე დიდი სიყვარულით იხსენებენ. სწორედ ჩემი მშობლების სათუთმა დამოკიდებულებამ ადამიანის სიცოცხლისადმი, ჯანმრთელობისადმი, განაპირობა ჩემი პროფესიის არჩევა. ჩემი მეუღლე, მზია ფარცვანია ზუგდიდელია, პროფესიით ექიმი-ლაბორანტი, დარჩელის საექიმო ამბულატორიაში მუშაობს. გვყავს ორი შვილი, დავითი და ქეთევან ესართიები. დავითი იურისტია, ცხოვრობს ქ. სოჭში. ქალიშვილმა გასული წელს დაამთავრა თბილისიის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, გაიარა მაგისტრატურა ბიზნეს-ეკონომინისტის სპეციალობით. ამჟამად მუშაობს ფარმადეპოს სამმართველოს ბუღალტერიაში სტაჟიორად.
-ბუნებრივია, სოფელი თავის გამორჩეულ შვილს ხშირად სუფრის თავკაცობასაც მიანდობს.
-კი, მიყვარს თამადობა, სუფრის წაყვანა ტრადიციულად. განსაკუთრებით მიყვარს სამშობლოსა და მეგობრების სადღეგრძელო.
-რას უსურვებთ ზუგდიდელებს, ანაკლიას, სამეგრელოს, სრულიად საქართველოს?
-მშვიდობას, წარმატებას, ჯანმრთელობას და გამთლიანებას, ერთმანეთის სიყვარულს.
როზა როგავა