- დღეს, 29 მაისს, მეგრული ენის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა დადიანების სასახლეთა ეზოში. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს მეგრული ენის გაქრობის საფრთხეზე და სახელმწიფოს დახმარება სთხოვეს მის გადასარჩენად.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ირაკლი ბუკიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნაა მეგრულ ენას მიეცეს რეგიონული ენის სტატუსი. “ამას მოყვება მერე ყველაფერი დანარჩენი – უნდა შემოიღონ სწავლება, გაიხსნას მეგრული ტელევიზია, რადიო, დაიბეჭდოს პრესა… რატომ არ მოვიდა ბევრი ხალხი? ფობიებს აქვს ადგილი. ჩემს აქტივიზმს დააბრალეს სეპარატიზმი. სეპარატიზმში გვდებენ ბრალს, არადა ჩვენგან არასდროს არ გაჟღერებულა, რომ დამოუკიდებელი სამეგრელო გვინდა. არასდროს არ გვითქვამს. საქართველოს შვილები ვართ. ეროვნებით ვართ ქართველები, ეთნიკურად მეგრელები. მეგრული ჩვენი მშობლიური ენაა, ქართული ჩვენი საყვარელი სახელმწიფო ენაა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ და სხვათა შორის, ქართულად მეტყველებისას, უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე მეგრულად საუბრისას, სამწუხაროდ. ჩვენი სამომავლო გეგმაა ამ მიმართულებით მუშაობა, ხალხის გამოფხიზლება, ფობიების მოხსნა. მეგრული ენა ჩვენს ქვეყანას ცუდს არაფერს მოუტანს. ეს უნდა შევაგნებინოთ ხალხს. ადამიანს ვეკითხები, რას ფიქრობ, რომ სკოლაში შემოვიდეს მეგრული ენის სწავლება. ის მომიბრუნდადა მეუბნება, შენ რა, დამოუკიდებელი სამეგრელო გინდა? რისი დამოუკიდებელი სამეგრელო, ენგურიდან ცხენისწყლამდე რისი სახელმწიფო? რისი დამოუკიდებლობა? ჩვენ კოლხები ვართ. კოლხურ ფუნდამენტზეა ეს ქვეყანა აშენებული. სოხუმელი კაცი ვარ, გამოდევნილი ვარ იქიდან. სეპარატიზმისგან დაზარალებული ადამიანს მაბრალებენ სეპარატიზმს. ეს მაგონებს იმას, ზელენსკი ფაშისტიაო. ებრაელი ზელენსკი ფაშისტი და სოხუმიდან დევნილი ბუკია სეპარატისტი. სასაცილოა”.
დღევანდელ ღონისძიებაზე იმყოფებოდა პოეტი და ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია. “თუ რამე ღირებული შეგვიქმნია ან ვქმნით მომავალში, არაფერს ფასი არ ექნება თუ მეგრული ენა დაგვეკარგება. დღეს, ჩემდა სამწუხაროდ, ჩემს მუნიციპალიტეტში და ყველგან სამეგრელოში, როცა დავდივარ, ვამჩნევ რომ ეთაკილებათ ახალგაზრდებს მეგრულად საუბარი. ვისურვებდი, რომ სამეგრელოში სიყვარულსაც მეგრულად უხსნიდნენ ვაჟკაცები, თუ რა თქმა უნდა მათ რჩეულს ესმის მეგრული. არ იქნებოდა ზედმეტი, ქართულთან ერთად ლექსიც მოაყოლონ. პირველ რიგში დედებზეა ძალიან ბევრი დამოკიდებული იმისთვის, რათა აკვნიდანვე ესაუბრებოდნენ მეგრულად შვილებს. ეს ყველაფერი უფრო განავითარებს ჩვენს ენას, რომელიც ყველა იმ ელემენტითაა შემკობილი, რომელიც საჭიროა ენის შენარჩუნების და განვითარებისთვის”.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა შემოქმედთა გაერთიანება “აიას“ თავმჯდომარემ ედემ იზორიამ, ზაზა ღურწკაიამ, სახალხო მოძრაობა “სამეგრელოს” ხელმძღვანელმა ზურაბ კვარაცხელიამ და “სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ.
მეგრული ენის დღე ზუგდიდში 2013 წლიდან აღინიშნება. 29 მაისი – ეს თარიღი საგანგებოდ შეირჩა, ენათმეცნიერ მამანტი ძაძამიას დაბადების დღესთან დაკავშირებით