სიმინდის კულტურა სამეგრელოში


  • ოდიშში (სამეგრელო) მოსახლეობის ძირითად საქმიანობას მიწათმოქმედება წარმოადგენდა. XVIII საუკუნემდე ძირითადი მარცვლეული კულტურა იყო ღომის ღომი, რომლის მოყვანას ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ ენეოლითის ხანაში მისდევდა. სამეგრელოში მოყვანილი ეს მარცვლეული არა თუ აკმაყოფილებდა ადგილობრივ მოთხოვნილებას, არამედ ის უცხოეთშიც გაჰქონდათ. იტალიური წყაროების მიხედვით, XIX საუკუნეში, სამეგრელოდან გატანილი ღომის მარცვალი, ყირიმში იყიდებოდა.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეთნოგრაფიის კოლექციაში დაცულია ღომის მარცვლის ნიმუშები.

XVII-XVIII საუკუნიდან ღომის მარცვალი თანდათანობით შეცვალა ამერიკულმა სიმინდმა. “ასლამაზი” – ასე შეარქვა ოდითგანვე ქართველმა სიმინდს.

ჯერ კიდევ ამერიკის აღმოჩენამდე ინდიელებში სიმინდი ერთადერთი მარცვლეული მცენარე იყო. ისინი სიმინდს უწოდებდნენ მარცვლეულის საუკეთესო წარმომადგენელს. პირველი ევროპელები, რომლებიც გაეცნენ სიმინდს, იყვნენ ესპანელი მეზღვაურები ქრისტეფორე კოლუმბის მეთაურობით. როდესაც ექსპედიცია ამჟამინდელი კუბის ტერიტორიას მიადგა, 1492 წლის ნოემბერში, მათ პირველად ნახეს სიმინდის ყანები. ეს კულტურა მოჰყავდათ ინდიელებს ჯერ კიდევ 2000 წლის წინათ, ვიდრე კოლუმბი ამერიკას აღმოაჩენდა. XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში სამხრეთ ევროპაში სიმინდი პირველად ამერიკიდან შემოიტანეს.

სიმინდი, როგორც მცენარე, განმარტებულია 1685-1698 წლებში შედგენილ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში. უცნობია თუ პირველად ვინ შემოიტანა საქართველოში სიმინდის თესლი, მაგრამ ერთი რამ გარკვეულია, რომ სიმინდის თესლი, ჩვენში XVII საუკუნის მეორე ნახევარში შემოუტანიათ. სიმინდი ჯერ შავი ზღვით დასავლეთ საქართველოში გავრცელებულა და იქიდან აღმოსავლეთ საქართველოში.

XIX საუკუნეში სიმინდმა დასავლეთ საქართველოში მინდვრის კულტურებს შორის წამყვანი ადგილი დაიკავა. 1862 წელს, როცა ქართულმა სიმინდმა, მსოფლიო გამოფენაზე ქება დაიმსახურა, ის, ინგლისმა მილიონ ოქროს მანეთად შეისყიდა. 1895 წელს მარტო ფოთიდან, 10 მილიონ ფუთამდე ქართული სიმინდი გაიტანეს.

გარდა სიმინდისა მოჰყავდათ ხორბალი, მართალია ნაკლებად, მაგრამ მაინც შემორჩენილია ხორბლის უძველესი ჯიშები მახა და ზანდური. მოჰყავდათ ჭვავი და ქერიც.

სამეგრელოში უძველესი კულტურა იყო ასევე სელი. ისტორიის მამა ჰეროდოტე (ძვ.წ. 484-425) სამეგრელოში მოპოვებულ სელს ეგვიპტურს ადარებდა. მისგან დიდი რაოდენობით ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ქსოვილებს, რომლისგანაც შემდეგ იკერებოდა აფრები, ტანსაცმელი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ასევე სელისა და კანაფის ქსოვილები გაჰქონდათ სამეგრელოდან. ზოგჯერ თურქეთის ხელისუფლების წინაშე ვალდებულებას, ოდიშის მთავრები, კანაფისა და სელის ქსოვილებითაც იხდიდნენ.

XVI საუკუნის მიწათმოქმედებაზე სამეგრელოში გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს ქრისტოფორო დე კასტელის ალბომი, სადაც წარმოდგენილია ყოფა-ცხოვრების ამსახველი ჩანახატები: ფოცხვა, ღომის ცეხვა, ძნების კვრა; სამიწათმოქმედო იარაღები: საცეხველი, აგაფა, უღელი, ფოცხი.

მუზეუმის ეთნოგრაფიის კოლექციაში დაცულია, სამუშაო იარაღების ნაწილი, რომლებიც განეკუთვნება გასული საუკუნის დასაწყისს და მოპოვებულია ეთნოგრაფიული ექსპედიციის შედეგად.

ამჟამად შემუშავებულია და ფართოდ ხორციელდება სიმინდისა და ხორბლის ინდუსტრიული ტექნოლოგია და სხვა მარცვლეული კულტურებიც. რაც შეეხება სიმინდს, მან სრულად ჩაანაცვლა საქართველოში ოდითგან გავრცელებული ღომის მარცვლის კულტურა.

დოდო ჯიჭონაია,

მუზეუმის ყოფისა და ეთნოგრაფიის ფონდის,

ეთნოგრაფიის კოლექციის მცველი


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!