სვეტლანა ბაღათურია: ქალი ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს


  • “ზუგდიდელების” სტუმარი, ქალბატონი სვეტლანა ბაღათურია, პროფესიით პედაგოგია,-ქიმია-ბიოლოგიას ასწავლიდა, წლების განმავლობაში, ახალსოფლის საშუალო სკოლა-ინტერნატში და ახალსოფლის საშუალო სკოლაში. სასიამოვნოდ იხსენებს და ემოციურად გადმოსცემს იმ წლებს, რომელიც ამ სკოლებში გაატარა, ამაყობს თავისი საყვარელი სოფლით, ამ სოფლისთვის მის მიერ გაკეთებული საქმეებით და აღზრდილი ახალგაზრდებით.

-1976 წელს, ქიმია-ბიოლოგიის სპეციალობით, წითელ დიპლომზე, დავამთავრე ადიღეის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. პირველი, პედაგოგიური ნაბიჯი, გადავდგი ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის რუსულ სექტორში. 1977 წლიდან გადამიყვანეს ახალსოფლის საშუალო სკოლა-ინტერნატში და ახალსოფლის საშუალო სკოლაში, ქიმია ბიოლოგიის მასწავლებლად, სადაც რვა წელი ვიმუშავე. ოჯახის შექმნასთან და საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით, სამუშაოდ გადავედი გალის პირველ საჯარო სკოლაში. ძალიან გამიჭირდა ახალსოფლის სკოლების პედაგოგიურ კოლექტივებთან განშორება. დღემდე მომყვება მათი სითბო და სიყვარული. ყველგან, სადაც ვარ, მახსოვს იქ გატარებული წლები. ჩემს კოლეგებთან ახლოს ვიყავი, განსაკუთრებით: ნელი ღურწკაიასთან, ქეთინო გარდავასთან. პედაგოგებთან: ლუბა სართანაისთან, მაყვალა კარტოზიასთან, მაია მიქენაიასთან, ლამარა ჯაბუასთან, აზა ჯოჯუასთან, ქეთინო სიჭინავასთან, მზევინარ ჭურღულიასთან, თინა ადეიშვილთან, ვარდენ ცხადაიასთან, ლამარა ჯაბუასთან, ნონა კურდღელიასთან, ლუიზა ქანთარიასთან და მზია ქადარიასთან. ბევრი გარდაიცვალა,  რაც ძალიან განვიცადე.

ბევრი მოგონება მაკავშირებს, ზოგადად, სოფელთან. ჭირში თუ ლხინში ერთად ვიყავით. შვილივით შემიყვარეს ახალსოფლელებმა. ახალსოფლელი ლუიზა ქანთარიას მეჯვარეც ვიყავი. იქაური სითბო დიდხანს გამყვება. მენატრება მოსწავლეებიც, როცა მხვდებიან, მეფერებიან, მესალმებიან. განსაკუთრებით მინდა გავიხსენო ჩემი მედალოსანი მოსწავლის ქეთინო ჟღენტის სიყვარული ჩემდამი. ასევე, ჩემი საყვარელი მოსწავლეები იყვნენ ნიკო რაფავა, გია ქანთარია, ქეთინო ჟღენტი, ნანა ხარებავა, მზევინარ ჭურღულია.

-სვეტლანა მასწავლებელი  მკაცრი თუ ლმობიერი?

-მოსწავლეებთან გაკვეთილის დროს ვიყავი მკაცრი, გაკვეთილის მერე კი, მათი მეგობარი ვხდებოდი, რა თქმა უნდა, ლმობიერი…

-ოჯახზე, მეუღლეზე, შვილებზე მოგვიყევით…

-მე და ჩემი მეუღლე იური უბილავა 38 წელია ერთად, ვართ. ძალიან განათლებული, ერუდირებული ადამიანია. ბედს არ ვემდური. მეოჯახეა. ერთმანეთს პატივს ვცემთ. ოჯახი უყვარს. ერთნაირი ტიპის ვართ. ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი (იცინის). ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი  გვყავს, – თამარი, გოგა და ნათია უბილავები.   თამარი დაოჯახებულია, სიძე გახლავთ გიორგი სანაია. ჯერჯერობით, ერთი შვილიშვილი გვყავს,-ანა სანაია, მესამე კლასელია. ბეჯითი მოსწავლეა. თამარის დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით ქიმიური ექსპერტიზა. ნათია სოციოლოგ-ფსიქოლოგია,- დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.  გოგას დამთავრებული აქვს სოხუმის უნივერსიტეტი.  ყველა დასაქმებულია თავიანთი სპეციალობით.  ამჟამად, თბილისში ვართ მთელი ოჯახით. გითხარით, დევნილები ვართ გალიდან… ვართ შვილებთან და ვეხმარებით ერთმანეთს. ცხოვრება ბრძოლაა.  ჩვენი შვილების წარმატებით ვხარობთ მე და ჩემი მეუღლე.

-რა თვისება მოგწონთ ყველაზე მეტად საკუთარ თავში და რა არა?

-საკუთარ თავში არ მომწონს, რომ უცებ “ვფეთქდები”,  ემოციური გავხვდი, რასაც დევნილობას ვაბრალებ.

-როგორც ჩანს, გიყვართ ზრუნავა საკუთარ თავზე… რას ურჩევთ მანდილოსნებს?

-მე მინდა, სულ ვიყო მოწესრიგებული. ამასვე ვურჩევ ქალბატონებს, მოეფერონ საკუთარ თავს და იქნებიან უფრო სასურველი მეუღლე, დედა, ბებია…

-როგორი სიდედრი ხართ?

-ჩემი სიძე მაფასებს. ძალიან მეგობრულად ვართ.

-როგორ გარემოში ხართ ყველაზე თავისუფალი და გახსნილი?

-ჩემს საუკეთესო მეგობრებთან ვარ ძალიან გახსნილი, მეგობრებთან მიყვარს ურთიერთობა. მეზობლებთან მაკავშირებს დიდი სიყვარული, ვიკრიბებით და ყავას ერთად ვსვამთ. ვარჩევთ საჭირბოროტო საკითხებს.

-ქალბატონო სვეტა, საყვარელ ადამიანს რას ვერ აპატიებდით?

-ორპირობას.

-ქალბატონო სვეტა, რომ არა საქართველო, რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?

-ჩემი ადგილსამყოფელის გარდა, მე არსად არ მეგულება ადგილი, სადაც ვიცხოვრებდი. “არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა”.

-რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

-დამდგარიყოს ისეთი ცხოვრება, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთის არ გვშურდეს.

როზა როგავა

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!