- სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება – იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინა, ქვეყნის მასშტაბით, გაიკეთონ.
პირველ ეტაპზე, უფასო ვაქცინაცია იმ ჯგუფებს ჩაუტარდათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვს. პროგრამა გაფართოვდა და უფასოდ, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის შესაძლებლობა იმ პირებსაც აქვთ, რომლებიც რისკ ჯგუფებში არ შედიან.
ჯანდაცვის სამინისტრომ, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამისთვის, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულთა შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
ვაქცინაცია სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია, 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.