საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებული პირები სამსახურებში აღდგენას ითხოვენ


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულმა ყოფილმა თანამშრომლებმა ბრიფინგი გამართეს. ისინი, დაუყონებლივ, ითხოვენ სამსახურში აღდგენას. მათი განმარტებით, დათხოვნა თავის დროზე  პოლიტიკური ნიშნით მოხდა. 

გამგეობის საზოგადოების ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა მაია ღურწკაიამ აღნიშნა, რომ მისი უფლებების აღდგენა მაშინ მოხდება, როცა ის დაუბრუნდება მის დაკავებულ თანამდებობას. “დღეიდან, ვითხოვ, დაუყონებლივ, ჩემს თანამდებობაზე აღდგენას და ჩემი ადგილმონაცვლე პირის გათავისუფლებას. აგრეთვე, იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც 2016 წელს იყვნენ საკონკურსო -საატესტაციო კომისიაში. მათი “უგუნური” და არასწორი გადაწყვეტილებით, რომელიც აბსოლუტურად, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკური ნიშნით იყო მოტივირებული. ეს გუნდი პოლიტიკური ნომენკლატურით იქ იყო შეკრებილი საგანგებოდ. მათ, ადგილობრივ ბიუჯეტს, მიაყენეს დაახლეობით 500 ათას ლარზე მეტი ზარალი. ეს იგივე ზარალია ჩემი ოჯახის, ჩემი თანაქალაქელების. მოხდეს ამ ადამიანების საქმიანობის შესწავლა”. მაია ღურწკაია მიმართავს პრემიერ მინისტრს, მინისტრთა კაბინეტს, შეისწავლონ ეს ადამიანები და მათი საქმიანობა. “ამ ორი წლის განმავლობაში, არაფერი ისეთი ღირებული არ დაუდიათ და არ გაუკეთებიათ  ქალაქისთვის. ვიდრე დროა და სანამ უფრო მეტად არ დააზარალებენ ზუგდიდს, ზუგდიდელებს და ზუგდიდის ბიუჯეტს, უნდა მოაშორონ, თანამდებობიდან უნდა გაუშვან  ეს ადამიანები. მე სახელებით და გვარებით გეტყვით, ესენი არიან: ზუგდიდის მერის მოალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, საკრებულოს აპარატის უფროსი ნატა პაპასკირი, ზუგდიდის შიდა აუდიტის  უფროსი ბაკურ კვეტენაძე, ასევე კომისიის წევრები იყვნენ საზოგადოება „ზუგდიდელის“  წარმომადგენელი და პროფკავშირის წევრი. მე მოვითხოვ,  საზოგადოება „ზუგდიდელის” წევრისგან საჯაროდ, ღიად, ყველა ჩვენგანს მოგვიხადოს ბოდიში თავისი არასწორი გადაწყვეტილებისთვის, თუმცა, მან, სასამართლოს სხდომაზე აღიარა, რომ მას გადაწყვეტილება არ მიუღია და არავინ შეუფასებია, მხოლოდ ნატა  პაპასკირმა ხელი მოაწერინა შეფასების დოკუმენტზე”.

სამსახურში აღდგენას ითხოვს ააიპ “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის” ყოფილი თანამშრომელი ზეინაბ მორგოშია. მისი განმარტებით,  მისი ოჯახის წინაშე ხორციელდება რეპრესია. “ჩემი ოჯახი და ორი არასრულწლოვანი შვილი ვაყენებთ შემდეგ მოთხოვნას: უფლებამოსილება შეუჩერდეს ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორს, ქალბატონ მადონა მაქაცარიას. ჩემი შრომითი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, მას სასამართლომ დაუდგინა დისკრიმინაცია. ამინაზღაურონ განაცდური და მოხდეს ჩემი აღდგენა სამსახურში.”  ზეინაბ მორგოშიას თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შვილებთან ერთად აქციას დაიწყებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ააიპ “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის” დირექტორმა მადონა მაქაცარიამ, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს გამგეობის ყოფილი თანამშრომელი ალიოშა ალანია. ის ამბობს, რომ თანამდებობა, რომელზეც დათხოვნამდე მუშაობდა, დღესაც არსებობს. “12 თებერვალს მერიაში ჩანიშნულია აღსრულება. მანამდე მერიას კიდევ აქვს გონივრული ვადა, დაფიქრდეს ამ საკითხზე და დაუყონებლივ აღმადგინონ სამსახურში”.

გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს უპასუხა მერიის ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსმა ირაკლი ამანათიძემ. მისი განმარტებით, მაია ღურწკაიას შემთხვევაში, მასზე, კომპენსაცია და განაცდური გაიცა. “ჩვენ სასამართლომ დაგვავალა, არა ქალბატონ მაიას სამსახურში აღდგენა, არამედ დაევალა მუდმივმოქმედ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, ატესტაციის ნაწილში, ხელახალი  შეფასება. დღეს, მოქმედი კანონმდებლობით,  არ არსებობს, არც მუდმივმოქმედი  საკონკურსო- საატესტაციო  კომისია  და არც ატესტაცია. თუმცა ბათილად იქნა ცნობილი მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება. ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა მის სასარგებლოდ და მაია ღურწკაია ჩარიცხულია მერიის საჯარო მოხელეთა რეზერვში.” რაც შეეხება გამგეობიდან გათავისუფლებულ სხვა რვა პირს, ირაკლი ამანათიძის თქმით, უახლოეს დღეებში, ადმინისტრაციული წარმოების სხდომა იმართება და იქ გადაწყდება მათი საკითხი.

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!