„სახე ექმნენ მორწმუნეთა…“


“სახე ექმნენ მორწმუნეთა მათ სიტყვითა, სლვითა, სიყვარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა.” _ I ტიმოთელთა, თავი IV, 12. _ ამ სიტყვების ერთ-ერთი ადრესატი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში მამა ფრიდონია (ასათიანი), რომელიც საქართველოს პატრიარქმა მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
-მამაო, ზუგდიდელების სახელით გილოცავთ მეორე ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოებას.
-გმადლობთ. ეს ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. მიტროპოლიტი გერასიმეს კურთხევით ვიმყოფებოდი თბილისში, ავადმყოფი მამის მოსანახულებლად. ასევე მისი კურთხევით, მომიწია სამების საკათედრო ტაძარში მის უწმიდესობასთან თანამწირველად ყოფნა. სწორედა იქ, დამაჯილდოვა პატრიარქმა მეორე ჯვრის ტარების უფლებით. უფალი გვამცნობს ,,რომელსა უნდოდეს შედგომად ჩემდა, აღიღოს ჯვარი თვისი, უარყოს თავი თვისი და შემომიდგეს მე”, ანუ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ჯვარი გახლავთ არა მარტო ტვირთი, არამედ საკუთარი თავის უარყოფაც, ამიტომაც მეორე ჯვრის ტარება ნიშნავს პასუხისმგებლობის ორმაგად გაზრდას. პატრიარქმა ჯვარი რომ გადმომცა ასე თქვა: “მამა ფრიდონი აფხაზეთიდანაა და აფხაზეთში დაბრუნებას ელოდება. სწორედ ეს ჯვარი გაუძღვება მას აფხაზეთშიო”. ღმერთმა ქნას, ახდეს პატრიარქის მინიშნება.
-მამაო, აფხაზეთში თქვენ თქვენი პირველი ტაძარი – ილორი გელოდებათ.
-მღვდლად 1987 წელს მაკურთხეს, 26 წლის ასაკში. ცხუმ-აფხაზეთის იმდროინდელი მიტროპოლიტის დავით ჭკადუას ხელდასხმით ილორის ეკლესიის მღვდელმსახური გავხდი. ჩვენ, მე და მამა ზურაბი (აბულაძე) ვიყავით ილორის ბოლო მოძღვრები.
-პატრიარქმა, ილორში, ადრე, თქვენ მოოქროვილი ჯვრითაც დაგაჯილდოვათ…
-დიახ, ილორის ეკლესიაში, გიორგობის დღესასწაულზე, აფხაზეთში ჩამოსულმა პატრიარქმა მოოქროვილი ჯვრით დამაჯილდოვა. ილია მეორე, მამაჩემის, არქიმანდრიტ იოაკიმეს წყალობით მაშინ გავიცანი, როცა აფხაზეთში მიტროპოლიტი იყო. პირველად რომ მის სააღდგომო წირვას დავესწარი, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სხვათაშორის, წლების მანძილზე, ვიყავი პატრიარქის სტიქაროსანი (მაშინ სტიქაროსნები იშვიათობა იყო). ჩემთვის დაუვიწყარია პატრიარქის ინტრონიზაციის დღე და წუთები. მე მაშინ მერგო პატივი დამერეკა სვეტიცხოვლის ზარები”…

ტექსტი დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ჟურნალ “ზუგდიდელების” სააღდგომო ნომერში


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!