- ქვეყნის მასშტაბით აქტიურ ფაზაში შევიდა უნივერსიტეტების შერჩევის პროცესი, რომელშიც კრიტერიუმების შინაარსი განსხვავებული და მრავალფეროვანია. გარდა იმისა, რომ უმაღლესი განათლების მიღების მსურველებს აინტერესებთ, თუ რამდენად მაღალი ხარისხის ცოდნას მიიღებენ ამა თუ იმ სასწავლებელში, როგორც წესი ერთ-ერთი მთავარი ინტერესი გაცვლითი პროგრამებია.
საქართველოს უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა სტუდენტებს 100-მდე უნივერსიტეტში, ისეთ ქვეყნებში შეუძლიათ როგორებიცაა გერმანია, იტალია, ნორვეგია, ავსტრია, ჩეხეთი, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი და სხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებს, მსოფლიოს მასშტაბით აქვთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
გაცვლითი პროგრამებისა და მიღებული საკუთარი გამოცდილების შესახებ, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ანა ცოცხალაშვილი და ლიკა ვეკუა მოგვიყვებიან,რომლებიც ახლახანს დაბრუნდნენ ბელგიიდან.

ანა ცოცხალაშვილი: „უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ვფიქრობდი, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება რთულ და დამღლელ პროცედურებთან იქნებოდა დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი ინფორმირებული რა კრიტერიუმებით შეიძლებოდა შერჩეულიყვნენ პროგრამაში მონაწილე სტუდენტები, ჩემთვის მაინც სასიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც შერჩეულ სტუდენტებს შორის აღმოვჩნდი და გავემგზავრე ბელგიაში. ანტვერპენის უნივერსიტეტში, როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების სტუდენტმა, მონაწილეობა მივიღე ბელგიური ლუდის Cornet-ის ბრენდის კამპანიაში – Too Good To Go, რაც კომპანიისთვის სხვადასხვა თემატური ვიდეოების გადაღებას და ინტერვიუების ჩაწერას გულისხმობდა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სწავლის პროცესში მსგავს პრაქტიკულ გამოცდილებას მულტიკულტურულ გარემოში იღებ, რადგან ყველაფერთან ერთად აუმჯობესებ ინგლისური ენის ცოდნის დონეს და ეს საბოლოო ჯამში ძალიან გმატებს თავდაჯერებულობას. ანტვერპენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას უნივერსიტეტის შიდა ღონისძიებებში, რაც სტუდენტებს შორის კომუნიკაციის დამყარების საუკეთესო საშუალებაა და უალტერნატივო გზა, რომ მეგობრების გაჩენასთან ერთად დაამყარო კონტაქტები, რომელიც სამომავ-ლოდ კარიერული ზრდის გარანტიაა.“

ლიკა ვეკუა: „გაცვლითი პროექტის შესახებ ინფორმაცია მესამე კურსზე მივიღე. საქართველოს უნივერსიტეტი ხშირად გვთავაზობს როგორც Erasmus+, ისე ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამებს. ყოველთვის მინდოდა ბაკალავრიატზე სწავლისას წავსულიყავი და გამომეცადა სრულიად უცხო გარემოში საკუთარი უნარები. შერჩევის პროცესში აკადემიური მოსწრება, სამოტივაციო წერილი, CV და ინგლისური ენის ცოდნა მნიშვნელოვანია. თუმცა, ყველაზე გადამწყვეტი მაინც მონდომება და მსგავსი ცვლილებებისთვის მზადყოფნაა საჭირო. ამ ყველაფრის შედეგად გავემგზავრე ბელგიაში AP Hogeschool – AP University of Applied Sciences and Arts უნივერსიტეტში. სადაც ჩემი პროგრამის – ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხით გავაგრძელე სწავლა. სასწავლო პროცესი სრულად დატვირთული იყო პრაქტიკული დავალებებით და სამუშაოებით. ხშირად ლექტორები ისეთ დავალებებს გვაძლევდნენ, რომ ვერც კი წარმომედგინა როგორ უნდა მომეძიებინა მასალა, მაგრამ იქ გადალახულმა გამოწვევებმა დამარწმუნა, რომ მთავარი მონდომებაა და შეუძლებელი ნამდვილად არაფერია. არაფერი შეედრება იმ კმაყოფილების და სიამაყის გრძნობას, როდესაც სამუშაოს წარმატებით შეასრულებ.
სწავლის პროცესში მიწევდა ინტერვიუების ჩატარება ევროპარლამენტარებთან, ადგილობრივი მედია ორგანიზაციების მუშაობის პროცესის ახლოდან გაცნობა და საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად სამუშაო პროცესში ინტეგრირება. პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა დამატებითი უნარების განვითარებაში გვეხმარება, რასაც რეალურ გარემოში გამოცდილებებით აგროვებ. თუნდაც ის, რომ სწავლობ ფინანსურ ბიუჯეტირებას და საკუთარი ფინანსების მართვას, იღებ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, რომელიც განვითარებაში უნდა დაგეხმაროს, დროის მენეჯმენტი – სწორად გადანაწილებული სამუშაო რესურსი და ა.შ. – მთლიანობაში ეს ყველაფერი ნამდვილად გზრდის და გიმარტივებს კარიერულ გზას, ამის გათვალისწინებით, მინდა ყველას ვურჩიო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება, არ გაუშვან შანსი ხელიდან და მაქსიმალურად ეცადნონ, რომ სტუდენტობის პერიოდი მსგავსი აქტივობებით დატვირთონ.“
სტუდენტები გაცვლითი პროგრამებით სწავლობენ არა მხოლოდ კონკრეტულ პროფესიას, არამედ ეჩვევიან დამოუკიდებლად ცხოვრებას, იძენენ მეგობრებს სხვადასხვა ქვეყნიდან, უმარტივდებათ უცხო გარემოში ადაპტაცია და ეს ყველაფერი ეხმარებათ, რომ კარიერული გზა წარმატების გაიარონ.
გაცვლითი პროგრამებით დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ ესტუმროთ აღნიშნულ ბმულს.
(R)