- საქართველოს საელჩო უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, რომ მაქსიმალურად დაემორჩილონ უკრაინის ხელისუფლების რეკომენდაციებს.
“უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! კიდევ ერთხელ, მოგმართავთ თხოვნით, რომ მაქსიმალურად დავემორჩილოთ უკრაინის ხელისუფლების რეკომენდაციებს, მათ შორის იყოთ სახლში, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ქუჩაში გადაადგილებისგან და განგაშის გამოცხადების შემთხვევაში, სასწრაფოდ გაემართოთ უახლოესი თავშესაფრისკენ, მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი.
გაითვალისწინეთ კომენდანტის საათის რეგულაციები თქვენი ადგილსამყოფელი ქალაქის/ოლქის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად და მუდმივად იქონიოთ თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ქალაქებს შორის გადაადგილებისას, გთხოვთ გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა მოგიწიოთ შემოვლითი გზებით სარგებლობა, ასევე იქონიეთ მხედველობაში, რომ მოძრაობა გზებზე არის გადატვირთული, რაც საგრძნობლად ზრდის მგზავრობის სავარაუდო დროს
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ უკიდურესად არის გადატვირთული სასაზღვრო-გამშვები პუნქტები და საზღვრის კვეთისთვის შესაძლოა დაგჭირდეთ რამდენიმე ათეული საათი.
გთხოვთ, ყურადღებით მიადევნეთ თვალი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საელჩოების და საკონსულო დაწესებულებების და უკრაინის ხელისუფლების ორგანოების ოფიციალურ ვებ-გვერდებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საელჩოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს: +380 (63) 376 77 68, +380 (63) 376 73 64, +380 (93) 544 01 17, +380 (93) 761 17 17“, – ნათქვამია განცხადებაში.