- სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობის დადგენილი ნორმის დარღვევაზე საჯარიმო სანქციის შემოღება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა.
კანონპროექტის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება პირველი დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ, ეს გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, პირველი სახდელის დადებიდან 60 დღის შემდეგ კი, ეს ქმედება გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას – 600 ლარის ოდენობით.
ცვლილებების გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ იმ სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვება, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას – გამოიწვევს ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 1500 ლარის ოდენობით.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ ეთანხმება გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის გაზომვის შედეგებს და ითხოვს ალტერნატიული გაზომვის ჩატარებას, იგი უფლებამოსილია იქნება, სატრანსპორტო საშუალება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის თანდასწრებით, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს ინსპექტირების ცენტრში, სადაც სატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პროექტით განმარტებულია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შედეგის (გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა რაოდენობის) მიხედვით.
კანონპროექტით კონკრეტდება, რომ პირი, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელი შეეფარდება, ვალდებული იქნება, სახდელის შეფარდებიდან 30 დღეში უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის, დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაში მოყვანა, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამოვლენის შემთხვევაში, მძღოლი კვლავ დაჯარიმდება.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა კონტროლს განახორციელებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. პირველი ეტაპისთვის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, დაგეგმილია 10 ეკიპაჟის შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნება სათანადო გამზომი აპარატურით და შესაბამისი მოწყობილობებით, გზებზე გამონაბოლქვის კონტროლის განსახორციელებლად.
„პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით შერჩეული იქნება რამდენიმე დასახლება – თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ა.შ. სადაც სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის მეტი საჭიროება არსებობს და ათი ეკიპაჟი განაწილდება ამ დასახლებებში“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.