ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული სოფლის რწმუნებულების სარჩელი. მოსამართლე ლაურა მიქავამ ბათილად ცნო გამგებლის წარმომადგენლების სამსახურიდან დათხოვნის გადაწყვეტილება.
განაჩენის თანახმად, გამგებლის ყველა წარმომადგენელს ხელახლა უნდა ჩაუტარდეს გასაუბრება, რაც არ ეხება გამგეობის შემოსავლების განყოფილების ყოფილ უფროსს კახა კვარაცხელიას, რადგან მისი პოზიცია გამგეობაში გაუქმებულია. მოსამართლე ლაურა მიქავამ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც განაცდურის ანაზღაურებას ეხებოდა.
სხდომის დასრულების შემდეგ, მოსარჩელე მხარის იურისტმა ჯემალ ჭკადუამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ სასამართლოს დღევანდელი მიღებული გადაწყვეტილება „დისკრიმინაციულია“. მისი თქმით, მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ZXoDyJ4-RlI[/embedyt]
ზუგდიდის გამგეობის შემოსავლების განყოფილების ყოფილმა უფროსმა კახა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სასამართლოს მიმართ თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი. „სასამართლო არის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი დღეს, ხელისუფლების ხელში“. კვარცხელიას განმარტებით, გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=FLnKEmTbQ70[/embedyt]
დავითიანის ადმინისტრაციული ერთეულის ყოფილი წარმომადგენელი ალიოშა ალანია სასამართლოს უნდობლობას უცხადებს. მისი თქმით, სასამართლო დამოუკიდებელი არ არის. „ეს იყო ჩვენი პოლიტიკური შურისძიება და პოლიტიკური ნიშნით გაგვანთავისუფლეს. სასამართლომ დღეს უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა, მან ისევ დაგვაბრუნა იმ ხალხთან, რომლებმაც ჩვენ “ჩაგვჭრეს“ და ახლა უნდა ჩავაბაროთ გამოცდები ეს აბსურდულია“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=jB-EK-i2M9k[/embedyt]
მოპასუხე მხარემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.