- საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოტანილი დადგენილებები, კანონით განსაზღვრულ ვადაში, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.police.ge – ზე გამოქვეყნდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოტანილი დადგენილება ან გადაწყვეტილება, მოქალაქეს რეგისტრირებულ ან განცხადებაში მითითებულ მისამართზე გაეგზავნება. იმ შემთხვევაში თუ პირს, დადგენილება ან გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდება, ბრუნდება ფოსტაში და არაუგვიანეს 60 დღისა, განმეორებით იმავე მისამართზე გაეგზავნება. განმეორებით გაგზავნილი დოკუმენტების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით.
ინფორმაცია დადგენილება/გადაწყვეტილების შესახებ, გამოქვეყნებისთანავე პირს მის მიერ განცხადებაში მითითებულ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაეგზავნება.
გადაწყვეტილება პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.