ბევრი ზუგდიდელი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ისინი თავიანთი ოდაბადეს მუდმივ მონატრებაში არიან,-შორიდან მიადევნებენ თვალ-ყურს სამშობლოს სუნთქვას, მის წარმატებას და წარუმატებლობას. ჩვენი სტუმარი, ბატონი გიორგი კაკულია , რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში მოღვაწეობს. მისი საუბარი ოჯახზე, მეგობრებზე, კარიერაზე, მონატრებულ სამშობლოზე გულშიჩამწვდომია.
– ბატონო გიორგი, გაეცანით ზუგდიდელებს.
– უპირველეს ყოვლისა, მინდა, მოგესალმოთ, მივესალმო მონატრებულ სამშობლოს, საყვარელ ხალხს, ზუგდიდელებს, აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჟურნალ „ზუგდიდელების“ სარედაქციო კოლექტივს, პირადად თქვენ, ქალბატონო როზა, რომ საშუალება მომეცით თქვენი ჟურნალის მეშვეობით მივმართო ჩემს ზუგდიდელებს.
მე, 1974 წელს დავამთავრე ინგირის მეორე საშუალო სკოლა, 1980 წელს, კი, მიჩურინსკის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. გარკვეული წლები ვმუშაობდი ინგირსა და ახალსოფელში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1987 წელს ამირჩიეს ინგირის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ და შემდგომ საკრებულოს გამგებლად.
– ბატონო გიორგი, თქვენ იყავით წარმატებული ადამიანი, ზუგდიდელები გიცნობდნენ, გაფასებდნენ. რა იყო თქვენი წარმატების ფორმულა?
– და მქონდა კიდეც მათი მხარდაჭერა. ეს რომ არა, ჩემს წინაშე დასახული ამოცანების ცხოვრებაში განხორციელება გამიჭირდებოდა. მათ მე მომცეს ჩემი პოტენციალის რეალიზაციის საშუალება, მე ასე ვიტყოდი, ჩემი წარმატების ფორმულას სხვა ფაქტორებთან ერთად, საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება, ცოდნა, შრომისმოყვარეობა და ხალხის სიყვარული ქმნიდა.
– ამჟამად ცხოვრობთ და მოღვაწეობთ მოსკოვში.
– დიახ, ოჯახთან ერთად, 1993 წლიდან ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ მოსკოვში. ყველაზე მძიმე პერიოდი (1988-1993 წწ) ვიყავი ჩემს ხალხთან ერთად, ვიდექი იქ, სადაც ჩემი ხალხი იდგა, მე მათთვის ზურგი არასდროს შემიქცევია, გაუსაძლისი პირობები იყო, სახელმწიფო ინსტიტუტები ფაქტიურად მოშლილი იყო. უსინათლობა, შიში, შიმშილი, ხალხი, ერთ სულ მოსახლეზე განაწილებული 100 გრამი პურის ფქვილის იმედად იყო. ამ პერიოდს დაემთხვა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. 1993 წელს, ექიმების რჩევით, მომიწია რუსეთში ქ. მოსკოვში სამკურნალოდ გამგზავრება. დღემდე ოჯახთან ერთად აქ ვცხოვრობ და ვმუშაობ. 2001 წელს დავინიშნე მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად, სადაც ვიმუშავე 15 წელი. ამჟამად, ვმუშაობ რეგიონალურ ორგანიზაციაში გამგეობის თავმჯდომარედ.
– თქვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთი?
– ასეთი ბევრი იყო, სიხარულით სავსე წუთები, მაგრამ ყველაზე ბედნიერი წუთი ჩემს ცხოვრებაში იყო მაშინ, როცა ორი ქალიშვილის მამას, 1981 წელს, ვაჟიშვილი ირაკლი შემეძინა.
– შრომითი ბიოგრაფიიდან რომელ ეპიზოდს გამოყოფდით?
– შრომითი ბიოგრაფიდან გამოვყოფდი ახალსოფელში მუშაობის პერიოდს, რადგან სრულიად ახალგაზრდა, პირველად აღმოვჩნდი ხელმძღვანელის ამპლუაში. ჩემი პირველი ნაბიჯი სწორედ ახალსოფლიდან დაიწყო. მე ვგრძნობდი ხალხის სითბოსა და სიყვარულს, რაც ჩემთვის დაუვიწყარია. სწორედ პირველმა წარმატებულმა ნაბიჯმა მომცა სტიმული მომავალი წარმატებისათვის ბრძოლის საქმეში. მადლობა მათ ამისთვის. ახალსოფლის მოსახლეობას პატივს ვცემ და ვაფასებ ისე, როგორც ჩემს მშობლიურ ინგირელებს.
– გენატრებათ, ალბათ, თქვენი სოფელი, ქალაქი, სიყრმის მეგობრები…
– რა თქმა უნდა, მენატრება ჩემი მეგობრები, ახლობლები. ირაკლის, ჩემი ვაჟიშვილის, დიდი სურვილი იყო რომ მისი ქორწილი გადაგვეხადა ინგირში, სადაც თავს მოიყრიდნენ დიდი ხნის უნახავი ადამიანები, ნათესავები, მეგობრები და ასეც მოხდა 2014 წელს. ვერ ავღწერ იმ ბედნიერებას, რაც ვიგრძენი იმ დღეს. ყოველთვის მახსენდება ჩემი ახლობლების სიყვარულით და მონატრებით სავსე მზერა, რა დამავიწყებს იმ სითბოს, რაც თითოეულმა სტუმარმა და ახლობელმა გამოხატა ჩემს მიმართ. როცა ჩავდივარ საქართველოში მინდა ყველას შევხვდე, მაგრამ დროის დეფიციტის გამო ყველასთან შეხვედრას ვერ ვახერხებ.
– რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანი?
– ჩემი მთავარი მიზანია, ჩემი შვილები ჩამოყალიბდნენ ნამდვილ ქართველებად. მათ ხშირად ვახსენებ, რომ `ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან, ჩვენი ფესვები კი საქართველოა~.
– დაბრუნდებით საქართველოში?
– მოვა დრო და დავბრუნდებით.
– რა არის თქვენი ოცნება?
– ჩემი სურვილია, უახლეს დროში, ჩვენ დაგვიბრუნდეს ჩვენი აფხაზეთი, ჩვენი სამაჩაბლო. გაერთიანდეს საქართველო, ყველა ემიგრანტი დაუბრუნდეს მის მშობლიურ მიწას, რომ თითოეული მათგანი ჩადგეს ერის სამსახურში.
თუ პირადი ამბიციებით არ ვიმოქმედებთ და ვიმოქმედებთ საქართველოს სიყვარულით და ვისწავლით ერთმანეთის მიმართ პატივისცემას, მიუხედავად სტატუსისა, პარტიულობისა, მჯერა ჩვენი ოცნება რეალობად იქცევა.
– როგორია ბაბუას თავისუფალი დრო?
– ამ ბოლო პერიოდში თავისუფალი დრო ყოველთვის მრჩება. ადრე, დროის დეფიციტი მქონდა. ახლა, კი, ვცდილობ, უფრო მეტი დრო დავუთმო შვილიშვილებს. მათთან ერთად ვეზიარები თეატრალურ ხელოვნებას, ვარ ჭადრაკის მოყვარული. თვალს ვადევნებ ქართული არხების მეშვეობით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
– თამადობა ხშირად გიწევთ, თურმე, ამბობენ კარგი თამადა არისო.
– კი, მიწევს თამადობა როგორც ნებისმიერ ქართველ კაცს. ჩემზე თუ ამბობენ – კარგი თამადააო, ამის მოსმენა ჩემთვის სასიამოვნოა… თამადობა მარტო ღვინის დალევა არ არის, თამადობა უდიდესი პასუხისგებლობაა, ქართული სუფრა, ქართული სიბრძნეა, თამადის როლი არც თუ ისე ადვილი შესასრულებელია.
– თქვენი საყვარელი სადღეგრძელო?
– ქართულ სუფრაზე ყველა სადღეგრძელოს თავისი დატვირთვა აქვს. ყველა სადღეგრძელო გულიდან ამოძახილია. გამოვყოფდი დედის სადღეგრძელოს. დედის სადღეგრძელო გულის შვებაა, ქართული სუფრა გვაძლევს საშუალებას ხმამაღლა, ფეხზე ადგომით, მოვეფეროთ მშობელ დედას. „დედა, დედიკო, დე დეე!“ – ეს ის სიტყვებია, რომელსაც ასაკი არ გააჩნია. ჩვენ კიდევ ბოლომდე ვერ აგვიხსნია დედის ფენომენი, ამიტომაც დააფასეთ, მოეფერეთ დედებს, სანამ ცოცხალი გყავთ. „მაგრამ თუ უკვე ცოცხალი არ გყავთ, იქ რომ დაადგეს სხივი ნათელი, ნუ დაიზარებთ მშობელ დედისთვის დაანთეთ თუნდაც ერთი სანთელი“.
– თემა, რომელზეც საუბარი გიყვართ?
– ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, სამშობლოზე, ქართულ ტრადიციებზე, საქართველოს წარსულსა და მომავალზე მიყვარს საუბარი.
– თქვენს შესანიშნავ ოჯახზე რას გვეტყვით?
– ჩემი მეუღლე, ნათელა ახვლედიანი, ადრე, მუშაობდა ინგირის საბავშვო ბაღში აღმზრდელ მასწავლებლად. ამჟამად, დაკავებულია შვილიშვილების აღზრდით. მყავს ორი ქალიშვილი: ია და ლია და ერთი ვაჟიშვილი ირაკლი. ია პროფესიით ექიმია, – თერაპევტი, სიძე – უჩა ბუაძე, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგია. მუშაობენ ქალაქის #50-ე კლინიკურ საავადმყოფოში. ყავთ ორი ქალიშვილი – მარიამი და ანა. უმცროსი ქალიშვილი ლია _ მეანგინეკოლოგია, რომელიც ასევე მუშაობს ქალაქ მოსკოვში, მეუღლე როინ შავაძე, პროფესიით იურისტია, ყავთ ერთი ვაჟიშვილი – ილია.
ჩემი ვაჟიშვილი ირაკლი მუშაობს რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ სამინისტროში, განყოფილების გამგედ. ყავს მეუღლე თეონა ბახია, პროფესიით იურისტი, ყავთ პატარა ქალიშვილი, სოფიკო კაკულია.
– რას უსურვებთ სამშობლოს?
– საქართველოს ვუსურვებდი გამთლიანებას, ერთსულოვნებას, ლამაზ და ბედნიერ მომავალს, უფალი ფარავდეს ჩვენს ერსა და სრულიად საქართველოს.
როზა როგავა