დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ოთხდღიანი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც მსოფლიოს 13 ქვეყნიდან ჩამოსული ფოლკლორისტთა სამეცნიერო საზოგადოების 32 წევრი ესწრება. კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს. მისი ზუგდიდში ჩატარება ვილნიუსში გამართულ, ამავე საზოგადოების მე-16 კონგრესზე გადაწყდა. კონფერენციის გახსნას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია დაესწრნენ.
კონფერენციის მონაწილეების განცხადებით მნიშვნელოვანია ზუგდიდში საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარება და პოპულარიზაცია, რათა რეგიონის ახალგაზრდებმა ადგილზე შეძლონ ევროპული ხარისხის თანამედროვე განათლების მიღება, ხოლო მსგავსი სამეცნიერო კონფერენციები ხელს უწყობს ჩვენი უნივერსიტეტის ინტეგრაციას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საგანმანათლებლო სივრცეში.