- დღეს, ჩვენი ჟურნალისტები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველთა უფასო სასადილოს ესტუმრნენ. იქ ნანახი სიტუაციისა და ქვეყანაში განვითარებული ვირუსსაგანგაშო მდგომარეობის გამო, გამოვთქვით აზრი, იქნებ შესაძლებელი გამხდარიყო სასადილოს ბენეფიციარებისთვის მათი კუთვნილი ულუფა, ვირუსის პრევენციიდან გამომდინარე, სახლში მიერთმიათ.
სასიამოვნოა, რომ დღის ბოლოს, იგივე წინადადება გააჟღერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა სალომე ფაცაციამ. ის თავის ფეისგვერდზე წერს:
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად #covid19 ვირუსი, ყველაზე რთულად მიმდინარეობს ხანდაზმულ პაციენტებში, არსებული ფაქტიდან გამომდინარე, გამოვდივარ შემდეგი ინიციატივით, რომ მოხალისეების და მსურველების დახმარებით უფასო სასადილოს ბენეფიციარებს მივაწოდოთ კვების პროდუქტები “დღიური ულუფა” საცხოვრებელ მისამართზე რათა მაქსიმალურად მოხდეს რისკების შემცირება. მოხალისეებს გთხოვთ კომენტარში დაწეროთ+ #ჩვენცდავბერდებით
#გავუფრთხილდეთერთმანეთს”.
“ზუგდიდელები” დაუკავშირდა სალომე ფაცაციას მის ფეისწინადადებასთან დაკავშირებით. დეპუტატი ამბობს, რომ ხვალიდან, გამოითხოვს სასადილოს იმ ბენეფიციართა სიას, ვინც 50 წელს ზევითაა, შექმნის მოხალისეთა ჯგუფებს, გადაინაწილებენ უფასო სასადილოს ბენეფიციართა მისამართებს ქალაქსა და სოფლებში და ოჯახებში მიუტანენ თავიანთ კუთვნილ ულუფას.
სასიამოვნო პრეცედენტი იქნება, რომ ზუგდიდელები თავიანთ ასაკოვან თანამოქალაქეებს, რისკის დღეებში, სახლში მიართმევენ სასადილოდან თავიანთ წილ ულუფას, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სინამდვილეში, უფრო მეტი ასაკოვანი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეა, ვიდრე უფასო სასადილოს 280 ბენეფიციარი. ალბათ უნდა შეიქმნას მოხალისეთა სოციალური ჯგუფები, რომლებიც ზუგდიდელებისგან შეაგროვებენ პროდუქტებს და ამ რთულ, ვირუსსაშიშ ეტაპზე, სახლში მიუტანენ სოციალურად დაუცველ იმ ადამიანებს, ვინც სასადილოს ბენეფიციარები არ არიან, მაგრამ დახმარება სჭირდებათ.