- 24 წლის სალომე კვატიძე ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში მუშაობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ საყვარელი პროფესიის გარეშე, ბედნიერი ვერ ვიქნებოდიო.
სალომე კვატიძე: -“ფოთში დავიბადე, ზღვის ქალაქში. წელიწად-ნახევრის წინ დავოჯახდი და ზუგდიდში გადმოვედი საცხოვრებლად. წინა წლის სექტემბერში მეორე საჯარო სკოლაში დავიწყე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობა.
მე და ჩემს მოსწავლეებს ძალიან თბილი, მეგობრული და ახლო ურთიერთობა გვაქვს. მათ აზრს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ეს მოსწონთ. ორივე მხარე ვენდობით ერთმანეთს, რაც გვეხმარება საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში, რადგან ყველაფერი ძალიან გულწრფელია. ვფიქრობ, ნდობა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის უპირველესია”.
-და მაინც რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?
-ბავშვობიდან მომწონდა ეს პროფესია, დაწყებით კლასში ვიყავი, როცა პირველად, ჩემს წარმოსახვაში, წიგნებით ხელში ვიდექი ბავშვების წინ და სწავლის პროცესს ვხელმძღვანელობდი. ჩემი სურვილი, სკოლაში, ქართულის გაკვეთილზე, მასწავლებლის მიერ წარმოთქმულმა ერთმა წინადადებამ გაამძაფრა და მიზნად აქცია. შემთხვევა ნეგატიურ ემოციად “ჩამელექა” და დღემდე ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებთან, იგივე შეცდომა არ გავიმეორო და მათ ნეგატიურად კი არა, პოზიტიურად მოვანდომო ამ პროფესიაში მოსვლა.
-გახსოვთ პირველი გაკვეთილი?
-დიახ, ძალიან ვღელავდი, არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი, თავდაჯერება არ დამეკარგა და არაფერი შემემჩნია. როგორც კი, დავიწყე საგაკვეთილო პროცესი, ნერვიულობა მაშინვე გაქრა. ბევრიც ვისაუბრეთ და საინტერესო საკითხები გამოვკვეთეთ. მეგობრული გარემო შეიქმნა, მოსწავლეებმა, რატომღაც, მალევე მიმიღეს და პირველივე წუთიდანვე დავმეგობრდით. სირთულეები ნამდვილად ახლავს პედაგოგობას. თითოეულ წარმოთქმულ სიტყვას უნდა დაუკვირდე, შემთხვევით არაფერი თქვა ისეთი, რამაც შესაძლოა მოსწავლეს ავნოს, ფიქრები შეუცვალოს და ნეგატივით აავსოს. რთულია გადაწყვეტილებების მიღება, უნდა აწონ-დაწონო, რომ მიხვდე, რა არის სწორი და რა არასწორი.
-სალომე, როგორი უნდა იყოს “კარგი მასწავლებელი”?
-პირველ რიგში, მეგობრული, სანდო, ერთგული და მებრძოლი. არ უნდა დანებდეს წარმოქმნილ სირთულეს და არც მოსწავლეს მისცეს დანებების საშუალება. მუდამ გვერდით ედგეს ბავშვს და დაიცვას.
-რამდენად მკაცრი ხართ მოსწავლეებთან?
-როცა საჭიროა, მკაცრიც ვარ, რა თქმა უნდა. იშვიათად მჭირდება ხოლმე, მაგრამ ამას გვერდს ვერცერთი მასწავლებელი ვერ აუვლის, ალბათ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად თუ ხდება.
-ასეთ ახალგაზრდულ ასაკში წამყვანი მასწავლებელი გახდით..
-დიახ, წამყვანი მასწავლებლის პროფესიული გამოცდა ჩავაბარე და ახლა პრაქტიკულ ნაწილზე ვმუშაობ, რომ სტატუსი შეიცვალოს.
-განათლების რეფორმებზეც გკითხავთ, განხორციელებული საქმიანობებიდან, რომელი პროექტი მიგაჩნიათ პერსპექტიულად?
-“ახალი სკოლის“ მოდელი ძალიან საინტერესოა ჩემთვის. მომწონს კომპლექსური დავალებები. თუ სწორად განახორციელებ, მოსწავლეებს მრავალმხრივ ცოდნას შესძენ, რომელსაც ცხოვრებას უკავშირებენ. თემის ირგვლივ მუშაობ გარკვეული დრო და შედეგზეც გადიხარ.
-ზოგადად, როგორი თაობა მოდის.
-ჭკვიანი და თავისუფალი ახალგაზრდები არიან. ძალიან ბევრს ვსწავლობ მათგან.
-რა რჩევას მისცემდით მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ მასწავლებელი გახდნენ.
-თუ ეს მათი მოწოდებაა, ყველა ზღვა, მთა უნდა გადალახონ. ყოველი ნაბიჯი გამოცდილებად აქციონ, სიყვარული შეძლონ და ყველაფერი კარგად იქნება. უამრავ დაბრკოლებას შეხვდებიან ამ გზაზე, მაგრამ ეს ყველაფერი ამად ღირს.
-როგორც ვიცი, პოსტმოდერნისტულ ჩანახატებს წერთ…
-დიახ. 8 წლის ვიყავი პირველად ლექსი, რომ დავწერე. წერის პროცესი ძალიან მომეწონა და მას შემდეგ, წერა არ შემიწყვეტია, მაგრამ სტილი შევცვალე. როგორც თავიდან აღვნიშნე, პოსტმოდერნისტულ ჩანახატებს ვწერ, ემოციებისა და გრძნობების გამოხატულებებს.
როცა მოსწავლეებს ჩანახატებს ვაწერინებ, მეც მათთან ერთად ვწერ, რომ როგორღაც სულს საზრდო მივცე. ამასწინათ, არტ-გალერეაში ვიყავით, ერთად ვწერდით, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესი იყო. განსაკუთრებით ჩვენი ნამუშევრების ერთმანეთისთვის გაზიარება. აღფრთოვანებას ვერცერთი ვმალავდით, მოგვწონდა ერთმანეთის ნაწერები, დავიცალეთ უარყოფითი ენერგიისგან და დადებითი ემოცია შევიძინეთ.
-წარმატებული ხართ… რას ნიშნავს თქვენთვის წარმატებული ქალი?
-არ ვიცი, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ჩემი მიზანი არ არის წარმატებული ვიყო. არც ასე ვყოფ ადამიანებს-წარმატებულებს და წარუმატებლებს. უბრალოდ, თუ ბედნიერი ხარ იმით, რასაც აკეთებ, ალბათ, ეგაა შენი წარმატება. იპოვო ის, რაც გსიამოვნებს და გაიხადო პროფესიად.
-როგორია თქვენი თავისუფალი დრო.
-განსაკუთრებული არაფერი, იშვიათად მაქვს თავისუფალი დრო, მაგრამ თუ მაქვს, ჩემს ოჯახის წევრებთან ვატარებ, ან უბრალოდ ვისვენებ და ველოსიპედით ვსეირნობ, მაგრამ ბოლო დროს ეს იშვიათობაა.
-ოჯახზეც მომიყევი..
-ძალიან კარგი, თბილი და მოსიყვარულე ოჯახი მყავს. მუდამ ერთმანეთზე ვზრუნავთ და წინსვლაში ვეხმარებით. ჩემი მეუღლე განსაკუთრებული ადამიანია, ყოველთვის მხარს მიჭერს და ჩემს გადაწყვეტილებებს პატივს სცემს. იდეალური დედ-მამა მყავს, რომლებმაც თავიანთ კალთაში გაგვზარდა მე და ჩემი უფროსი ძმა და სულ რაღაც, 6 წლის წინ მესამე შვილზეც აიღეს პასუხისმგებლობა, ახლა 6 წლის საოცრად საყვარელი ძმაც მყავს.
-როგორ შეეჩვიეთ ჩვენს ქალაქს.
–მომწონს ეს ქალაქი. უკვე შემიყვარდა კიდეც. მალევე შევეჩვიე და ჩემი სახლი გახდა. ახლა ვერ წარმომიდგენია სხვაგან ცხოვრება. პატარა და მშვიდი ქალაქია, დიდი და ქაოსური ადგილები არ მიყვარს, ჩემთვის საოცარი იდილიაა.
-როგორია სამომავლო გეგმები?
-ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი, პროფესიულად უნდა განვვითარდე, ვცდილობ, ახალ-ახალი ინფორმაციები მივიღო და ცოდნა დავაგროვო. რაც უფრო მეტად ვაკვირდები პროცესს, მით უფრო ვხვდები, რომ მასწავლებელმა ძალიან ბევრი უნდა იცოდეს, რომ თავისი საქმე კარგად შეასრულოს.
-წარმატებებს გისურვებთ.
-მადლობა.
მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ