საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვების კამპანიას ზუგდიდში აგრძელებს. პრეზიდენტობის კანდიდატი მეორე საჯარო სკოლასთან მხარდამჭერებს შეხვდა პროგრამა გააცნო და პრეზიდენტის როლზე ესაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ზუგდიდის განწყობები არის თბილი. “მე არაერთხელ ვარ ზუგდიდში ჩამოსული სხვადასხვა დროს, ყოველთვის იყო ზუგდიდის მიღება განსაკუთრებული. არ ვიცი, დედაჩემი მეგრელი არის და იმედი მაქვს, არა მხოლოდ ამიტომ, მაგრამ არის ის ნდობა, რაც არსებობს აქ.”
სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, ის ზუგდიდში სექტემბერში აპირებს ჩამოსვლას და ძალიან ბევრ საკითხზე ისაუბრებს.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის ჩამოსვლა გააპროტესტეს “თანასწორობის მოძრაობის” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ცაბუნია ვართაგავამ და მოქალაქე როსტომ ზარანდიამ. მათ პლაკატები ეჭირათ ხელში: “სალომე, აქ ვერ გათხრი”. “არ შეეგუო ოკუპაციას”, “ბარს არ მოგცემ”. “თანასწორობის მოძრაობის” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანლის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია პრეზიდენტად იყაროს კენჭი. “ეს ადამიანი აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ განცახდებას, როდესაც ამბობს, რომ ომი დაიწყო საქართველომ და არ აღიარებს რუსულ ოკუპაციას”-უთხრა ჟურნალისტებს ცაბუნია ვართაგავამ. აქციის მეორე მონაწილემ მოქალაქე როსტო ზარანდია მოკლე კომენტარით შემოიფარგლა, მან ჟურნალისტებს უჩვენა პლაკატი სადაც ეწერა: “არ შეეგუო ოკუპაციას”.
აქციის მონაწილეებს უპასუხა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერმა პოეტმა ლია ნაროუშვილმა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცხოვრობს რეალურ აწყმოში და ის მომავალს შეუქმნის საქართველოს.