სალომე გუგუშვილი პროექტზე “ღია ბიბლიოთეკა ზუგდიდი”


  • ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ერთი თვის განმავლობაში, პროექტი “ღია ბიბლიოთეკა ზუგდიდი” მიმდინარეობდა. 9 აგვისტოს, პროექტის დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. იდეის ავტორი, სალომე გუგუშვილი ამბობს, რომ პროექტმა გაამართლა და ამავდროულად, ერთობლივ თანამშრომლობასაც ხელი შეუწყო. შეგახსენებთ, რომ პროექტი საქართველოს მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანებამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

სალომე ზუგდიდელია, ეროვნული სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, დაამთავრა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. საჯარო სამსახურში მუშაობისას გადაწყვიტა პრაქტიკული ცოდნისთვის დაემატებინა თეორიული და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საჯარო მმართველობის მაგისტრი. 2011-2014 წლებში მუშაობდა თბილისში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით. იყო საერთაშორისო გაცვლითი პროექტების კოორდინატორი..

სალომე გუგუშვილი: “2014 წელს მომიწია ზუგდიდში დაბრუნება, მოგეხსენათ 2014 წელს შეიქმნა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ქალაქის განვითარებაში. ვთვლიდი, ჩემი გამოცდილება, განათლება, დაეხმარებოდა ქალაქს. წლების განმავლობაში (5 წელი) ვმუშაობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე. ქალაქის მერის ხელმძღვანელობით გუნდთან ერთად, ბევრი მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტი განვახორციელეთ. 2019 წლის მარტში პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით 10 თვით გავემგზავრე შვედეთში პროფესიული უნარ-ჩვევების მისაღებად, სტაჟირება გავირე ქალაქ ლომმას საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში ახალგაზრდული პროექტების მიმართულებით. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ვისწავლე, როგორი უნდა იყოს კარგი მუნიციპალიტეტი და როგორ უნდა მუშაობდეს კარგ მუნიციპალიტეტში გუნდი ახალგაზრდებისათვის. ვთვლი, რომ სწორედ ეს გამოცდილება და ცოდნა გამომადგა “ღია ბიბლიოთეკის” კონცეფციის შექმნაში. ვიმედოვნებ, რომ კიდევ სხვა საინტერესო პროექტებს შევთავაზებ ჩემი გამოცდილებიდან ქალაქს და ახალგაზრდებს. ამ ეტაპზე ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანებაში”. იანვრიდან მოყოლებული 3 მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ახალგაზრდებისთვის და პირველად განვახორციელეთ პროექტი დასავლეთ საქართველოში “ღია ბიბლიოთეკა” – ზუგდიდის სახით.

სალომე, პროექტი “ღია ბიბლიოთეკის” იდეა როდის გაჩნდა?

-პროექტის იდეა გაჩნდა კორონაპანდემიის პერიოდში. კოვიდის დროს, თითქმის ყველა საჯარო ინსტიტუცია იყო დახურული, მათ შორის ბიბლიოთეკები და ადამიანებისთვის წიგნი არ იყო ხელმისაწვდომი. ერთდაერთი, სადაც შეიძლებოდა წიგნი წაგვეკითხა იყო ონლაინ სივრცე. მაშინ მომაფიქრდა, საჯარო დაწესებულება ბიბლიოთეკის სახით გადმოსულიყო ღია საჯარო სივრცეში და “ღია ბიბლიოთეკა” ჰქონოდა ზუგდიდს. იდეა წარვუდგინე მერიას. მათგან მივიღე თანხმობა და დაგვაფინანსეს პროექტი 1996 ლარის ოდენობით. ამ თანხით შევიძინეთ სპეციალური თაროები და სხვა საჭირო ნივთები. მერიის გარდა დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა world vision მა, რომელმაც კონო ჩვენებებისთვის საჩუქრად გადმოგვცა პუფები.

მინდა გითხრათ, რომ პროექტმა გაამართლა. ღია ბიბლიოთეკას ჰქონდა ორ ენოვანი წიგნადი ფონდი. ინგლისურენოვანი ლიტერატურა, რომელიც, სხვათაშორის, ძალიან კითხვადი აღმოჩნდა. 110 აბონიმენტი დავარეგისტრირეთ ერთი თვის განმავლობაში, პატარებისთვის განკუთვნილ კუთხეში 150-მდე ნამუშევარი შეიქმნა. 800-მდე ვიზიტორს ვუმასპინძლეთ საქართველოს სხვადსხვა ქალაქიდან, რითაც შიდა ტურიზმს გავუწიეთ პოპულარიზაცია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შევქმენით სივრცე არა მარტო ახალგაზრდებისთვის, არამედ  პატარა ბავშვებისთვისაც. გვქონდა სპეციალური კუთხე, სადაც ბავშვებს შეეძლოთ დაეხატათ. დათქმა, რომ მათი ნამუშევრები აუცილებლად გამოიფინებოდა პროექტის დახურვის დღეს, დიდი მოტივაციაც გახდა მათთვის.

ჩვენ გვყავდა ძალიან ბევრი არაზუგდიდელი სტუმარი, რომლებსაც სურდათ თავიანთ ქალაქებში დაენერგათ მსგავსი გარემო. გავუწიეთ მათ რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლებოდა განეხორციელებინათ მსგავსი იდეა. ძალიან მიხარია, რომ ჩემთან ერთად, პროექტში ჩართული იყვნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის თანამშრომლები. ერთობლივი ძალებით ჩვენ შევძელით სტუმრებისთვის შეგვექმნა კომფორტული და სასიამოვნო გარემო. პროექტის ფარგლებში, შაბათობით, გვქონდა კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ. მინიმუმ 50 ადამიანი მაინც მოდიოდა ფილმის საყურებლად. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ  ამ პროექტით მოხდა სექტორალური თანამშრომლობა. თითოეულ საჯარო დაწესებულებას გათვიცნობიერებული ჰქონდა, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტს ახორცილებდა.

პროექტში, ახალგაზრდების ჩართულობაზეც მითხარი…

-პროექტის ფარგლებში, ჩვენ გვქონდა სხვადასხვა აქტივობები ახალგაზრდებისთვის. მოვიწვიეთ სახალხო დამცველის წარმომადგენელი სამეგრელო ზემო-სვანეთში, გვყავდა მოწვეული ექსპერტი, რომელმაც  ბავშვთა უფლებებზე ჩაატარა ტრენინგები. ასევე ჩავატარეთ ტრენინგები ისეთ თემაზე, თუ როგორ შეიძლება გავხდეთ წარმატებულები, ვუმასპინძლეთ ბაღის აღსაზრდელების გამოსაშვებ საღამოებსაც. მოვაწყვეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის კონსტანტინე კაკავას შეხვედრა ზუგდიდელ ახალგაზრდებთან, სადაც კონსტატნტინემ და მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახალგაზრდეებს გააცნეს მერიის მიმდინარე პროექტები ახალგაზრდული მიმართულებით, მერიის საგრანტო წინადადადები.  ეს იყო ღია სივრცე ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, ვისაც სურდა თვითგამოხატვის საშუალება ჰქონოდა.

დახურვის დღეს, ჩვენ გადავწყვიტეთ, აგვერჩია 6 აქტიური მკითხველი და მათ გადავეცით ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები. ვთვლით, რომ ეს არის მოკრძალებული საჩუქარი, რომელიც დაამახსოვრდებათ. მათ ეცოდინებათ, რომ ამ ქალაქის განვითრებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. აქტიური მოქალაქე არის სწორედ განვითარებული ქალაქის საწინდარი.

მინდა შემთხვევით ვისარგებლო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდაჭერებს: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკას, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს, world vision -ს, საქართველოს უნივერსტეტის წარმომადგენლობას სამეგრელო ზემო-სვანეთში, სასტუმრო იბერიას და Macdonalds.

პროექტი მომავალში თუ გაგრძელდება?

-პროექტი მომავალში გაგრძელდება თუ არა, ეს უკვე მერიის გადასაწყვეტია. ეს გახლდათ ერთთვიანი და ამ პერიოდის განმავლობაში, პროექტმა დადო მაქსიმალური შედეგი.

სამომავლო გეგმები…

-ამ პერიოდის განმავლობაში მივხვდი, რომ საჭიროა ახალგაზრდებს ჰქონდეთ ისეთი სივრცე, სადაც მოვლენ და თავიანთ აზრზე და იდეებზე ისაუბრებენ. ძალიან მიხაროდა, როცა ახალგაზრდების ჯგუფი მოდიოდა ჩვენთან, წიგნს კითხულობდნენ, მერე მასზე მსჯელობდნენ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობ და გვსურს, გავაკეთოთ ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც იქნება მუნიციპალიტეტზე დაქვემდებარებული. ვფიქრობ, ჩვენს ქალაქს ამ პროექტის განხორციელების დიდი პოტენციალი გააჩნია.

ზუგდიდელები”

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!