საკუთარ დაბადების დღეზე დარგული კოლხური ბზა


  •  შორენა ტორუა სურსათის ეროვნულ სააგენტოში უფროს ინსპექტორად მუშაობს. „ზუგდიდელების“ ინტერსი შორენას ინიციატივამ გმოიწვია: გუშინ, იუბილარმა შორენამ, საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებით, სიმბოლურად, ბოტანიკურ ბაღში კოლხური ბზის ნერგი მიიტანა და ბაღის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, თავისი ხელით დარგო.

„დედამიწა ყველას სახლია, ეს პლანეტა ყველას გვეკუთვნის და გარემოს დასაცავად ყველამ ჩვენ-ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. მე მიყვარს ჩემი ნაკვალევის დატოვება. სალაშქროდ წასულმა, ტობავარჩხილის ტერიტორიაზე ხე დავრგე, ვიცი, ისევ მივბრუნდები და მოვინახულებ ოდესმე. ბოტანიკურ ბაღშიც ამიტომ მივიტანე კოლხური ბზა. დარწმუნებული ვარ, გაუფრთხილდებიან, მოუვლიან, მოეფერებიან. რომ მივედი, უკვე გამზადებული დამხვდა ადგილი და ნიადაგი მის ჩასარგავად. იქ, ჩემი ბზა მარტო არაა, მეუფე გერასიმესაც შემოუწირავს კოლხური ბზის ორი ნერგი. სტუდენტობიდან ვარ ეკოსისტემის განვითარებით დაინტერესებული. მახსოვს, ერთი პროექტი მოვამზადეთ მე და ჩემმა მეგობრებმა ეკოტურიზმის განვითარებაზე. პროექტი ითვალისწინებდა, საქართველოში ჩამოსულ ყველა ტურისტს თითო ხე დაერგო უცხო მიწაზე. დიდი ალბათობით, წლების შემდეგ, ისინი ისევ დაუბრუნდებიან იმ ადგილს, სადაც ხე დარგეს. ჩემი დარგული ბზის შესახებ რომ გაიგებენ, ალბათ სხვებსაც მოუნდებათ იგივეს გაკეთება და ეს კარგი საქმე იქნება.“-გვეუბნება სატელეფონო საუბარში შორენა.

შორენა ტორუას ინიციატივა, ყველამ თითო ხე დარგოს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, სასიამოვნოა, მაგრამ რამდენად მისაღებია ასეთი კერძო ინიციატივები ბოტანიკური ბაღის დაგეგმვისა და განვითარების პროცესისთვის?

ლარისა თირქია, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მცენარეთა კოლექციის მართვის განყოფილების უფროსი „ზუგდიდელებს“ ეუბნება, რომ შორენას ინიციატივა, რა თქმა უნდა, მისასალმებებლია. კარგი იქნება სხვა მოქალაქეებიც თუ შემოსწირავენ ბოტანიკურ ბაღს საჭირო ნერგებს.  „ჩვენ ყველა დაინტერესებულ პირს გავუწევთ კონსულტაციას, გვჭირდება თუ არა ესა თუ ის მცენარე კოლექციაში.  თქვენ იცით, რომ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იგეგმება კოლხურის ბზის ხეივნის აღდგენა ისევ იმ ადგილას, სადაც ადრე იყო. ამ მიზნით, დაკალმებული გვაქვს 6000 ძირი კოლხური ბზა. სხვათაშორის, შორენამდე, კოლხური ბზის ორი ძირი შემოგვწირა მეუფე გერასიმემ. შორენას ბზაც, სწორედ იმ ბზების გასწვრივ დაირგო. შეიძლება ითქვას, ამ სამი ბზით, ჩვენს ბოტანიკურ ბაღში, ფაქტობრივად, დაიწყო ძველი ბზის ხეივანის აღდგენა.“

„დატოვე შენი კეთილი ნაკვალევი დედამიწაზე“, – ამბობს შორენა ტორუა და ფიქრობს, მიეცემა შესაძლებლობა, მის ყოველ დაბადების დღეზე, თითო მცენარე შემატოს ზუგდიდელების საყვარელ ბაღს.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!