საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი შეიმუშავა


  • საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საქართველოში საჰაერო გზით შემომსვლელი როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, საზღვრის კვეთის რეჟიმი მსუბუქდება, – ახალი რეგულაციები, რომლებიც ძალაში 1-ლი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების განახლებასთან ერთად შევა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
განახლებული რეგულაციები, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით შეიმუშავა და უწყებათაშორის საბჭოს წარუდგინა.
კერძოდ, საჰაერო საზღვრის კვეთის ახალი რეჟიმით, 1-ლი თებერვლიდან, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით და გადაინაცვლონ 8-დღიან თვითიზოლაციაში, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ, რა შემთხვევაშიც თვითიზოლაციიდან თავისუფლდებიან. ხოლო, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც საჰაერო საზღვრით შემოსვლისას თან არ ექნებათ ნეგატიური PCR-ტესტი, დღეს მოქმედი 12-დღიანი თვითიზოლაციის ვადა 8 დღემდე მცირდება.
რაც შეეხება უცხო ქვეყნების ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.
თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, რომლებიც არიან – ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და ბაჰრეინის მოქალაქეები ან რეზიდენტები. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.
ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მიმართავს ავიაკომპანიებს, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი, ან კოვიდ-ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!