- საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადდა. გადაწყვეტილებას პლენუმის ცხრა წევრიდან ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი. ამასთან, როგორც მერაბ ტურავამ განაცხადა, დასკვნას დაერთვება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სამი წევრის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრება.
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე პარლამენტის 80-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართა. კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს დაიწო და 5 ოქტომბერს დასრულდა.
კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენდა „საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით“.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები იყვნენ თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრები არიან: მერაბ ტურავა; ევა გოცირიძე; გიორგი თევდორაშვილი; ირინე იმერლიშვილი; გიორგი კვერენჩხილაძე; ხვიჩა კიკალიშვილი; მანანა კობახიძე; ვასილ როინიშვილი; თეიმურაზ ტუღუში.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში გადაინაცვლებს.
წყარო