დღეს, 10 ივნისს, საზოგადოებრივი დარბაზი „აფხაზეთი“ ოფიციალურად დაფუძნდა. შეხვედრას, რომელიც ი.ქ. კომბინატის კულტურის ცენტრ „ოდიშის“ ეზოში გაიმართა, იძულებით გადაადგილებული პირები დაესწრნენ. შეხვედრის ადგილზე მიმდინარეობდა ხელმოწერების შეგროვება, დევნილებისთვის ფულადი შემწეობის გაზრდისა და მათი სოციალური პირობების მდგომარეობის გასაუმჯობესების მოთხოვნით.
საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა გაიხსენეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთისთვის მებრძოლ ადამიანებს: თამაზ ნადარეიშვილს, მურმან ბერიას, ელგუჯა გულედანს, ნორიკ მარშანიას, გერმანე ფაცაციას, იური კაკავას და ლოთია ჭანტურიას. დარბაზის ერთ-ერთი დამფუძნებელი ოთარ აძინბაია შეხვედრის მონაწილებს საზოგადოებრივი დარბაზის ძირითად ფუნქციებზე და მიმართულებებზე ესაუბრა. მისი თქმით, ყველა დევნილს უფლება ექნება, მივიდეს ამ დარბაზში, დააფიქსიროს თავისი აზრი, ისაუბროს თავის გაჭირვებაზე და პრობლემაზე. „ჩვენ არავის ვუპირისპირდებით, მაგრამ ჩვენ მოვითხოვთ ყველასგან, რომ საზოგადოებრივი დარბაზის აზრის გვერდით დავდგეთ და ვიყოთ აქტიურები. ამ დარბაზმა გულანთებული ახალგაზრდა, შუახნის, ბერიკაცი, ყველა უნდა გააერთიანოს, გაამთლიანოს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ იმედი არ დაგვიკარგავს“.
საზოგადოებრივი დარბაზის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა დევნილმა რამინ საჯაიამ სიტყვით გამოსვლისას, დევნილების რამდენიმე მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერა. გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა ზუგდიდს დევნილი მოსახლეობის მასპინძლებლობისთვის. „ზუგდიდმა, სამეგრელომ გულში ჩაიხუტა, დააპურა, მოეფერა ჩვენი დევნილი საზოგადოება, რისთვისაც მადლობა ზუგდიდს“.
საზოგადოებრივი დარბაზის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დემური სოტკილავამ, გააჟღერა დევნილთა 11 პუნქტიანი მოთხოვნები, რომლის მიხედვით, დევნილები ითხოვენ, შემწეობის გაზრდას მინიმუმ 168 ლარამდე, კომისიის შექმნას, სადაც ცვლილებები და დამატებები იქნას შეტანილი დევნილითა საცხოვრებლის უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმაში, ქულების მინიჭების კრიტერიუმების შეცვლას, ბინებით უზრუნველყოფის დაჩქარებას, მიწის ნაკვეთით და საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის საკითხის მოგვარებას, დევნილი სტუდენტების 100%-ით სწავლის საფასურის დაფინანსებას, დევნილ მოსახლეობას კომუნალურ გადასახდებზე შეღავათების დაწესებას, დევნილ პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებისათვის გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის გადასახადის სემცირებას, შესაძლებლობა მიეცეს დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებს კენჭი იყარონ ადგილობრივ თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნებში, მოხდეს დევნილების ჩართვა სახალხო დიპლომატიის რანგით კონფლიქტის ზონაში, დაფინანსდეს დევნილების ბიზნეს პროექტები შესაბამისი უწყებების მხრიდან, ყველა დევნილს 100%-ით დაუფინანსდეს სამედიცინო მომსახურება, თავიდან აცილებული იყოს უმწეო დევნილთა სარეინტინგი ქულების ჩამორთმევა და საქართელოს პარლამენეტში აღსდგეს აფხაზეთის ფრაქციის კვოტა“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=WKrLzDbV0c4[/embedyt]
საზოგადოებრივი დარბაზის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ დევნილთა მოთხოვნები. შეხვედრის მონაწილეები მთავრობას მოთხოვნების შესასრულებლად აძლევენ დროს 30 ივნისამდე, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ, აპირებენ, ზუგდიდიდან თბილისამდე ფეხით ჩასვლას, შიმშილობას და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
დღევანდელ შეხვედრაზე იმყოფებოდა ყოფილი „ტყის ძმების“ მეთაური დათო შენგელია. ჟურნალისტების კითხვაზე აპირებს თუ არა ის პოლიტიკაში დაბრუნებას, დათო შენგელიამ თქვა, რომ „ღმერთმა დამიფაროს პოლიტიკაში მოსვლა. პოლიტიკაში არაფერი მესაქმება“ მისი თქმით, დევნილობიდან 25 წელი გავიდა და დევნილები უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან. მისი განმარტებით, ის იმუშავებს დევნილების პრობლემებზე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=eKkUx0vlhBo[/embedyt]
“ხელისუფლების მხრიდან იგნორირებულები ვართ, ჩვენ იძულებულები ვართ, ჩვენი უფლებები დავიცვათ და სწორედ ამიტომ დაფუძნდა ეს ორგანიზაცია”- უთხრა ჟურნალისტებს დარბაზის წევრმა ვახტანგ ორჟონიამ. მისი თქმით, ამ ფორმით ცდილობენ ხელისუფლებას, დევნილთა სამინისტროს შეახსენონ თავი და მათი პრობლემები გულთან ახლოს მიიტანონ.
დევნილმა დალი ინაიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მათ დანაპირებს არ ასრულებს. “სუბარი ჩამობრძანდა, პირობა მოგვცა, მაგრამ ჯერჯერობით, ვერაფერს ვხდევათ. როცა ჩვენთან მოდიან დანაპირების 50% მაინც შეგვისრულონ”