- სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის 92 იურიდიულ პირში დასაქმებულთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება 2022 წელს გაიზარდა, ნათქვამია კვლევაში, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მოამზადა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში მომუშავე 8,406 ადამიანზე მიმდინარე წელს უკვე გაცემული და წლის ბოლომდე გასაცემი შრომის ანაზღაურების ჯამური მოცულობა 52,237,836 ლარია, რაც რეგიონის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ჯამური ასიგნებების 24%-ს შეადგენს.
კვლევაში მოხვდა, ზუგდიდის, ფოთის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მესტიის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების შესახებ ინფორმაცია, ასევე მხოლოდ იმ შპს-ების შესახებ რომლებიც სუბსიდიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებენ. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2020-2022 წლებს.