- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს კომენტარს, რომელშიც აღნიშნულია, რომ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია.
„2022 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა. 27 სექტემბერი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედიაა, რომელსაც რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონის — აფხაზეთის ოკუპაცია, ათობით ათასი ადამიანის დაღუპვა და ასობით ათასი ადამიანის საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცევა მოჰყვა.
ჩვენ დღეს ვიგონებთ ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია — დეოკუპაცია და მავთულხლართებით დაშორიშორებულ თანამოქალაქეებს შორის ნდობის აღდგენა და შერიგება წარმოადგენს ერთადერთ მყარ საფუძველს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.