საბა ჯანჯღავა-ბიჭი, რომელიც რეჟისორი გახდება


საბა ჯანჯღავა ამბობს, რომ მომავალი რეჟისორია. მიუხედავად მისი ასაკისა, საბა უკვე იღებს მხატრულსა და დოკუმენტურ ფილმებს, წერს სცენარებს, არის რამდენიმე კონკურსის გამარჯვებული.

-საბა, რა უნდა იცოდნენ “ზუგდიდელებმა” შენს შესახებ?
-მე ვარ ზუგდიდელი საბა ჯანჯღავა. ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მეათე კლასელი. სკოლაში კარგად ვსწავლობ. მართალია, ყველა საგანი არ მიყვარს, მაგრამ მაინც ვსწავლობ. განსაკუთრებულად გატაცებული ვარ შემეცნებითი საგნებით. ზოგჯერ, არის მომენტები, როცა სკოლაში წასვლა მეზარება, მაგრამ მეგობრების, გარკვეული ურთიერთობების გამო, საინტერესოა იქ ყოფნა. სკოლა არასდროს არ არის ერთფეროვანი, შეიძლება ახალი მეგობარი შევიძინოთ, ან დავკარგოთ, ასე რომ არ გვწყინდება. ყოველი ახალი დღე რაღაც ახლის მომტანია.
-მიუხედავად შენი ასაკისა, რამდენიმე ფილმი გადაიღე. რომელი წლიდან მუშაობ კამერასთან?
-მამაჩემი ბესო ჯანჯღავა ოპერატორია. მთელი თავისი ცხოვრება ოპერატორად მუშაობს. მამამაც ბავშვობიდან დაიწყო გადაღება. მუშაობდა ფილმებზე, რეკლამებზე. ჩემი ბავშვობის არქივს რომ ვუყურებ, როცა მამაჩემი მიღებს, ყოველთვის ვეუბნები კამერა დამაკავოს. ყოველთვის მქონდა კამერის მიმართ ინტერესი. ერთი პერიოდი მეცნიერებისკენ ვიხრებოდი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ იყო საოცნებო საქმიანობა. ვუყურებდი მამაჩემი როგორ მუშაობდა, მეორე დღეს, ჩემთვის რაღაცეებს ვინიშნავდი, ზოგჯერ ვთხოვდი კამერას, გავიდოდი გარეთ, საინტერესო ადგილებს გადავიღებდი, რომ არ მომეწონებოდა, ხელმეორედ ვიღებდი და ჩემს ნამუშევარს ვხვეწავდი. რა თქმა უნდა, ახლაც არ ვარ პროფესიონალი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ახალი ვისწავლო და შევიძინო. კამერასთან შვიდი წლიდან ვმუშაობ.
-საბა, თუ გახსოვს პირველად რა გადაიღე?
-პირველად გადავიღე ანიმაციური ფილმი, საძერწით გაკეთებული სათამაშოების მულტფილმი, სადაც რეი ჩარლზი თავის სიმღერას პიანინოზე უკრავდა. ჩემმა ნამუშევარმა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ვინც ნახა ჩემი ნამუშევარი ყველა კმაყოფილი დარჩადა ამან დიდი მოტივაცია აღძრა ჩემში.
– დოკუმენტური ფილმებიც გაქვს გადაღებული…
-დიახ. დოკუმენტური ფილმიც გადავიღე ცნობილ ზუგდიდელ ფოტოგრაფზე ბატონ კაკო ყუფუნიაზე. ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბში „სარკმელი“. მე შექმნილი მაქვს ჯგუფი „არტ სინემა აცადემყ“, ვისთან ერთადაც ვმუშაობ შემოქმედებითად. ჩვენ დოკუმენტური ფილმი გადავიღეთ მსოფლიო ჩემპიონზე კრივში, დავით ქირიაზე. სხვათაშორის, ჩვენმა ფილმმა პირველი ადგილი აიღო ზუგდიდში. ახლა დოკუმენტურ ფილმს ვიღებთ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეზე.
– შენი გადაღებული რამდენიმე ვიდეო “ფეისბუქზე” ვნახე…
-ეს სატესტო ვერსიებია, რასაც მე მომავალში ვაპირებ. ჩემი ოცნება არის, მქონდეს ჩემი სტუდია, მინდა გადავიღო ფილმები, სადაც ხალხს ვანახებ რეალობა და არარეალობას. მინდა, საზოგადოებას ვანახო კადრები, რაც მათ შთააგონებთ.
-მეგობრებთან ერთად ჩამოყალიბებულ ჯგუფზე მოგვიყევით…
-სკოლაში ძალიან მეგობრულები ვართ. ყველას ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ამიტომ ერთად ჩამოვაყალიბეთ შემოქმედებითი ჯგუფი. მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა მივიღეთ მონაწილეობა კონკურსებში. ბევრჯერ მითქვამს, რომ ჯერ ჩვენ თავს „ვტესტავთ“. ვამოწმებთ ჩვენს შესაძლებლობებს, ჩვენი თავის დახვეწაზე ვმუშაობთ. ფილმი გადავიღეთ „ძალადობაზე“, რომელიც ათ საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა. ღამდენიმეჯერ გაიმარჯვა. Aასე თუ ისე, ყველა კონკურსში წარმატებას მივაღწიეთ.
-ვინ არის შენი ნამუშევრების შემფასებელი?
-ზოგადად ყოველთვის ვცდილობ, რომ არავის არ მივბაძო. მინდა ჩემი სტილი მქონდეს და ამით განვსხვავდებოდე სხვებისგან. ჩემი ნაშრომების პირველი შემფასებელი მამაჩემი გახლავთ, მის აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მამაჩემი ისე ამიხსნის და შემისწორებს რომ მეორეჯერ ნამუშევარი ბევრად უკეთესი გამომდის.
-შენ სცენარებზეც მუშაობ…
-ძალიან ბევრს ვფიქრობ სცენარებზე. წიგნებს ვკითხულობ, რათა განვავრცო ჩემი ნაწერი. რამდენიმე სცენარი დავწერე ზუგდიდის ძველ თეატრში, სცენაზე, სიბნელეში ფიქრის დროს. ყველაზე მეტად მიყვარს როცა გარეთ, სიბნელეში, მუსიკის ფონზე იდეები მომდის.
-საბა, ლექსებსაც ხომ არ წერ?
-ლექსებს არ ვწერ. სიმართლე, რომ გითრათ, არც მიცდია ლექსის წერა.
-რა არის შენი ოცნება?
-მინდა, წარმატებული რეჟისორი ვიყო, რომელსაც დაიმახსოვრებენ განსხვავებული სტილით. არ მინდა ვიყო ერთფეროვანი. მინდა ფილმში ყოველთვის დავტოვო კითხვისნიშნები და მაყურებელი დავაფიქრო.
-მომავალი რეჟისორი, რომელ მსახიობთან ითანამშრომლებდა?
-ალბათ, ჩემს საყვარელი მსახიობებთან: ნატალია პორტმანთან, ედუარდ ნორტონთან, ჯეკ ნიკოლსონთან და სხვა მრავალთან
-მეგობრებზეც მომიყევი, რა კრიტერიუმით ირჩევ მათ?
-ყველა კლასელი ჩემი მეგობარია და თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს. რაც შეეხება კრიტერიუმს, საუკეთესო მეგობარს, რა თქმა უნდა, ჩემნაირი გემოვნება ექნება.
-მუსიკასთან როგორ ხარ?
– შთამაგონებელი სიმღერების მოსმენა მიყვარს. ჩემი საყვარელი მომღერლებია: ნოვო ამორი ტომ როზენტალი, „ოჰ ონდერი“, მიყვარს ცნობილი კომპოზიტორების მელოდიების მოსმენა.
-საბა შეყვარებული თუ ხარ?
-არა ვარ შეყვარებული.
-მამაზე გვესაუბრე, ოჯახის დანარჩენ წევრებზეც მომიყევი.
-მამა როგორც გითხარით ბესო ჯანჯღავაა, მუშაობს მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლეში. აქვს კერძო სტუდია და გადაღებებზე მუშაობს. დედა შორენა დგებუაძე მუშაობს ტელეკომპანია „ოდიშში“. დედაჩემი ჩემს ნებისმიერ წამოწყებულ საქმეს, იდეას მხარს უჭერს. დედა ის ადამიანია, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობი და ვაფასებ. მამა, როცა შენიშვნას მაძლევს, ან კრიტიკულად უდგება ჩემს საქმეს ძალიან მიხარია, რადგან მისი რჩევები უკეთესს მხდის ჩემს საქმიანობაში. მყავს და სესილი. სწავლობს მეორე საჯარო სკოლაში, მეცხრე კლასშია. დიდი სურვილი მაქვს ის ჩემს ფილმებში თამაშობდეს. მას განსხვავებული გარეგნობა აქვს. მასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და ყოველთვის გვერდში მიდგას. სესილის ძალიან უყვარს ხატვა, ლექსებსაც წერს.
-რას იტყვი საკუთარ თავზე?
-ზოგადად, არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მირჩევნია სხვამ შემაფასოს. ალბათ, პოზიტიური, პერსპექტიული, შრომისმოყვარე, უღალატო და ერთგული ახალგაზრდა ვარ.
-სამომავლო გეგმებზეც მითხარი
-რეჟისორობაზე მინდა ჩავაბარო. ვფიქრობ, საზღვარგარეთ გავაგრძელო სწავლა, მაგრამ ვნახოთ, ეს მომავლის საკითხია. ჩემი მიზანია ის იდეები, რაც სიბნელესი ჯდომის დროს მაფიქრდება განვახორციელო. მინდა, ჩემს თანატოლებს ვუთხრა, არასდროს არ დანებდნენ, აკეთონ ის საქმე, რაც ყველაზე მეტად უყვართ, ბევრი იშრომონ, მხოლოდ ასე თუ შეძლებენ იმის მიღწევას რაც სურთ.
ეკა ფარულავა

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!