- ზუგდიდში, საბალეტო კლასი შვიდი წელია ფუნქციონირებს. თავიდან, კულტურის ცენტრ „ოდიშში“ იყო. რეორგანიზაციის შემდეგ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გადაინაცვლა. ბალეტის პედაგოგი გახლავთ ქორეოგრაფი სოფო ხვიჩია.
სოფო ხვიჩია: “- 11 წელი, სასახლეში, „იგრიკაში“, ვცეკვავდი ქორეოგრაფ ელგუჯა მამალაძესთან. სწორედ, მისი დამსახურებაა ჩემი პროფესიონალურ მოცეკვავედ ჩამოყალიბება. მინდა შემთხვევით, ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ჩემს აღმზრდელ პედაგოგს. შემდეგ რუსეთში ოჯახით წავედით საცხოვრებლად. იქაც გავაგრძელე ცეკვა სახელმწიფო ანსამბლ „კოლხიდაში“, პარალელურად ვსწავლობდი ქორეოგრაფიულ სასწავლებელში და ასევე, ვმუშაობდი, ქართულ -რუსულ სკოლაში და ქართულ-სომხურ კულტურის ცენტრში ქორეოგრაფად. ბავშვობიდან მინდოდა მესწავლა ბალეტი, მაგრამ ჩვენს ქალაქს არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა. რუსეთში ყოფნის დროს, მომეცა საშუალება ეს ოცნება ამეხდინა და ბალეტის კურსებზე ჩავეწერე. ერთი სიტყვით, ოცნება ავიხდინე. ზუგდიდში ჩამოსვლის შემდეგ, ჩემმა ქორეოგრაფმა ელგუჯა მამალაძემ შემომთავაზა, ანსამბლის ბავშვებისათვის კლასიკის გაკვეთილები ჩამეტარებინა, მეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. შემდეგ, კულტურის ცენტრ “ოდიშის” ყოფილმა დირექტორმა ქალბატონმა ნინო მამფორიამ შემომთავაზა ბალეტის პედაგოგად მემუშავა, მას უნდოდა ჩვენს ქალაქში ყოფილიყო ბალეტის კლასი. ეს ჩემთვის სტიმულის მომცემი აღმოჩნდა და სიამოვნებით დავთანხმდი შემოთავაზებას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. მოგვიანებით, ქალბატონმა ნინომ დამატებითი მასტერკლასების მისაღებად გამაგზავნა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში პედაგოგ ლარისა ჩხიკვიშვილთან, რომლისგანაც ძალიან საინტერესო გამოცდილება შევიძინე.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საბალეტო გაკვეთილები ფასიანია, ტარდება კვირაში ორჯერ,-ორშაბათს და ხუთშაბათს. ამ ეტაპზე, ერთი ჯგუფი გვყავს. პატარები დიდი მონდომებით და სიყვარულით ეკიდებიან თავიანთ საქმეს. ახალი სასწავლო წლისთვის ველოდებით მეორე ჯგუფს. საბალეტო სკოლაში მოსწავლეები მიიღებიან 5-დან 12-წლამდე.
-წარმატებებს გისურვებთ.
მასალა მოამზადა ხატია წყაროზიამ