- მიხეილ სარჯველაძე, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და სამედიცინო დაწესებულების მუშაობის შედეგები მოისმინა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფო უახლესი Signa Hero-ს მოდელის MRI -ის დიაგნოსტიკური აპარატით აღიჭურვა, რომელიც პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ მაგნიტო-რეზონანსული ღრმა კვლევებით ადგილზე, რეგიონიდან გაუსვლელად, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის სერვისების უწყვეტობისა და ხელმისაწვდომობისთვის. კლინიკაში მოქმედებს რეგიონის ყველაზე მძლავრი ქიმიოთერაპიის ცენტრი.
ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც კლინიკაში სერვისების ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ასევე კომიტეტის სხვა დეპუტატები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი, ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი,ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.