დღეს, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში, გიორგი ბარამიძემ ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი სოფელ ჭითაწყარში, “მეფრინველეობის დასახლებაში” მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა, სადაც ინციდენტი მოხდა. ბარამიძე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტი გიორგი გოგინავა მათ მიუვარდა და ხალხთან შეხვედრის ჩაშლას შეეცადა. “მინდა გითხრათ, რომ ასეთი პროვოკაციები და კრიმინალების მიერ, სანდრას ხალხთან შეხვედრის ჩაშლის მცდელობა, ისევე, როგორც დღეს, ყოველთვის დასრულდება მათი კრახით და წარუმატებლობით. მათი არავის ეშინია. ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რაც უფრო მეტ ასეთ პროვოკაციას მოაწყობენ, მეტ კრიმინალს ჩართავენ თავიანთ საარჩევნო კამპანიაში მით უფრო მწარე პასუხს მიიღებენ ჩვენი საზოგადოების მხრიდან”. ბრიფინგზე ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ ეს “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას დავალებით ხდება და ჟურნალისტებს ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრები უჩვენეს.
გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა მამუკა წოწერიამ. მან გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას “მტკნარი სიცრუე” უწოდა. “პიროვნულად გიორგი გოგინავას არ ვიცნობ, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მას არ აქვს შეხება “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბთან”.
ზუგდიდში, მერის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.