- არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, მაგრამ სოციალური ქსელები ლამის ჩვენი “სულის პური” რომ გახდა-ცხადია. ამ დღეებში, ერთი ოჯახის ტკივილიან-სიხარულიანი ამბავი წავიკითხე ჩემი ფეისმეგობრის დავით ლოგუას ფეისგვერდზე- მამაზე წერს, ამბავში, ძმის, ზურაბ ლოგუას ლექსებიცაა ჩართული. ერთი ფოტოს კვალდაკვალ, შვილები აღწერენ მამის ცხოვრებას, მის პორტრეტულ შტრიხებს ძერწავენ და ძალიან ორიგინალურად გადმოსცემენ ქართული სოციუმის ყოფას და ხასიათებს.
“სოციალურ ქსელში, არაერთხელ შემომხვდა სურათი, რომელიც მამაჩემის სახელოსნოშია გადაღებული. წარმოდგენილი სახელოსნო ჩემი ოჯახის კეთილდღეობასთან ერთად, არაერთ ტრავმასთან არის დაკავშირებული.
წლების უკან სახელოსნოში ნახავდით ადამიანს, რომელიც მცირე ფანჯრიდან ამზიურებდა საკუთარ ნონკომფორმისტულ ბუნებას. სოციუმისთვის დამახასიათებელი ყველა სიმახინჯე პროეცირდებოდა, მის მიერ დადგმულ სხვადასხვა ტიპის პერფორმანსში. ფაქტობრივად, ეს იყო, მონო სპექტაკლი ვულკანიზაციის.
აქ ნახავდით სივრცეს, რომელიც გავსებული იყო ქრისტეს, ილიას, ვაჟას, ვიქტორ ცოის, დოსტოევსკის და სხვათა მოსაზრებებით, ასევე მოისმენდით the beatles, Doors, Pink Floyd, Depeche mode, ვიქტორ ცოის და სხვა მის საყვარელ მუსიკოსებს.
სწორედ მისი მსოფლხედვის დამსახურებაა, რომ დღეს ქრისტესთან ვმეგობრობ და თავისუფლება მთავარ არსად მიმაჩნია ყოფიერების.
ბნელ 90-ში, უშუქობის ჟამს ის 1 ლარად წებავდა კამერას და მისი რეკომენდაციით დამზადებულ, ხელით სატრიალებელ კომპრესორს იყენებდა კამერის გასაბერად. საკუთარი დუხჭირი ცხოვრებით დამძიმებულს ყოველდღე აწუხებდა კრიმინალი-ძველი ბიჭი, კორუმპირებული ბიუროკრატი, ძალოვანი, პარტიზანი, მღვდელი და სხვა ძალმომრეობითი ბუნების პირმშოები. წარმოგიდგენიათ, მათ 1 ლარის გადახდა არ უნდოდათ და მისი შრომის მოპარვის სურვილით იყვნენ შეპყრობილი.
გიას გულკანიზაციაში ჩხუბი რომ ატყდებოდა, მის დასახმარებლას მეზობლები მორბოდნენ ხელკეტებით. ყველაზე პირველი ,,ბანკით” ბენზინის გამყიდველი გული (ამ ქალბატონის სახელი სიცოცხლის ბოლომდე გამყვება) მორბოდა საკუთარი რიხი ხმით, “მუ გოკონა თქვა ჯოღორიშ სკუალეფ ათე პატიოსან კოჩშა”.
მთელი ბავშვობა ამდენ ჩხუბში გვეშინოდა, რომ ერთხელაც მამა სახლში არ დაბრუნდებოდა, ან პოლიციაში აღმოჩნდებოდა.
ბევრჯერ მიოცნებია შევსწრებოდი მის ჩხუბს, რისთვისაც გამეტებული ვემზადებოდი სხვადასხვა ძალისმიერი ვარჯიშებით. არაერთხელ მივსულვარ შორიდან დასაზვერად, აბა როგორ არის, რამე ხომ არ უჭირსთქვა. ოცნებაც არაერთხელ აგვხდენია მე და ზურას.
მასთან ნახავდით ასევე ქალაქის ყველა მაწანწალას, რადგან ის იყო მათი წყარო სულისმოთქმის. ხან ფულს, ხან ტანსაცმელს და ხან კიდევ საჭმლით უმასპინძლდებოდა. სამსახურში, რომ არ დახვდებოდა სახლში მოდიოდნენ და იძახდნენ გია, გია.
ერთხელაც გზაზე, ხალხით შემოკრებილ ადგილს მივუახლოვდი, სადაც ,,ტაჩკის” დამტარებელი ცუდად გამხდარიყო და ასულიერებდნენ. გონს მოსული ყვიროდა გიასთან მიმიყვანეთ, გიას დაუძახეთო. მას შემდეგ, რაც დახმარება გავუწიე და გამოვესაუბრე მივხვდი, რომ მამაჩემზე საუბრობდა.
მიუხედავად მსგავსად ყოველდღიური ბრძოლებისა, ის ახერხებდა 10-მდე მეზობლის ბავშვი კვირაში სამჯერ ორთაბრძოლებში ევარჯიშა და მათთან ერთად გემოვნებიანი მუსიკის ფონზე, ეგზისტენციალურ საკითხებზე ებაასა.
ერთხელაც სახლში დაბრუნებული მახსოვს, როგორ წუხდა ვიღაც მღვდელზე. გვითხრა, ,,საბურავი გავუკეთე და მადლობა დამიტოვაო”. ვთხოვეთ მოეყოლა, რაც შემდეგ ზურამ ლექსად გარდაქმნა.
დასვენება
ზურაბ ლოგუა
რადიოდან ვიღაც, სადღაც დასვენებაზე,
რაღაცას ამბობს. ეეჰ.
შენთვის შაბათი, კვირა არ არსებობს.
ზიხარ ვულკანიზაციაში და
ყოველდღე მუშაობ.
ავად გახდომის უფლებაც არ გაქვს.
ლოგინად რომ ჩავარდე, ოჯახს ვინ დაგიპურებს?!
რამდენჯერ გქონია სიცხე 38 და მაინც გიმუშავია.
აწიც ასე იზამ.
ერთადერთი შვება გაცვეთილი სახარებაა.
ლარად წებავ კამერას,
რომლის სუნს 23 წელია ვერ იშორებ.
დღეს კიდე მღვდელმა ჯიპის საბურავი უფასოდ გაგაკეთებინა,
უფალმა დაგლოცოსო და წავიდა.
გიას ბრძოლოსუნარიანობა ამით არ შემოიფარგლება. სწორედ მისი უსაზღვრო ოპტიმიზმის და თავდაუზოგავი შრომის ნაყოფია, რომ მე და ზურას, მაგისტრის აკადემიური ხარისხი გვაქვს. ვულკანიზაციაში მუშაობის შემდეგ, 2000-იანი წლების ბოლოს, ღამე ,,გრუშიკად” მუშაობდა, რომ ორი შვილისთვის თბილისში, საკმარისი ფული გამოეგზავნა. ჩვენ გვიან გავიგეთ, გვიმალავდა.
მოკლედ, ეს კაცი მამაჩემია, ვის სახელოსნოსაც ხშირად აზიარებთ. მისი მთავარი წიგნი ბიბლიაა, რომელსაც ბოლო 20 წელია კითხულობს. არაერთი უფროსი თაობის წარმომადგენელს უთქვამს, რომ ბნელ 90-ში მისი სახელოსნოს კედლებზე ცარცით დაწერილი ქრისტეს სიტყვების ამოკითხვა, იყო მათთვის სულიერი შვების საწინდარი.
მამაჩემის ხელები
ზურაბ ლოგუა
მე ისევ მტკივა მამაჩემის ცივი ხელები,
რომლის პეშვზედაც გარდაცვლილი მზის სამარეა.
დაბადებიდან მამას ვგავარ და კარგად ვხდები,
რომ წლების შემდეგ მეც ხელებში მზე ჩამაკვდება.
არ უჩანს ბოლო იმას რასაც წამება ჰქვია.
დღე აღარ მახსოვს მამაჩემს რომ არ სტკიებოდეს.
მთელი სიცოცხლე ჯვარს აცვამენ და მაინც მიაქვს
ამ ჯოჯოხეთში გაჩეხილი ვაზის სინორჩე.
მიაქვს, რომ უფალს დაანახოს სულის ჩუქურთმა,
ომით, წვალებით შენახული დროის წუმპეში.
ნაგავსაყრელზე მიტოვებულ ჟანგბადით სუნთქავს
და ასდის ტანზე მყიფე ბედის მწკლარტე სურნელი.
არავის უმხელს თავის ფიქრებს, უბრალოდ მიდის,
სანამ გაუძლებს ამ ეპოქის ნარწყევ ოპერას.
მამაო ჩვენო, მამა მიხსენ გენუკვი შვილი,
თორემ გავყიდი სამოთხეში ნაკვეთს გროშებად.”
- აი, ასეთი ამბავი და ცხოვრება მოჰყვება ერთ ფოტოს… ლიტერატურა “მამათა და შვილთა ბრძოლას” და თაობათა დაპირისპირებას უფრო იცნობს, ვიდრე თანამოაზრეობას. შვილების აღწერილ სოციუმში ჩემი თავიც ამოვიცანი, ბევრი ჩემი ნაცნობიც ვიპოვე… ამოვიცანი ამბის მთავარი გმირის სული და განწყობა, ავტორების განწყობაც და ოცნებაც. ახლა თქვენი ჯერია, თქვენი ფიქრის დრო, ბატონებო.
ნ. მიქავა