როცა უცხო ენას ხალისით ეუფლებიან


ლელა ხვიტია, ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი: – დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში, დავამთავრე #3 საშუალო სკოლა, შემდეგ ჩავაბარე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა ჩემი სპეციალობით, ვარ ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. თავიდან, მუშაობა დავიწყე ასოციაცია „ათინათში“, ახალი დაარსებული იყო და მე დაარსებიდან ვმუშაობდი იქ, უძლიერესი კოლექტივი იყო, არაჩვეულებრივი სპეციალისტები.
ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე მათ გვერდით მუშაობით, რაც დამეხმარა კიდეც პროფესიულ სრულყოფაში. შემდეგ მე თვითონ დავაარსე ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი, სადაც მსმენელებს ვთავაზობ მაღალი ტექნოლოგიით, კერძოდ, პირდაპირი მეთოდით უცხო ენის შესწავლას. ინგლისურის გარდა შესაძლებელი იქნება რუსული, გერმანული, ფრანგული და ესპანური ენების დაუფლება.

-ქალბატონო ლელა, მკითხველებს გააცანით თქვენი კოლექტივი.
– ჩვენ დიდი კოლექტივი არა ვართ, – სულ 5 პედაგოგი, 2 მენეჯერი და მე – ხელმძღვანელი. მენეჯერები არიან ქალბატონები ირმა ვეკუა და ბელა კემულარია. მასწავლებლები: მაია გულაია, თამარ ყურაშვილი, ნათია ბოკუჩავა, ნინო ხვიტია, ნათია წიფურია. ისინი ძალიან გამოცდილი სპეციალისტები არიან, მართალია, ახალგაზრდები, მაგრამ თავიანთი საქმე კარგად იციან და შედეგიც აქვთ, _ რაც ასახულია იმ ადამიანების მადლიერებაში, რომლებიც ჩვენს ცენტრში ეუფლებიან ენას.
-როგორ გაგიჩნდათ ამ ცენტრის შექმნის იდეა?
-ცენტრის შექმნა იმის შემდეგ გადავწყვიტე, რაც ინტერნეტში ვნახე ,,პირდაპირი~ მეთოდით გაკვეთილის ჩატარების პროცესი, რომელიც ძალიან განსხვავებული იყო ჩვეულებრივი ენის შემსწავლელი მეთოდებისაგან და სტილისაგან. მსმენელებისთვის ხელმისაწვდომი არის ონლაინ მასალა, რომელსაც გვაწვდის მეთოდის შემქმნელი ორგანიზაცია, რომლის საავტორო სკოლასაც წარმოვადგენთ და რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. გაჩნდა იდეა – შემექმნა ცენტრი. ეს მეთოდი 4-ჯერ უფრო ამცირებს სწავლების პერიოდს, მორგებულია ყველანაირი მსმენელისთვის, ყველა ასაკის ენის შესწავლის მსურველისთვის.
-რა ასაკის ბავშვებს ასწავლით?
-ცენტრში არიან ბავშვები 5 წლიდან 12 წლამდე. შევიძინეთ და დავამკვიდრეთ ახალი მეთოდი – `სუპერმაინდსი~, რომელიც არის უნიკალური და შექმნილია 21-ე საუკუნის ბავშვებისათვის და გათვლისწინებული და ჩადებულია მათში კრეატიულობის, ანალიტიკური აზროვნების განვითარება. გამოიყენება ძალიან დიდი რაოდენობით ვიდეო გაკვეთილები. ძალიან დახვეწილი მეთოდია, სახალისო და სააზროვნო. ტარდება კონკურსები, ვსწავლობთ სიმღერებს, ვდგამთ სპექტაკლებს. ბავშვები კმაყოფილები არიან და მშობლებიც მათთან ერთად, რა თქმა უნდა.
– მოგვიყევით თქვენზე, _ ოჯახზე, სიყვარულზე…
– ჩემი მეუღლე ვახტანგ ხვინგია გახლავთ, უმაღლესი განათლებით, წარმოშობით ახალსოფლელია, მაგრამ აქ, ქალაქში ვცხოვრობთ. ადრეულ ასაკში შევქმენით ოჯახი. დიდი სიყვარულით გვიყვარდა ერთმანეთი და ასე გვერდიგვერდ მოვდივართ. მას ძალიან ვაფასებ და პატივს ვცემ, ვფიქრობ, თბილი და ერთგული ოჯახი გვაქვს.
-ვიცი, რომ ტყუპების დედა ხართ.
–  ჩემი შვილები: გიგი და ხატია ხვინგიები, არიან 13 წლისანი, სწავლობენ ჯი-ელსი, ანუ საქართველოს სასწავლო ცენტრში.
-როგორი დედა ხართ – მკაცრი თუ ლმობიერი?
-ბავშვებთან ლმობიერი და მოსიყვარულე დედა ვარ, მაგრამ გაკვეთილების მომზადებას რაც შეეხება, ვარ ძალიან მკაცრი და არანაირი ნიუანსი არ გამომეპარება.
-ადამიანს რას ვერ პატიობთ?
-ადამიანის თვისებაში ვაფასებ სწორედ ერთგულებას, და ვერ ვპატიობ ღალატს. თუნდაც მეგობარი იყოს თუნდაც ახლობელი.
-ირმა ვეკუა, ცენტრის მენეჯერი: წარმოშობით სოხუმელი ვარ. ზუგდიდში 23 წელია ვმოღვაწეობ. ინგლისური ენის ცენტრში მუშაობა დავიწყე 5 წლის წინ, ვარ ძალიან კმაყოფილი, იმიტომ რომ გვყავს ძალიან კარგი კოლექტივი, აქ ბავშვებისა და მოზარდების სწავლა შეზღუდული არანაირად არ არის, ანუ გათვლილია ყველა ასაკის მსმენელისათვის, არის განსაკუთრებული პროგრამა 5 დან 12 წლამდე. შემდეგ დიდების პროგრამა ,,პირდაპირი~ მეთოდით. აქ მოდიან თინეიჯერები და მოსამსახურე ხალხი. ხალხი, რომელიც წლებია მუშაობს და დღეს სწავლობენ ინგლისურს. ეს არის ამ მეთოდში ყველაზე კარგი, რომ ის ყველას უადვილებს ინგლისური ენის სწავლას.
-თქვენ ბრძანეთ, რომ სოხუმელი ხართ, აქ, ამ ცენტრში როგორ მოხვდით?
-ზუგდიდი არის ჩემი დედულეთი, ძალიან მიყვარს ეს ქალაქი ძალიან შევეჩვიე მას. ვცხოვრობ პაიჭაძის ქუჩაზე ზუგდიდში, ამჟამად მაქვს ჩემი საკუთარი სახლი, ძალიან კარგად ვგრძნობ აქ თავს.
-ქალბატონო ირმა, მოსწავლეების მშობლები თუ გემადლიერებიან?
-ბავშვს, რომელიც მოდის ჩვენთან არ ხვდება ჩვეულებრივი გაკვეთილი მას ხვდება სახალისო გაკვეთილი, სადაც ის არის უაღრესად კმაყოფილი – კიდევაც მღერის, კიდევაც ცეკვავს, კიდევაც კომპიუტერის გამოყენებით სწავლობს ინგლისურს. მშობელი, რომელიც ხედავს და ისმენს ამას, კმაყოფილია, რა თქმა უნდა. ამიტომაც ბავშვების რაოდენობა სულ იზრდება.
-თქვენი ოჯახი გააცანით ზუგდიდელებს.
-ჩემი მეუღლე გახლავთ კახა ანჩაბაძე, მუშაობს სამხედრო პოლიციაში სენაკში. 5 წელი გვიყვარდა ერთმანეთი, დევნილობის მერე დავქორწინდით. დიდ ბედნიერებას ვგრძნობ ჩემი ოჯახისაგან. გვყავს ორი ქალიშვილი – სალომე და სოფიკო ანჩაბაძეები. სალომე მომავალი ფსიქოლოგია – მეორე კურსის სტუდენტია, სოფიკო კი, მოსწავლეა.

როზა როგავა

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!