როგორ გვკურნავენ ვირტუოზი “მუსიკოსები”


  • ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ჩიტების ჭიკჭიკმა გულგრილი დატოვოს. ალბათ იმიტომ, რომ ქვეცნობიერად ვგრძნობთ მის სასიკეთო ზემოქმედებას. ის რომანტიკულ განწყობას გვიქმნის, გვამშვიდებს, განგვარიდებს ამქვეყნიური ამაოებით გამოწვეულ მძიმე ფიქრებს. აწონასწორებს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს და კურნავს სულს.

ზაფხულის მზიან დილას ჩიტების სიმღერის ფონზე გამოღვიძება ხომ ერთი სიამოვნებაა! გაზაფხული და ზაფხული ყველაზე ხელსაყრელი დროა ჩიტების ჭიკჭიკით – ამ ეგზოტიკური მეთოდით – მკურნალობისთვის. სწორედ ამ პერიოდში იქნება სასარგებლო სკვერში ან ტყეში გასეირნება. რაც უფრო ღრმად შევალთ ტყეში, მით მეტად გავეცლებით ქალაქის ხმაურს. სუფთა ჰაერს, ტყის სურნელსა და ჩიტების ჭიკჭიკს შესანიშნავი დამამშვიდებელი, რელაქსაციური ეფექტი აქვს. ის სასწაულებს ახდენს, განსაკუთრებით გულისამაჩუყებელია, როცა ვხედავთ, როგორ აპურებს მტრედებს მოხუცი ან როგორ ჩხუბობენ ბეღურები პურის ქერქისთვის. ფრთოსანი “თერაპევტების” სამსახურით ჯერ კიდევ რუსი იმპერატორები სარგებლობდნენ. სასახლის კარზე მიღებული იყო თავის ტკივილის მკურნალობა იადონის რაკრაკით. პეტრე პირველის დროს მომღერალი ჩიტები მოსკოვის ყველა სამიკიტნოში ჰყავდათ. თვით პეტრე საათობით უსმენდა მათ რაკრაკს. აქვე სიამოვნებით გავიხსენებდი ჰ. კ. ანდერსენის ზღაპარს, სადაც ბულბულის გალობა სიცოცხლეს უბრუნებს ჩინეთის იმპერატორს.
ბუნება ისეა მოწყობილი, რომ მასში ყველაფერი ჰარმონიასა და დინამიკურ წონასწორობაში უნდა იყოს. ძნელი წარმოსადგენია გაზაფხული სიცოცხლით სავსე ფრთოსანთა სიმღერის გარეშე. სწორედ ეს “ჰაერის შვილები” აცოცხლებენ ზამთარგამოვლილი ხის შიშველ ტოტებს.
განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ბავშვთა ეკოლოგიური აღზრდა, რადგან ჩვენი პლანეტა გამოფიტვის ზღვარზე იმყოფება. არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე ის, რომ მოზარდ თაობას მისი მოვლა და გაფრთხილება ვასწავლოთ. პლანეტის გადარჩენის შესაძლებლობა სწორედ მომავალი თაობის აღზრდაშია. მასწავლებლებისა და მშობლების საერთო ამოცანაა, ვასწავლოთ ბავშვებს ყოველივე ცოცხალის სიყვარული, გავაგებინოთ, რომ სახლები, ეზოები, ქუჩები თუ სკვერები ჩვენი საერთო სახლია და თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია მისი სიჯანსაღისა და სილამაზის შენარჩუნებაზე. ამისთვის ბავშვები თანდათან უნდა შევაჩვიოთ ცოცხალ არსებებზე ზრუნვას. კარგი იქნებოდა მათთვის კუთხის მოწყობა ჩიტების გალიით, აკვარიუმით, ოთახის მცენარეებით – ეს ყველაფერი ბავშვებს სურვილს უღვიძებს, თანაგრძნობით აკეთონ რაიმე სასარგებლო ცოცხალი არსებებისთვის, გაზაფხულობით მოვაწყოთ “ეკოლოგიური დახმარება” დაავადებული მცენარეებისთვის – მორწყვა, გადარგვა, დაფესვიანება-გამრავლება…
ჩიტების ცხოვრებაში ბგერით სიგნალს (ხმოვან ნიშანს) განსაკუთრებული ადგილი უკავია. სინამდვილეში ჩიტს ხმა თავის გადასარჩენად მიეცა. მის გარეშე ბევრი დაიღუპებოდა, რადგან ვერ შეძლებდა უცხოსგან თავისი ტერიტორიის დაცვას. ისეთი პრიმიტიული ქმნილების “ლექსიკონიც” კი, როგორიც შინაური ქათამია, ათეულობით ასეთ სიგნალს ითვლის – უბედურების, გასაჭირის, გაფრთხილების, საკვების მოპოვების, არშიყობის, შეწყვილების, აგრესიულობის, გუნდურობის გამომხატველს. ფრინველები ხმოვან სიგნალს იყენებენ დედლის მისაზიდად გამრავლების პერიოდში, ბარტყების საფრთხისგან დასაცავად და ა.შ. მაგალითად, მტაცებელი ფრინველები, ბუ და არწივი, ნისკარტის ტკაცუნით საფრთხის შესახებ გადასცემენ ინფორმაციას.
ადამიანისთვის მეტყველებისას ძირითად რეზონატორებს წარმოადგენს ხორხი, პირისა და ცხვირის ღრუები და ტრაქეა. დიდხანს მიიჩნეოდა, რომ ჩიტებს სახმო აპარატი ადამიანების მსგავსად ჰქონდათ მოწყობილი, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ფრთოსან მომღერლებს ერთი კი არა, ორი ხორხი ჰქონიათ: ზედა, როგორც ყველა ძუძუმწოვარს, და ქვედა. ბგერის წარმოქმნაში მთავარ როლს ასრულებს არა ზედა, არამდე სწორედ ქვედა ხორხი, რომელსაც ძალზე რთული აგებულება აქვს. ქვედა ხორხი ჩიტების ორიგინალური ევოლუციური მონაპოვარია, სხვა ცხოველებთან ის არ გვხვდება. ქვედა ხორხი მდებარეობს ტრაქეის (სასულეს) ქვედა ნაწილში, იქ, სადაც ტრაქეა ორ მთავარ ბრონქში განშტოვდება. ის იმით არის ორიგინალური, რომ აქვს არა ერთი ვიბრატორი – ბგერის წყარო (როგორც ადამიანს და ყველა ძუძუმწოვარს), არამედ ორი და შესაძლოა ოთხიც კი, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციობს. სხეულის მოძრაობითა და კუნთების დაჭიმვით ჩიტს შეუძლია მნიშვნელოვნად ცვალოს რეზონატორების რთული სისტემის ფორმა და ამ გზით არეგულიროს ხმის სიმაღლე და ტემბრი. ასე რომ, ჩიტის სახმო აპარატი თითქმის მინიორკესტრს (დუეტს ან კვარტეტს) წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც ის ვირტუოზულ “მუსიკალურ ნაწარმოებებს” ასრულებს.
ბგერების წარმოქმნისთვის ჩიტები სახმო აპარატთან ერთად სხვა “მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც” იყენებენ: ნისკარტს, ფეხებს, ფრთებს და კუდსაც კი. მაგალითად, კოდალა ბრწყინვალე მედოლეა. კარგი ჟღერადობის მისაღებად ის გამომშრალ ხეს იყენებს, რათა მისი ხმა რაც შეიძლება შორს ისმოდეს; ხანდახან – კონსერვის ქილებსა და რკინის ნაჭრებსაც კი. თეთრი ყარყატი თავის მეგობარს სასიყვარულო სერენადას ხმით კი არ უმღერის, არამედ ნისკარტის ტკაცუნით. ამ დროს იგი თავს ზურგზე გადაიგდებს, ენას უკან გასწევს და დაიგრძელებს, რითაც ბგერის გასაძლიერებლად კარგად რეზონირებულ პირის ღრუს წარმოქმნის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!