რითი ემუქრებოდა დედა ბაია ღუბელაძეს…


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის მკვიდრი ბაია ღუბელაძე დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკდემიის მესამე კურსის სტუდენტია. სწავლობს თავდაცვისა და უსაფრთხოების ფაკულტეტზე. ბაია ერთ წელიწადში ლეიტენანტის წოდებას ღებულობს და ამისთვის საგულდაგულოდ ემზადება. 

„ზუგდიდელებთან“ ამბობს, რომ ცხოვრებაში მარტივი არაფერი არ არის, მაგრამ მიუღწეველიც არაფერია. მისი აზრით, სურვილი, მიზანდასახულობა, შეუპოვრობა, შრომა და იღბალი, ადამიანს დაეხმარება მიზნის მისაღწევად. ბავშობიდან ფორმას პატივს  ვცემ, პატრიოტი ვარ, მიყვარს ჩემი ქვეყანა და მინდა, ბოლომდე მას ვემსახურო. მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ეს არის ძალიან პერსპექტიული სასწავლებელი, სადაც შეგიძლია ხარისხიანი უმაღლესი განათლება მიიღო, როგორც სამხედრო კუთხით, ასევე სამოქალაქო განხრითაც. თავდაცვის აკადემიაში მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ქვეყნის საკეთილდღეოდ. აკადემიამ შემმატა თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის რწმენა, ჩამომაყალიბა ლიდერად, რომელმაც იცის  როგორ უნდა მართოს პირადი შემადგენლობა, როგორც მშვიდობიან სიტუაციაში, აგრეთვე კრიტიკული მდგომარეობის დროს.

-იქნებ გაიხსენო აკადემიაში მისვლის პირველი დღე?

-პირველ დღეს ძალიან ვნერვიულობდი, რადგანაც გააზრებული მქონდა თუ რამხელა პასუხისმგებლობას ვიღებდი საკუთარ თავზე. ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ მე გავხდი ფორმის ჩაცმის ღირსი და მივიღე იუნკერის წოდება, იმ გმირებისა, რომლებმაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს  სამშობლოს დასაცავად.

-აკადემიაში ცხოვრობ, როგორ იწყება შენი ერთი დღე?

-დღე, დილის გამამხნევებელი ვარჯიშით, ექვსს საათზე იწყება, შემდეგ საუზმე. 9 საათზე ლექციები გვაქვს. ლექციების შემდეგ ვსადილობთ. ოთხ საათზე თვითმომზადება გვაქვს, შემდეგ კი სექციები (ხრიდოლი, ცურვა, ფიზიკური აქტივობა), სურვილის მიხედვით. მოგვიანებით ვვახშმობთ და ბოლოს გასაყრისი. აკადემიაში ძალიან სერიოზული ვარ, რადგან ასეა საჭირო. გარეთ კი, მხიარული ვარ, იმავდროულად სამართლიანი, ობიექტური, მიზანდასახული, პასუხისმგებლობის მქონე, ვერ ვიტან სიცრუეს და სიყალბეს. ძალიან გულწრფელი ადამიანი ვარ და ეგრევე ვცნობ თვალთმაქც და პირფერ ადამიანებს.

-რას იტყვი  შენს ლექტორებზე….

– აკადემიაში მაღალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორები არიან. მოწვეული და ცნობილი პროფესორები. როგორებიცაა: ვასილ ბარნოვი, ალექსანდრე ჯეჯელავა,ზურა აგლაძე, ლევან გეგეშიძე, ლაშა მარკოზაშვილი და ალექსანდრე პაპავა. ვამაყობ, რომ მაქვს პატივი დავესწრო მათ ლექციებს.

-აკადემიაში რა ღონისძიებები ტარდება?

– აკადემიაში ხშირად ტარდება პოეზიის საღამოები, სპექტაკლები. აკადემიას თავისი ბენდი და სხვადასხვა წრე აქვს.

-როგორ მოეწონა შენი გადაწყვეტილება ოჯახს?

-თავიდან ძალიან ცუდად, რადგან საქართველოში, მიუღებელია გოგოს სამხედრო სტრუქტურაში ყოფნა და აბსოლუტურად ყველა მიწუნებდა გადაწყვეტილებას, ძალიან  ბევრი წინააღმდეგობის გადატანა მომიხდა, რომ დამერწმუნებია ჩემი ახლობლები ჩემს სწორ გადაწყვეტილებაში. დედაჩემი თავის მოკვლით დამემუქრა. მეუბნებოდა ჯარში თუ წახვალ, თავს მოვიკლავო, მაგრამ როდესაც დავანახე აკადემიის დადებითი მხარეები, დროთა განმავლობაში,  აზრი შეეცვალა, დღეს კი ჩემით ამაყობს. დედაჩემი მანანა კუკავა, მუდამ ჩემს გვერდით იყო, უმამობას არ მაგრძნობინებდა. დიდი ტკივილი განვიცადე მამის -ზურაბ ღუბელაძის გარდაცვალებით. მყავს ძმა ლადო და და მირანდა ღუბელაძეები. დიდი სიყვარულით და პატივისცემით მინდა მოვიკითხო დეიდაჩემი ავრორა დარასელია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი სწავლა-აღზრდის საქმეში.

-ბაია როდის მიხვდი, აკადემიაში, რომ უნდა დარჩენილიყავი?

-მე თავიდან ვფიქრობდი, აკადემიაში გამიჭირდებოდა, ვერ გავძლებდი და უკან დაბრუნება მომიწევდა, მაგრამ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ აქ უნდა მესწავლა და გავმხდარვიყავი ოფიცერი. ადრე, ფორმას ვერ ვეკარებოდი, მიმაჩნდა, რომ არ ვიყავი ფორმის ჩაცმის ღირსი.  ბევრჯერ გამომითქვამს პროტესტი და მითქვამს, რატომ აცვიათ ჩვეულებრივ მოქალაქეებს სამხედრო ფორმა და პატივს არ სცემენ.  ვფიქრობ, რომ ყველამ არ უნდა ჩაიცვას. ძალიან ბევრმა ფორმიანმა ადამიანმა ქვეყნისათვის სისხლი დაღვარა და ჩვეულებრივი სამოქალაქო პირი არ უნდა აძლევდეს  საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ სამხედრო ფორმა ატაროს. ძალიან დიდი სიხარული განვიცადე, როდესაც პირველად ფორმა ჩავიცვი, იმ დღის ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ, მაშინ მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა დავრჩენილიყავი ამ სასწავლებელში და ჩემი ქვეყნის მომავალზე მეზრუნა.

-შენი ქალაქი ალბათ გენატრება…

– რა თქმა უნდა, ჩემი ქალაქი და სოფელი ძალიან მენატრება. როცა შორს იმყოფები, უფრო მეტად აფასებ აქაურობას.  ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაზე მაგარი ქალაქი  გვაქვს. მეგრელები ძალიან სტუმართმოყვარე და თბილები ვართ.

-მუნიციპალიტეტის გამგეობა შენ ფინანსურად დაგეხმარა…

-დიახ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ გაიგო ჩემი მძიმე ოჯახური მდგომარეობის შესახებ და ისიც, რომ კარგი აკადემიური მოსწრება მქონდა. მან გადაწყვიტა გამგებლის სტიპენდია დაენიშნა ჩემთვის. მიღებული გადაწყვეტილებით, მე ვიგრძენი გვერდში ამოდგომა. მივხვდი, რომ ქვეყანაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც სხვისი გაჭირვება გულთან ახლოს მიაქვთ. ყოველივე ეს მაძლევს იმის მოტივაციას, რომ მომავალში მეც გავუწდო ადამიანებს დახმარების ხელი.

-თავისუფალ დროს რას აკეთებ?

-თავისუფალ დროს ვცდილობ ოჯახთან და მეგობრებთან გავატარო.

– ვინ არიან შენი მეგობრები?

-ჩემი მეგობრები როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები არიან. ჩემი უახლოესი მეგობრები არიან: ნინო ძმანაშვილი, ანი კიკილაშვილი, ხატია გოგოალაძე და ნინო გრიგოლია.

-შენი გატაცება?

-ხატვა და ძერწვა მიყვრს ძალიან. გალერეაში ჩემი ნახატების გამოფენაც მოეწყო. ახლა ჩემს მეგობრებთან ერთად ვმღერი. ადრე ფანდურზეც ვუკრავდი.

-აკადემიაში სპორტით იქნები დაკავებული…

-დიახ. ყოველდღე ვვარჯიშობ. ძალიან მიყვარს ცურვა.

-ბაია, წლების შემდეგ, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი?

– აუცილებად ვიქნები სამხედრო კარიერაში და წარმატებული ოფიცრის წოდება მექნება. თუ ღმერთი ინებებს ბედნიერი ოჯახიც მეყოლება.

-და ბოლოს…

-და ბოლოს, მინდა ხალხმა გულთან ახლოს მიიტანონ ერთმანეთის ტკივილი, ერთმანეთს დაუდგნენ გვერდში, მარტო ერთეულების ბრძოლა არ უშველის ქვეყანას, ერი ერთად უნდა დადგეს სამშობლოს დასაცავად და ვერავინ შეძლებს ჩვენს დამარცხებას.

ეკა ფარულავა

 

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!