რევაზ ფარულავა: საჭიროა საჯარიმო სანქციების გაზრდა


რევაზ ფარულავას “ზუგდიდასუფთავების” ცენტრში მეტად საპასუხისმგებლო ადგილი უკავია, ის წლებია მუშა ჯგუფთან ერთად, დროულად, ოპერატიულად, ახდენს პირუტყვის ქალაქიდან გადინების ორგანიზებას.
“-ქალაქზე ზრუნვის ნაცვლად, ადამიანები ერთმანეთს ვაკნინებთ, ბრალს ვდებთ და დამნაშავეებს ვეძებთ. სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ფოტოებს, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება პირუტყვი ქალაქის ცენტრში. ახალგაზრდები ფოტოებს და ვიდოებს იღებენ, მოგვიანებით კი, აწვდიან სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებს, რაც ხშირად განსჯის, ქილიკისა და განხილვის საგანი ხდება. ყოველდღიურად, ქალაქის სხვადასხვა უბანში, ჩემთან ერთად, ექვსი ადამიანი მუშაობს, რომლებიც აკონტროლებენ ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიას. პირუტყვს, როგორც კი შევამჩნევთ, იმთავითვე, ხდება მისი დაჭერა და სპეციალურ სადგომზე გადაყვანა. ჩვენ, მოქალაქეებს ვერ ავუკრძალავთ, ან ვერ მივუთითებთ ქალაქში არ იყოლიონ საქონელი, მაგრამ მათ სათანადო მოვლა-პატრონობა და ყურადღება სჭირდებათ. ადრე, ბოტანიკურ ბაღში, ამ მხრივ რთული მდგომარეობა იყო, მაგრამ დღეს გაცილებით უკეთესი სიტუაციაა.
ბატონო რეზო, დღის განმავლობაში, რამდენჯერ გიწევთ პირუტყვის დაჭერა?
-საქონელს ხშირად შეხვდებით რკინიგზის სადგურზე, საკონსერვოს, კომბინატის, ფაიფურის და ჭითაწყარის ტერიტორიებაზე, რომლებსაც დღეში, დაახლოებით, ათჯერ ვიჭერთ. საქონლის მეპატრონეები ყოველ დაჭერილ პირუტყვზე ჯარიმებს იხდიან, მიუხედავად ამისა, სიტყვიერი გაფრთხილებაც რამდენჯერმე მიგვიცია, მაგრამ უშედეგოდ.
-საჯარიმო სანქციები რამდენს შეადგენს?
-ქალაქის ტერიტორიაზე 50 ლარია, ხოლო ქალაქგარეთ-ოცი ლარი. ადრე, უფრო მეტი იყო გადასახდელი. მე ვფიქრობ, რომ წესრიგის დასამყარებლად საჭიროა საჯარიმო სანქციების გაზრდა. არავინ ამბობს, რომ ამ მხრივ იდეალური სიტაციაა, მაგრამ “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრი ყველაფერს აკეთებს აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად.  მინდა გითხრათ, რომ მარტო ჩვენი, ცენტრის მუშაობა არ კმარა, საჭიროა, საზოგადოებისა და იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც აქტიურად მიადევნებენ ჩვენს საქმიანობას თვალ-ყურს.
-მიუხედავად თქვენი აქტიური მუშაობისა, სოციალურ ქსელებში ხშირად ჩნდება პირუტყვიანი ფოტოები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე და საზოგადოების თავშეყრის ადგილებზეც…
-სოციალურ ქსელებში ფოტოებს ცალმხრივად, დამახინჯებულად ტვირთავენ. ფოტომასალებში არ ჩანს ჩვენი მუშაობის პროცესი, თუ როგორ ხდება პირუტყვის გადევნა ქალაქის ტერიტორიიდან. მინდა, მივმართო ჩემს თანაქალაქელებს, რატომ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში? საზოგადოებამ უნდა დააფასოს იმ ადამიანთა შრომა, ვინც ძალ-ღონეს არ იშურებს ქალაქის კეთილმოწყობისათვის.

ეკა ფარულავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!