რევაზ პერტაია: “ფეხბურთის განვითარებას დიდი ძალისხმევა სჭირდება”


ზუგდიდელი ვეტერანი  ფეხბურთელი რევაზ პერტაია,  ქალაქშიც და ფეხბურთის ქომაგებშიც, „პეტრო“-ს სახელითაა ცნობილი. მისი საფეხბურთო სფეროში მოღვაწეობის ბიოგრაფია, თითქმის 60 წლიან ისტორიას მოიცავს, გარდა იმისა, რომ მას საკმაოდ ხანგრძლივი საფეხბურთო გამოცდილება უმაგრებს ზურგს, თვითონაც ჩინებული პიროვნებაა და მეგობრების წრეშიც, ხუმრობით “ადამიან პოზიტივს“ ეძახიან.

– ბატონო რევაზ, დიდი ხანია საფეხბურთო სფეროში ტრიალებთ, ამიტომ პირდაპირ გკითხავთ, საიდან იწყება თქვენი საფეხბურთო კარიერა?

– საფეხბურთო სფეროში 1960 წლიდან ვარ ჩაბმული. პირველი ჩემი მწვრთნელი ალიოშა დიდიშვილი იყო, უნიჭიერესი სპეციალისტი და კარგი პიროვნება. მას არაერთი ფეხბურთელი აღუზრდია. 1965 წლიდან ვიყავი „პრიმასტერებში“, ხოლო 1968 წლიდან უკვე დიდ გუნდში ჩავირიცხე. 1969 წელს, ზუგდიდის „დინამო“, საკავშირო ჩემპიონატის, “ბ”  კლასიდან გამოვარდა და უკვე დავიწყეთ, საქართველოს პირველობაზე თამაში. დიდი დრო არც დაგვჭირვებია და 1973 წელს, ჩვენი გუნდი, ქვეყნის პირველობაზე ლიდერი გახდა,  დავიკავეთ პირველი ადგილი და გავხდით საქართველოს ჩემპიონები. სხვადასხვა დროს მითამაშია, საკავშირო ჩემპიონატის  მეორე ლიგის მეორე  ზონაში, სადაც ზუგდიდის „დინამო“ ასპარეზობდა. ზუგდიდის გუნდს საკავშირო თასის  ნახევარფინალშიც უთამაშია და იქაც, მონაწილეობა მიმიღია. ჩემი საფეხბურთო კარიერა ხობის „კოლხეთში“ გაგრძელდ. რის შემდეგაც ისევ ზუგდიდს დავუბრუნდი და ზუგდიდის „ენგურში“ ვითამაშე რამდენიმე წელი. „ენგური“ მაშინ საქართველოს პირველობაზე ასპარეზობდა. 1985 წელს კი, ჩემი აქტიური საფეხბურთო კარიერა დასრულდა, თუმცა ამ სფეროში მუშაობა გავაგრძელე და როგორც ხედავთ, დღესაც აქ ვტრიალებ.

– გარკვეული პერიოდი იყო „ვაკუუმი“, ანუ საფეხბურთო სფეროში აღარ მუშაობდით?

– მართალს ბრძანებთ, როგორც კი, აქტიური ფეხბურთიდან წამოვედი, იმავე წლიდან მწვრთნელად დავიწყე მუშაობა და შემდეგ ფიზკულტურის ინსტრუქტორად გამამწესეს. ამის შემდეგ იწყება ამ სფეროში „ტაიმაუტი.“ ჩემთვისაც სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი ანაკლიის მაშინდელ პიონერთა ბანაკის დირექტორის პოსტზე, სადაც 4 (1986-89 )წ.წ. გავატარე. 1992 წელს უკვე ზუგდიდის ეკოლოგიის პოლიციის უფროსის თანამდებობა დავიკავე, სადაც 12 წლის განმავლობაში შეუცვლელად ვიმუშავე. ამ პერიოდის განმავლობაში, გამოვიარეთ სამოქალაქო ომი – დაპირისპირება, ფეხბურთი ზუგდიდში როგორც იტყვიან „ჩაკვდა“, ვინაიდან ქალაქს უმაღლეს ლიგაში გუნდი წლების განმავლობაში არ ჰყავდა. სწორედ იმას ვუსვამ ხაზს, რომ უმაღლესი ლიგა ამ წლებში, ჩვენთვის არ არსებობდა, თორემ ბავშვთა ფეხბურთში ხალხი ფუსფსებდა და საკმად ნაყოფიერადაც, მათ მიმართ დიდი მადლიერების გრძნობა გამაჩნია.

– როდის „დაიბრუნეთ“ ფეხბურთი?

-2004 წელს შევქმენით საფეხბურთო კლუბი  ზუგდიდის „მგლები“ და ამავე წელს, პირველ ლიგაში ვიასპარეზეთ, დავიკავეთ პირველი ადგილი და მოვიპოვეთ უმაღლესი ლიგის საგზური. ჩვენი უმაღლეს ლიგაში გადასავლამ ქალაქი, საფეხბურთი სფეროს მხრივ, საგრძნობლად გამოაცოცხლა. პირველივე წლიდან უმაღლეს ლიგაში, ზუგდიდური გუნდი ანგარიშგასაწევი ძალა გახდა და 14 გუნდს შორის, მე-7 ადგილი დავიკავეთ. ამ წლებში, საფეხბურთო კლუბის  „მგლები“ დირექტორის თანამდებობაზე ვიყავი. 2008 წლიდან, ს.კ. „მგლები“ და პირველ ლიგაში მოასპარეზე ზუგდიდის „ბაია“ გაერთიანდნენ – ერთობლივი ძალებით, ბრძოლა უმაღლეს ლიგაში გავაგრძელეთ. ამ წლებში კლუბის დირექტორის მოადგილედ დავინიშნე, ხოლო 2012 წელს ზუგდიდის საფეხბურთო გუნდს „ზუგდიდი“ ეწოდა და დღემდე ამ კლუბში,  სპორტული დირექტორის თანამდებობას ვიკავებ.

– ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლადაც ვერ ჩაითვლება, ბავშვთა ფეხბურთში კატასტროფული ვითარება, ეროვნული ჩემპიონატის დონე, ინფრასტრუქტურის არარსებობა,   ეს ყველაფერი მთლიანობაში ნაკრების შედეგზეა ასახული.

– ფეხბურთის განვითარებას სოლიდურ ფინანსებთან ერთად, უდიდესი ძალისხმევა სჭირდება. ქართულმა სახელმწიფომ, როგორც იქნა ამ მხრივ უდიდესი ნაბიჯი გადადგა და ქართულ ფეხბურთში, 5 წლიანი პროგრამის გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან უდიდესი თანხა გამოჰყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ყველა მიმართულებით, ახალი პროგრამა აქვს შემუშავებული და დიდად მეიმედება, რომ ფეხბურთის განვითარების მხრივ შედეგი, უახლოეს პერიოდში გვექნება. რაც შეეხება ჩვენს ქალაქას – ფეხბურთის მოყვარულებმა კარგად უწყიან, რომ საფეხბურთო კლუბის „ზუგდიდი“, ასპროცენტიანი წილის მფლობელი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია  არის და ჩვენი კლუბიც, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ზედმეტ  პათეტიურობაში არავინ ჩამომართვას და მერიის მხრიდან, აშკარად იგრძნობა ფეხბურთის მიმართ მხარდაჭერა. ქალაქის მერის, ირაკლი გოგოხიას დამსახურებაა ის, რაც საფეხბურთო მეურნეობის მხრივ, ზუგდიდში ხდება. ზუგდიდის ენგურქაღალდკომბინატის ტერიტორიაზე. უეფას სტადიონების მესამე კატეგორიის სტადიონი შენდება და ამასთან პარალელურად, მეორე სავარჯიშო მოედნის მშენებლობაც მიმდინარეობს. მშენებლობა ისეთი ტემპით მიმდინარეობს, შესაძლოა სტადიონის გახსნის საზეიმო ცერემონია იმაზე ადრე ჩავატაროთ, ვიდრე ეს გეგმის მხიედვითაა გაწერილი. პროექტის მიხედვით, ზუგდიდში, ახალი სტადიონი 2017 წლის 30 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნება. აქ, მხოლოდ სტადიონებზე არაა საუბარი, ამას მთელი საფეხბურთო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მოჰყვება. მანამდე, მერიას აქტიური მხარდაჭერით, ზედაეწერში, უხეშად, რომ ვთქვათ წლების განმავლობაში, უპატრონოდ მიტოვებულ სტადიონს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რის შედეგად კოპწია სტადიონი მივიღეთ. ჩვენი გუნდი, ახალი სტადიონის გახსნამდე, ყველა ოფიციალურ მატჩს, სწორედ ზედაეწერში ჩაატარებს.

სფფ-ის პროექტების მიხედვით კი, მკვეთრად უნდა მოხდეს ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, რაც უპირველესი პრიორიტეტია. ჩემს ნათქვამში ახალი არაფერია და ეს არაერთხელ გაჟღერებულა, მაგრამ განვმეორდები – ყველა საფეხბურთო კლუბს უნდა გააჩნდეს, ბავშვთა საფეხბურთო სკოლა და აკადემია. ამის შემდეგ თამამად შეგვეძლება  თქმა ფეხბურთის წინსვლაზე. მართალია, დღევანდელი მდგომარეობით, ს.კ. „ზუგდიდი“ არასტაბილურად ასპარეზობს მიმდინრე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და გასავარდნ ზონაშიც   ვიმყოფებით, მაგრამ იმედი მაქვს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა შესაძლებელია, რათა უმაღლესში ადგილი შევინარჩუნოთ, ხოლო სამომავლოდ, ზუგდიდელებს ვპრდებით, რომ საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი გუნდი გვეყოლება.

–  როგორი ოჯახი აქვს ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულ რევაზ პერტაიას?

– ჩემი მეუღლე გახლავთ ლუიზა ჭითანავა, ყოფილი ბუღალტერი. მყავს ერთადერთი ვაჟიშვილი ნიკოლოზი, რომელსაც ჩემი მეგობარი ფეხბურთელის კოლია (ნიკოლოზ) ვნუკოვის სახელი დავარქვი. ის უნდა ყოფილიყო ჩემი მეჯვარე, მაგრამ მოულოდნელად გარდაიცვალა. მე მისი გარდაცვლებიდან ორი წლის შემდეგ დავქორწინდი და მისი სიყვარულით დავარქვი შვილს ეს სახელი. ნიკოლოზი თბილისში მუშაობს ინგოროყვას კლინიკაში, ექიმია, 32 წლისაა, დაოჯახებულია, რძალი თამარ  ხუხუა ეკონომისტია, მყავს  2 შვილიშვილი რეზიკო და გიორგი.

– თქვენს ცოხვრებაში თუ ყოფილა რამე სასიამოვნო მოულოდნელობა?

– ერთხელ მე  და ჩემი მეგობარი კოლია, ის ცნობილი სტომატოლოგის მარინა ჩილაჩავას შვილი იყო, მეგობრებთან ერთად, ქალბატონ მარინასგან მალულად, ვსვამდით ღვინოს. კოლიას დედამ შემოგვისწრო და ჰკითხა ჩემზე, ვინ არის ეს ბიჭიო, კოლიამ გააცნო ჩემი თავი და თან დასძინა – „პეტროს“ მეჯვარე უნდა ვიყოო, შევფიცეო. როგორც უკვე გითხარით ამას ვერ მოესწრო. მაგრამ ქალბატონმა მარინამ, 2 წლის შემდეგ, დამპატიჟა მეუღლესთან ერთად  სახლში. 150 კაციანი გაშლილი სუფრა დაგვახვედრა თავისი ესტრადითურთ. ჩემს განცვიფრებას არ ჰქონდა საზღვარი. ჩემს მეუღლეს საპატარძლო კაბაც უძღვნა, ეს იყო ჩემი ცხოვრების მოულოდნელი სასიამოვნო სიურპრიზი, რომელიც ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება.

– ბატონო რევაზ, რომელი  დრო მოგწონთ – ძველი თუ ახალი?

– არ დაგიმალავთ, ძველი დრო მომწონს. ჩემს ახალგაზრდობაში უფროსების განსაკუთრებული პატივისცემა იყო, სულ განსხვავებული მეგობრობა ვიცოდით. მე რომ ფეხბურთელი ვიყავი, ხშირად მეპატიჟებოდნენ ოჯახები და ისეთ სიყვარულს მახვედრებდნენ, იმხელა დაფასება მქონდა ზუგდიდში, თავი რაღაც სასწაულად მიმაჩნდა. ვწუხვარ, რომ სულ სხვა დრო დადგა და გადაფასდა ღირებულებები.თუმცა, ცხადია, ყველა დროს თავისი „შუქ-ჩდილი“ აქვს.

როზა როგავ

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!