რომელი ჯიშის ღვინოები წარადგინა “ღვინის ფესტივალზე” კარდიოქირურგმა შოთა ქარჩავამ


  • ზუგდიდში, “ღვინის ფესტივალზე”, კარდიოქირურგმა და ინტერვენციულმა კარდიოლოგმა, კლინიკა “გულის” ექიმმა, შოთა ქარჩავამ, წარადგინა აღდგენილი ძველი კოლხური ჯიშის ორი ღვინო: “კოლოში” და “ვარდისფერი ხარდანი” და “ხაშმის საფერავი” ექვსი წლის დაძველებით. ბატონი შოთა, “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ ყურძნის ძველი კოლხური ჯიშების აღდგენა შვიდი წელია დაიწყო.

შოთა ქარჩავა: “ღვინის ფესტივალზე” “კოლოშმა” და “ვარდისფერმა ხარდანმა” დიდი მოწონება დაიმსახურა და ადგილობრივ მოსახლეობას პირველად მიეცა საშუალება დაეგემოვნებინა მეორე წლის დაყენებული “კოლოში” და “ვარდისფერი ხარდანი”, აღსანიშნავია, რომ “კოლოში” მხოლოდ მეორე წლიდან იცვლის გემურ თვისებებს და იღებს თაფლის ფიჭის გემოს. ვფიქრობ, მსგავსი ფესტივალების ჩატარება აუცილებელია და მნიშვნელოვანია. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ საქართველოში, ბევრი რამ არის ისეთი, რაზედაც შეიძლება ყურადღების გამახვილება და მუშაობა.

მევენახეობა ბავშობიდან ბაბუამ და ბებიამ შემაყვარეს. ბაბუაჩემი, შოთა ცირამუა, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და სამხედრო ექიმი იყო. მშრომელი პიროვნება გახლდათ, უყვარდა, როგორც მედიცინა, ასევე სოფლის მეურნეობა. სულ რაღაც უნდა გაეკეთებინა. ბაბუაჩემი წარმოშობით იყო მუხურიდან, ჯარის შემდეგ, თბილისში ცხოვრობდა და მიუხედავად ამისა, ქალაქგარეთ შეიძინა ნაკვეთი, სადაც გააშენა ვენახი და სხვადასხვა ჯიშის ხეხილი. დასვენების დღეებში, ბაბუას ხშირად ვსტუმრობდი და აქედან იწყება ჩემი დაინტერესება და სიყვარული ვენახის მიმართ.

რაც შეეხება ძველი მეგრული ჯიშის ვენახების აღდგენის ისტორიას, დავიწყე შვიდი წლის წინ. ყულიშკარის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში, მე და ჩემმა მეგობრებმა, ტაძრის წინამძღვარს, მამა ექვთიმეს, შევთავაზეთ, გაგვეშენებინა ვენახი. მამაო დაგვთანხმდა. თავდაპირველად, 400 ძირი კოლხური ჯიშის ვენახი დავრგეთ: “ჭვიტილური”, “უჩახარდანი”, “მაჭყვადინა”, “ეგუძგური”, “კოლოში”, “ჩეჭიფეში” და სხვა. საბოლოოდ, 400 ძირიდან მხოლოდ 10-15 პროცენტი შეეგუა იქაურ ნიადაგს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ძველი “კოლოში” შემორჩენილი იყო აწ გარდაცვლილი ძმების, ღვინის ტექნოლოგის კოტე და ტრავმატოლოგ თანდილა ქარჩავების ოჯახში, საიდანაც ავიღეთ კვირტები და გავამრავლეთ. “კოლოში” დავრგეთ და გავაშენეთ: ახალსოფელში, ხიბულაში და სხვადასხვა სოფელში. შევისწავლეთ, რომელ რეგიონში, როგორ ხარობს და რომელ მიკროზონას შეესაბამება. ზუგდიდში ერთ ოჯახში, ყურძნის ერთ-ერთი სახეობა “ტოროკუჩხი” აღმოვაჩინეთ. ეს ვენახიც წამოვიღეთ, გავახარეთ და ახლა ოთხი წლისაა. წელს, პირველი ნაყოფი მოგვცა. თუ მომავალ წელს კარგად მოისხამს, პირველი ღვინოც დაიდგმევა ადგილობრივი “ტოროკუჩხიდან”.

ბატონი შოთა ამბობს, რომ უშაქრო წითელ ღვინოს შეუძლია დადებითად იმოქმედოს ორგანიზმზე და მნიშვნელოვანწილად გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. გვირჩევს, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, დღეში, მხოლოდ ერთხელ, 50 გრამი ღვინო მივიღოთ, ეს დოზა ხელს უწყობს სისხლძარღვებს და ქოლესტერინის დონეს ამცირებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!