დღეს, ზუგდიდს, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი სტუმრობდა თურმე. როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, ივანიშვილს სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ზუგდიდის ცნობილი ბოტანიკური ბაღი დაათვალიერებინა. ადგილობრივმა მედიამ ამ შეხვედრის შესახებ ვერც სხვა ინფორმაცია და ვერც ფოტო ვერ მოიპოვა. როგორც გუბერნიის პრესსამსახური ამბობს -ეს იყო ივანიშვილის არაოფიციალური ვიზიტი. ე.ი. ზუგდიდში ჩამოსული ბატონი ბიძინა დაინტერესდა ბოტანიკური ბაღით, სთხოვა გუბერნატორს მეგზურობა და მასთან ერთად დაათვალიერა ზუგდიდის ერთ-ერთი პრობლემური და იმავდროულად უნიკალური ბაღი. მაგრამ პრობლემის მოგვარებაზე მედიასთან არაფერი გაჟღერებულა. დაუჯერებელია, ივანიშვილი მხოლოდ ბოტანიკური ბაღის დასათვალიერებლად და უნიკალური მცენარეების სანახავად ჩამოსულიყო ზუგდიდში. სხვათაშორის, რამდენიმე დღის წინ, მარიამობას, ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში დაბრძანებული ღვთისმშობლის კვართი ბერა ივანიშვილმაც მოილოცა. დაუჯერებელი არ არის, მაგრამ ნუთუ კვართის მოსალოცად ჩამოვიდა ბერა ზუგდიდში? მაინც რა აინტერესებთ ივანიშვილებს “არაოფიციალურად” ჩვენს ქალაქში?
განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავსირებით სააგენტო smoge:
“ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა. მან სამეგრელოს გუბერნატორთან, ლევან შონიასთან ერთად ჯერ ანაკლია-განმუხურის ტერიტორია დაათვალიერა, ხოლო მოგვიანებით ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გადმოინაცვლა, რომლის რეაბილიტაციაც უახლოეს ხანებში უნდა დაიწყოს.
ბიძინა ივანიშვილის ზუგდიდში ვიზიტს სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონიაც ადასტურებს და აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძალიან მოეწონა. მისივე განმარტებით, ყოფილი პრემიერი მზადყოფნასაც გამოთქვამს ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციაში საკუთარი წვლილიც შეიტანოს.
“ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დღეს პირველად იმყოფებოდა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოეწონა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება. რაიმე პრობლემა თუ იქნება ამ მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ ის დაგვეხმარება”- აცხადებს სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია.”