- რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი “თანაზიარი” ახორციელებს პროექტს “ჩვენ ერთად შეგვიძლია”. პროექტის მიზანია ბავშვთა ასაკში შაქრიან დიაბეტზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება. დონორი გახლავთ “საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი”.
ბავშვებში შაქრიან დიაბეტზე და მის გამომწვევ მიზეზებზე “ზუგდიდელებთან” საუბრობს რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ “თანაზიარის” ექიმი, ენდოკრინოლოგი თამარ ხუფენია.
თამარ ხუფენია: – “2008 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2012 წელს რეზიდენტურა სპეციალობით-ენდოკრინოლოგია”.
– რა არის დიაბეტი და როგორ ჩნდება?
– შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზმში გლუკოზის (შაქრის) რეგულაციის დარღვევასთან. მოგეხსენებათ არსებობს ორი ტიპის დიაბეტი, ინსულინდამოუკიდებელი ანუ ტ 2 დიაბეტი (90-95%) და ინსულინდამოკიდებული ტ 1 (5-10%) დიაბეტი, რომელიც გვხვდება ძირითადად ბავშვებში. სამწუხაროდ, მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, შაქრიანი დიაბეტის გავრცელება წლიდან წლამდე იზრდება.
– რამდენად გავრცელებულია შაქრიანი დიაბეტი ბავშვებში?
– 2021 წლის დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის (IDF) მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით შაქრიანი დიაბეტით მილონახევარი ბავშვია დაავადებული. რაც შეეხება საქართველოს, ბოლო მონაცემებით, ჩვენთან ყოველწლიურად დაახლოებით, 200-250 ახალი შემთხვევა აღირიცხება. ბავშვებში ძირითადად ტ 1 დიაბეტია გავრცელებული. თუმცა, გვხვდება, ასევე ტ 2 დიაბეტიც, რაც ძირითადად განაპირობა ბოლო პერიოდში, ჭარბწონიანობის მომატებამ, ფიზიკური აქტივობის შემცირებამ და არასრულფასოვანმა კვებამ.
როგორც უკვე გითხარით, ბავშვებში ორივე ტიპის დიაბეტი გვხვდება, თუმცა უფრო ხშირია ტ 1. შაქრიანი დიაბეტი ტ 1 ორგანოსპეციფიკური აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულინმაპროდუცირებელი ბეტა – უჯრედების დესტრუქციას და გამოვლინდება ინსულინის აბსოლიტური დეფიციტით, ხოლო შაქრიანი დიაბეტი ტ 2 გამოვლინდება ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევით და ჰიპერგლიკემიის განვითარებით ინსულინრეზისტენტობისა და ბეტა უჯრედების სეკრეტორული დისფუნქციის შედეგად.
– ქალბატონო თამარ, რომელ ასაკში იჩენს თავს ბავშვებში შაქრიანი დიაბეტი?
– ბავშვებში შაქრიანი დიაბეტი შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს. ტ 1 დიაბეტი ხშირად, 5-14 წლის ასაკში ვითარდება, ხოლო ტ 2 დიაბეტი 10-18 წლის ასაკში. ძირითადად იმ ბავშვებში, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა, ნაკლები ფიზიკური აქტივობა და არასრულფასოვანი კვება. ადრე, ტ 2 დიაბეტი ძირითადად მოზრდილებში გვხვდებოდა, თუმცა, მისი გავრცელება ბავშვებში ბოლო წლებში, მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა.
– რა ნიშნებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება, რომ შაქრიანი დიაბეტი იეჭვონ?
– შაქრიანი დიაბეტის ყველა ტიპისთვის საერთო სიმპტომებია დამახასიათებელი: პოლიდიფსია (გაძლიერებული წყურვილი), პოლიურია (ხშირი შარდვა), კანის ქავილი, წონაში კლება (საკვების მიღების მიუხედავად), ძლიერი საერთო სისუსტე. ტ 1 იწყება მკვეთრი კლინიკური სურათით, წონაში მკვეთრი კლებით, ხოლო ტ 2 ის დროს სიმპტომები უფრო ნელა ვითარდება.
– რა პრინციპით მკურნალობენ ბავშვებში შაქრიან დიაბეტს?
– ბავშვთა შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა მოითხოვს კომპლექსურ და ინდივიდუალურ მიდგომას. ტ 1 დიაბეტის დროს მკურნალობის უალტერნატივო მეთოდია ინსულინოთერაპია, ხოლო ტ 2 ის შემთხვევაში დაბალანსებული კვება, ფიზიკური აქტივობა, წონაში კლება.
– შეიძლება თუ არა დიაბეტიანი ბავშვი სპორტით იყოს დაკავებული?
– აუცილებლია, რადგან ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს შაქრიანი დიაბეტის მართვაში. თუმცა აუცილებელია გლუკოზის მუდმივი მონიტორინგი და ინსულინოთერაპიასთან ერთად ფიზიკური აქტივობის სწორად შერჩევა, რათა თავიდან ავიცილოთ გლუკოზის დონის მკვეთრი ცვლიელებები. (განსაკუთრებით ჰიპოგლიკემია).
– რეგიონში არის თუ არა ბავშვთა ენდოკრინოლოგი?
– 2008 წელს, როცა პირადად მე ჩავაბარე რეზიდენტურაში ბავშვთა ენდოკრინოლოგია ცალკე გამოყოფილი არ იყო, რამოდენიმე წელში გამოეყო, აჟამად როგორც ვიცი, მუშაობა მიდის ცალკეულ ნოზოლოგიების მართვაზე ბავშვთა გარკვეულ ასაკში, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. სამწუხაროდ, სერტიფიცირებული ბავშვთა ენდოკრინოლოგი ჯერ-ჯერობით რეგიონში არ გვყავს.
– როგორ დავიცვათ თავი დიაბეტისგან?
– ტ 1 დიაბეტი, როგორც ავღვნიშნე აუტოიმუნური დაავადებაა და სამწუხაროდ მისი პრევენცია შეუძლებელია. რაც შეეხება ტ 2-ს, იმისთვის, რომ შაქრიანი დიაბეტის განვითარებას ხელი შევუშალოთ საჭიროა: დღეში მინიმუმ 30 წუთი ფიზიკური აქტივობა, ვიკვებოთ ჯანსაღად, ნაკლები შაქრით და ცხიმებით. ვმართოთ სტრესი, რეგულარულად შევამოწმოთ ჯანმრთელობა. ერთი სიტყვით, საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.
მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ