რაულ ჩილაჩავა: 10 წლის შემდეგ…


  • სპეციალურად „ზუგდიდელებისთვის“ საქართველოზე, ზუგდიდზე, ადგილის დედაზე საუბრობს უკრაინაში მოღვაწე, ცნობილი ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, რაულ ჩილაჩავა,.

„მას შემდეგ, რაც ჩვენს ცხოვრებაში აქტიურად შემოიჭრა ჯერ ინტერნეტი, მერე კი, მისი საოცარი შედევრი “ფეისბუკი”, სამყარო თითქოს დაპატარავდა, საინფორმაციო სივრცე კი, ისე გაფართოვდა, რომ მსოფლიოს ნებისმიერი სიახლე, თვალის დახამხამებაში, საყოველთაოდ ცნობილი ხდება. და მაინც, ცხადია, რომ ეკრანზე ნანახს და წაკითხულს, უშუალოდ ნანახი და მოსმენილი სჯობს. მოხდა ისე, რომ მიზეზთა გამო, ათწლიანი განშორების შემდეგ, ამ შემოდგომაზე, პირველად ჩავედი საქართველოში. თითქოს საქმის კურსში ვიყავი, ყველა სიახლე ვიცოდი, მაგრამ პირადმა შთაბეჭდილებებმა, ამ ცოდნაში, საკმაო კორექტივი შეიტანა. საავტორო საღამოებზე, რომლებიც დედაქალაქსა და მშობლიურ ზუგდიდში მქონდა, ბევრი ნაცნობი, მეგობარი და ახლობელი მოვიდა. წლებს თავისი გაუტანია – ზოგი, ჩემდასამარცხვინოდ, ვერ ვიცანი, თუმცა ალბათ, მეც ვერ მიცნობდნენ, წინასწარ რომ არ სცოდნოდათ, ვის ეწვივნენ სტუმრად. გამაოცა თბილისში მანქანების არნახულმა საცობებმა, ქუჩების საფარი საერთოდ არ ჩანს, მთელი სივრცე ავტომობილებითაა მოფენილი. არც სადმე გაჩერება შეიძლება, დგომა ხომ მით უმეტეს. შემხვედრთა სახეებით, ვიტრინებითა და რეკლამებით თუ ვიმსჯელებთ, თავი უცხოეთში გეგონება. სახლში, სადაც ბინა ვიყიდე, მეტწილად, ჩინელები, ირანელები და სხვა ტომის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც ჩვენთან ბიზნესი აქვთ. არქიტექტურაში, სრულიად გაუთვითცნობიერებელი დილეტანტისთვისაც კი, თვალში საცემია ურბანული აბრაკადაბრა, რომელსაც თბილისში დაჟინებით ამკვიდრებენ უცნაური ძეგლების, საცხოვრებელი შენობებისა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა სახით. მომეჩვენა, რომ ისინი ამოვარდნილია ქალაქის საერთო სტილიდან, დაშორებულია ქართულ ტრადიციებს, უბრალოდ, მახინჯია და შეუსაბამო. და მაინც, ყველგან და ყოველთვის, უმთავრესი და უპირველესი ადამიანები არიან და ამ თვალსაზრისით, მადლობა ღმერთს, ოდნავი სკეფსისიც არ გამჩენია.

საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიაში. მწერალი გურამ ოდიშარია, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. როინ მეტრეველი, მე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გივი აბდუშელიშვილი

საქართველოს ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში, სადაც ჩემი საღამო გაიმართა, მოვიდა ქვეყნის ნაღები ინტელიგენცია – მეცნიერები, მწერლები, მხატვრები, ჟურნალისტები, მკითხველები, რომლებმაც იციან მხატვრული სიტყვის ფასი. მე მათ წარვუდგინე ჩემი რამდენიმე ახალი გამოცემა, მათ შორის ათასორასგვერდიანი ლექსთა კრებული „ბედის ფორმულა. შვიდწიგნეული“. თვითონ ბიბლიოთეკამ კი, წარმოადგინა მის მიერ გამოცემული სამენოვანი „ბიობიბლიოგრაფია. რაულ ჩილაჩავა“, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და ლატვიის უპირველესი ბიბლიოთეკების ძალისხმევით შეიქმნა. საღამოს აპოთეოზად იქცა ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი ფაქტი – ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, გამოჩენილი ისტორიკოსის როინ მეტრეველის მიერ აკადემიკოსის დიპლომის გადმოცემა! ეს დიდი ნდობაცაა და დიდი ტვირთიც.


სასიამოვნო შეხვედრა მელოდა მშობლიურ ზუგდიდშიც, რომლის მერიამაც შესანიშნავი შეხვედრა მომიწყო „არტ ჰაუსში“. ბოლო ათი წლის მანძილზე, ზუგდიდი საოცრად შეცვლილა, იმდენად, რომ მშობლიურ ქალაქში, კინაღამ, გიდი დამჭირდა. როცა პირველად ხედავ ამდენ ახალ მრავალსართულიან სახლს, სასტუმროს, რესტორანს, ბანკს, განახლებულ ბულვარს, დადიანების სასახლეს და ბოტანიკური ბაღს, მშენებარე სახელმწიფო თეატრს, შეუძლებელია გული სიხარულითა და სიამაყით არ აგევსოს. ზუგდიდი სულ უფრო ხდება რეგიონული მნიშვნელობის თვალსაჩინო ცენტრი, რომლის ფასადი უკვე აშკარად ევროპულია და ახლა ჯერი მისი შინაარსის ევროპულ დატვირთვაზეა.
აქვე, მინდა, მკითხველს შევახსენო, რომ ჩემი პირველი ლიტერატურული ნაბიჯები დაკავშირებულია ზუგდიდის საბავშვო ბიბლიოთეკასთან (გამგე ქალბატონი ქეთევან ცხონდია) და რაიონულ გაზეთ „მებრძოლთან“, რომელსაც ჩემი თანასოფლელი, არაჩვეულებრივი პიროვნება – ნაფრონტალი პოეტი და ჟურნალისტი ისაკ ქორთუა ხელმძღვანელობდა. ჩემი ზემოთხსენებული „ბიობიბლიოგრაფია“ სწორედ „მებრძოლით“ იწყება. 1962 წლის 8 მარტს, იქ გამოქვეყნდა ჩემი პირველი ლექსი. და განა მარტო ჩემი! ამ გაზეთმა და მისმა რედაქტორმა დაულოცეს გზა დიდ ლიტერატურაში მურმან ჯგუბურიას, დილარ ივარდავას, ძმებ კალანდიებს, არჩილ ფირცხალავას, გიორგი სიჭინავას, ზაურ მოლაშხიას, ტიტე მოსიას და მათ უმცროს კოლეგებს, რომლებიც ქართული მწერლობის ღირსეული წარმომადგენლები გახდნენ. დასანანია, რომ ეს სახელოვანი გაზეთი დღეს არ არსებობს, უფრო სწორად არსებობს შეცვლილი სახელწოდებით, თუმცა თაობათა ხსოვნაში იგი ისევ „მებრძოლია“, რომელიც არ ყოფილა არც „ლენინის დროშა“ და არც „კომუნიზმის გზა“, ამიტომ გაუგებარია, რატომ მოჰყვა „პარტიულ წმენდაში“. სხვების სახელით ვერ ვიტყვი, მაგრამ მე კი გამიხარდებოდა, ჩემი გამზრდელი გაზეთი პირვანდელ სახელს რომ დაიბრუნებდეს.
ბუნებრივია, რომ ვიყავი ჩემს მშობლიურ სოფელ ძველ აბასთუმანშიც, რომლის უმთავრესი პრობლემა ათლეულების მანძილზე იყო უშუქობა და უგზოობა. შუქი, იქ, მე რომ სკოლას ვამთავრებდი, მაშინ გაიყვანეს, გზა და რაიონის ცენტრთან სატრანსპორტო კავშირი კი, უწინდებურად სოფლის ცხოვრების “აქილევსის ქუსლად” რჩებოდა. ახლა ბეტონის გზა დაუგიათ, სამარშრუტო ავტობუსიც გამოუყვიათ, გაზიც შეუყვანიათ და ინტერნეტიც. დიდი ამბავია ეს მოსახლეობისთვის, ერთი სამწუხარო ფაქტი რომ არა – სულ უფრო მეჩხერდება თავად მოსახლეობა. გაჩანაგებულია მეურნეობა – ჩაი ამოძირკვეს, ტუნგო გახმა, თხილს ჭირი უჩნდება, სიმინდს კი, მარტო საკარმიდაო ნაკვეთზე თუ დათესავს, საბედნიეროდ, აქა-იქ, ჯერ კიდევ შემორჩენილი გლეხკაცი. შევიარე სკოლაში, რომელიც დავამთავრე (მართალია, ძველი შენობა აღარ შემორჩა), შევხვდი მასწავლებლებს. მოსწავლეები ცოტა ჰყავთ, თითქმის არა აქვთ თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა. არადა, ამ სკოლას, თავის დროზე, ფიზიკის, ქიმიისა და ანატომიის საუკეთესო კაბინეტები ჰქონდა არა მარტო რაიონში, არამედ მთელს რესპუბლიკაში. აბასთუმნის სკოლას ისინი ადგილობრივმა მკვიდრმა აკაკი თათარიშვილმა აჩუქა, რომელიც 30-იან წლებში ქვეყნის განათლების სახალხო კომისარი და მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო. შესაძლებლობა რომ მქონდეს, უსათუოდ გავაგრძელებდი აკაკი თათარიშვილის ტრადიციას. რაკი, სამწუხაროდ, ასეთი შესაძლებლობა არა მაქვს, იქნებ, განათლების სამინისტრომ მიაქციოს ყურადღება სკოლას, რომელმაც ბევრი ღირსეული შვილი გამოუზარდა სამშობლოს. ერთადერთი, რაც მე შემიძლია და რის გაკეთებასაც ვაპირებ, ესაა, ჩემს ეზოში პატარა სახლის ჩადგმა და „ასი წიგნის“ სიმბოლური მუზეუმის შექმნა. იქ განთავსდება ყველა ის წიგნი, რაც ნახევარი საუკუნის მანძილზე გამომიცია. მათმა რაოდენობამ დიდი ხანია გადააჭარბა ასს და, მგონი, ასოცსაც გასცდა, მაგრამ აკი ვთქვი – სიმბოლური-თქო. იქვე გადმოვიტან კიევიდან ჩემს პირად ბიბლიოთეკასაც, რომელიც მსურველთათვის ხელმისაწვდომი გახდება. თუ ვინმეს გაუჩნდება ამ საქმეში ხელის წაშველების სურვილი, მხოლოდ მადლობელი დავრჩები.

მე ახლა ისევ კიევში ვარ და საგაისოდ ახალ გამოცემებს ვამზადებ როგორც ქართულად, ასევე უკრაინულად. თან, რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. გული მწყდება, რომ ხელისუფლებისთვის კვლავ გაკოტრებული პარტიები და მათი სახელგატეხილი ლიდერები იბრძვიან. ვფიქრობ, ამორჩევლისთვის სულ ერთია, რომელი სისტემით ამოარჩევინებენ ისინი თავს ხელახლა. ქართველთა უმრავლესობის მსგავსად, ვისურვებდი, ქვეყნის სათავეში, ისეთი ეროვნული ძალის მოსვლას, რომლის უპირველესი მიზანი იქნება ქვეყნის ტერიტორიული, სულიერი და მენტალური გაერთიანება, ეკონომიკის აღორძინება, ხელოვნების, მეცნიერების, სპორტის აღმავლობა, მართლაც ევროპული სახელმწიფო სტრუქტურების მშენებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სამართლიანობის დამკვიდრება, თავდაცვისუნარიანობის განუხრელად ამაღლება, საბოლოო ჯამში კი, საკუთარი მოქალაქეების ყოველდღიურ კეთილდღეობაზე ფიქრი და ზრუნვა. ორ კვირაში ახალი წელი შემოვა, რომელიც დააგვირგვინებს ოცდამეერთე საუკუნის მეორე ათწლეულს. ვუსურვებ ყველა ქართველს და სრულიად საქართველოს, რომ იგი ჩვენი სანუკვარი ოცნებების, იმედებისა და სურვილების დამაგვირგვინებელიც ყოფილიყოს.“


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!