- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების 2515 მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება.
რეფორმის ფარგლებში პროფესიული განათლების მასწავლებლებს ანაზღაურება ჯერ კიდევ 2019 წელს 11 ლარამდე გაეზარდა, ხოლო ამჟამინდელი ცვლილების შედეგად მასწავლებლის ერთი საათის ანაზღაურება (საბაზო) განისაზღვრება 15 ლარის ოდენობით. აღნიშნული ზრდა 2020 წლის იანვრიდან შეეხება ყველა მასწავლებელს, რომელიც დასაქმებულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საჯარო დაწესებულებაში (კოლეჯი, უნივერსიტეტი, სკოლა) ან იმ კერძო სასწავლებელში, სადაც ირიცხებიან პროფესიული სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებით. ეს ცვლილება პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორიდან, წარმოებიდან პროფესიონალი კადრების მოზიდვის საშუალებას იძლევა.
მასწავლებელთა თვიური ანაზღაურება დამოკიდებულია საათობრივ დატვირთვაზე. მათი საშუალო თვიური ანაზღაურება, სრული დატვირთვის შემთხვევაში ამჟამად შეადგენს 1300 ლარს, ხოლო ზრდის შემთხვევაში ის მიაღწევს დაახლოებით 1800 ლარს.