- საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა რამდენიმე მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანებებს, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმი მიაწოდეს, რითაც მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დაახლოებით 20 000 ლარს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.”-ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.