- დასრულდა ზუგდიდელების დიდი ხნის მოლოდინი–ბოტანიკური ბაღი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის. მისი სტუმრები, ჯერ–ჯერობით, ძირითადად, ახალგაზრდები, საჯარო მოხელეები და ჟურნალისტები არიან.
თუმცა, ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში, რამდენიმე ძირძველი ზუგდიდელიც შევნიშნეთ. ისინი, ეტყობოდა, ერთმანეთს ადარებდნენ მათი ახალგაზრდობისდროინდელ და დღევანდელ, რეაბილიტირებულ ბოტანიკურ ბაღს.
28 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე ღია იქნება ბოტანიკური ბაღის ყველა შესავლელი. შემდეგ კი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაწესდება ბაღში შესასვლელი ტარიფები.
ბოტანიკური ბაღის დირექტორი ზვიად ქარჩავა, ამბობს, რომ ტარიფებში გათვალისწინებული იქნება მოქალაქეთა კატეგორიები და ფასებიც შესაბამისი იქნება.
ბაღის ტერიტორიაზე უკვე მუშაობენ ბაღის სხვადასხვა პროფილის თანამშრომლები. როგორც ჩანს, იმდენად დიდია ენთუზიაზმი, ამ ეტაპისთვის, ყველა მეველის პოზიციაზეა და ლამის ფურცელი არ დატოვონ ბილიკებზე. როგორც ბაღის დირექტორი ამბობს, ტერიტორიაზე გაძლიერებული იქნება დაცვა.
თანამშრომლები სექტორების მიხედვით განაწილდებიან და დაიცავენ როგორც სისუფთავეს, ასევე, მცენარეებისა და ინვენტარების უსაფრთხოებას. მოქალაქეების მიერ უდიერად მოპყრობის შემთხვევაში, ადგილზე მობილიზებული იქნება პოლიცია. უკვე დამონტაჟებულია და მუშაობს ვიდეოთვალი. ადმინისტრაციულ შენობაში ხდება ინვენტარის მობილიზება. თანამშრომლები იწყობენ თავიანთ სივრცეს და საჭიროდ არ ჩავთვალეთ მათი შეწუხება. ადმინისტრაციულ კორპუსში გათვალისწინებულია საკონფერენციო დარბაზი, რომელიც უახლოეს ხანებში აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკით.
უახლოეს ხანებში გაიხსნება ასევე, კაფეც. ტერიტორიაზე განთავსებულია ბოტანიკური ბაღის რუკა და შესაბამისად, დამონტაჟებულია მიმართულებების მაჩვენებლები.
ტბაზე, რომლის ირგვლივ განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, ორი ნავი ელოდება მოქალაქეებს ტბაში გასასეირნებლად.
ბაღს ახალი ბინადრები ჰყავს–თბილისის ზოოპარკის ნაჩუქარი ოთხი ფარშევანგი, რომლებიც ჯერ–ჯერობით ადაპტირებას გადიან და მათთვის განკუთვნილ, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე იმყოფებიან, თუმცა აქაც მიაგნეს მათ მოქალაქეებმა სელფის გადასაღებად.
საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისათვის 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
პროექტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის მერიასთნ ერთად განახორციელა.