- ცნობილია ის რისკჯგუფები, რომლებიც წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას სახელმწიფოსგან უფასოდ გაიკეთებენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, ეს რისკჯგუფებია: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.
სხვა პრიორიტეტული ჯგუფებია: ბავშვთა (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები; 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.
ამასთან, სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ პირებად განისაზღვრნენ: სამედიცინო პერსონალი, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან; ფრინველებთან მომუშავე პერსონალი; მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები;მონადირეები; ვეტერინარები, ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი. საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები; სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები; პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი.
ბრძანების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 8 ოქტომბერს დაიწყო და ამ პროცესის პირველი ეტაპის სამიზნედ განისაზღვრნენ დიალიზზე მყოფი პირები, ორსულები და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი.
ამასთან, გრიპის ვაქცინის ადმინისტრირება დაშვებულია COVID-19-ის ვაქცინაციასთან ერთად, ერთსა და იმავე დღეს, სხვადასხვა ზედა კიდურზე – მხრის ზედა ნაწილში, წინააღმდეგ შემთხვევაში რეკომენდებულია, რომ აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი იყოს 14 დღე.
ამ ეტაპზე საქართველოში გრიპის 43 ათასი დოზა ვაქცინაა შემოსული, ქვეყანა კიდევ 150 ათასზე მეტ ვაქცინას უახლოეს პერიოდში ელოდება.