პალიკო ლამანძიასთვის განტვირთვა მეგობრებთან ურთიერთობაა


პალიკო ლამანძიას საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება – მას ზუგდიდელები კარგად იცნობენ, როგორც ყურადღებიან რენტგენოლოგს, ექიმს, რომელსაც შეიძლება ენდო. ადამიანს, რომელიც ქვეყნისა და ქალაქის ღირსეული მოქალაქეა.
– მე, მართალია, ზუგდიდი ძალიან მიყვარს, მაგრამ გალის რაიონის სოფელ დიხაზურგიდან გახლავართ წარმოშობით. სპორტსმენი კაცი ვარ, – სკოლაშივე ვიყავი აფხაზეთის მრავალგზის ჩემპიონი ჭიდაობაში. მინდოდა ჩამებარებინა ფიზკულტურის ინსტიტუტში, მაგრამ საბჭოთა არმიის რიგებში გამიწვიეს და ოცნება ვერ ავისრულე. აზერბაიჯანში ვიმსახურე რვა თვე, ჩავირიცხე სპორტკლუბში და გავხდი ამიერკავკასიის ჯარების ჩემპიონი. რვა თვის შემდეგ გადმომიყვანეს საქართველოში, თბილისში, არმიის სპორტულ კლუბში. 1969 წელს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების პირველობაზე ჩავედით კიევში, წარმატებით ვიასპარეზე – გავხდი საბჭოთა კავშირის ჯარების პრიზიორი, იქვე გამომიჩნდა სპონსორი – დამსახურებული მწვრთნელი, რომელმაც მიმიწვია ქ. ჩიტაში. ერთი წელი მქონდა დარჩენილი სამხედრო სამსახურის დასრულებამდე, ამასობაში, გავხდი საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი თავისუფალ ჭიდაობაში. დავამთავრე თუ არა სამხედრო სავალდებულო სამსახური, ჩავედი ქ. ჩიტაში. ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპიც დაიწყო – ჩავირიცხე ქ. ჩიტას სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც დავამთავრე წარმატებით. 5 წლის მანძილზე ჩემი სურათი ეკიდა ჩემი ინსტიტუტის საპატიო კედელზე და ეწერა „ჩვენი ინსტიტუტის სიამაყე“.
ჩიტაშივე დავქორწინდი, მაშინ 24 წლის ვიყავი. პირველი ქორწინებიდან მყავს ორი ქალიშვილი – ციალა, ქ. ჩიტას ბავშვთა მთავარი სტომატოლოგი და მარინა, რომელიც ასევე სტომატოლოგი გახლავთ და ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს მოსკოვში. მათგან მყავს ორი შვილიშვილი, რომლებიც ძალიან მიყვარს – ისინი მილამაზებენ ცხოვრებას.
როდის დაბრუნდით საქართველოში, ბატონო პალიკო?
– საქართველოში, აფხაზეთში, სოხუმში დავბრუნდი 1988 წელს, პირველი მეუღლის გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ და დავიწყე მუშაობა სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რენტგენოლოგად, გარკვეული პერიოდის შემდეგ გადმოვედი საცხოვრებლად გალში. ისევ შევქმენი ოჯახი ქალბატონ ნანული (ლალი) აბშილავასთან, გვყავს ვაჟიშვილი ქართლოსი, 26 წლის. ქართლოსიც სპორტსმენია. ქართლოსი წმინდა ნიკოლოზის სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტში ჩაირიცხა 2008 წელს, რომელიც დაამთავრა 2012 წელს, მას მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი და არის მაგისტრანტი.
ამჟამად მუშაობს ქ. ზუგდიდში სპორტის დეპარტამენტში – მთავარ სპეციალისტად.
1993 წლიდან ვცხოვრობ ზუგდიდში, სოფელ ინგირში. 1993 წლის დეკემბრის თვეში მომიკლეს დედა და და. 1996 წელს კი, მამა გარდამეცვალა. 24 წელია ზუგდიდში ვცხოვრობ და ვმუშაობ რენტგენოლოგად.
ბატონო პალიკო გემადლიერებიან პაციენტები.
– რენტგენოლოგია ძალიან რთულია, მაგრამ მე ვცდილობ, არაფერი გამომეპაროს და ჩემი უყურადღებობით პაციენტები არ დავაზარალო, არ დავამძიმო. 2001 წელს, თბილისში როცა ვაბარებდი, სალიცენზიო გამცდას რენტგენოლოგიაში, ქირურგმა გია ნინოშვილმა ხუმრობით მითხრა: რაო, რენტგენოლოგიის მამა რენტგენოლოგიას აბარებსო? ეს სიტყვა უკვე საკმარისი იყო ჩემთვის, მერე აკადემიკოსმა ბატონმა ნიკა წვერავამ მომილოცა წარმატება. ასე რომ, მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. მიყვარს ზუგდიდიც – ჩემი მეორე სამშობლო, აქ ცხოვრება და მოღვაწეობა ჩემთვის ყველაფერია. არც სუფრაზე მავიწყდება სიყვარული გამოვხატო ჩემი ქალაქისა და თანაქალაქელების მიმართ – ზუგდიდის და ზუგდიდელების სადღეგრძელოს ცალკე ვამბობ. მე მათ ვემადლიერები, ვგრძნობთ მათ სიყვარულს. ზუგდიდი სამეგრელოს გულია, ეს არის ცენტრი, გამაერთიანებელი.
-ბატონო პალიკო, პროფესიული კონსულტაცია გაუწიეთ ჩვენს მკითხველებს. მართალია რომ ამბობენ  – ხშირი დასხივება ვნებს ადამიანის ჯანმრთელობასო?
– მე, როგორც რენტგენოლოგი, არ ვატარებ ხელთათმენებს. მქონია შემთხვევა ერთ დღეში მიმიღია 75 პაციენტი – ორგანიზაციიდან იყვნენ მოსულები, ეს უკვე 5-6 ექიმის დოზაა, ექიმ-რენტგენოლოგის დოზაა 2 კუჭის, 3 ფილტვის გაშუქება. ერთ-ერთ შაბათ -კვირას, ჯვარში, ექიმთა ბრიგადა იყო ჩამოყვანილი თბილისიდან და ვმუშაობდი ექოსკოპიაზე, შაბათს მივიღე 100 პაციენტი, კვირას მივიღე 64 პაციენტი. დღის 16.00 საათამდე სულ 164 პაციენტი. ეს ძალიან დიდი დატვირთვაა ემოციურადაც, ფიზიკურადაც, სხვათა შორის, ეს ღვაწლი დამიფასა მინისტრმა სერგეენკომ. გუბერნატორმა, ბატონმა ლევან შონიამ, გადმომცა მინისტრის სიგელი მადლობის ნიშნად, გაწეული მუშაობისათვის. 2005-2008 წლებში შემოვლილი მაქვს მთელი დასავლეთ საქართველო, კახეთის გარდა, კოდორის ხეობიდან დაწყებული – ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია და სამეგრელო.
რაც შეეხება გაშუქებას – მოზარდებს 3-4 ჯერ წელიწადში, შეუძლიათ რენტგენოგრაფია, ექოსკოპია კი უფრო ნაკლებად გადაიღონ. ასევე გაგვაჩნია ექოსკოპიის პორტატული (გადასატანი) აპარატი. შეიძლება პაციეტს ადგილზე, ოჯახში მოვემსახუროთ გამოძახების დროს.
ბატონო პალიკო, სამსახურის გარდა, სხვა რა გიტაცებთ, რა არის თქვენი ჰობი?
– ჩემი ჰობი მეგობრებთან ურთიერთობაა. როგორც ყველა ქართველი, მეც ახლოს ვარ ქართულ სუფრასთან, ვმღერი, ვცეკვავ – აფხაზურად, ქართულად, აჭარულად, რუსულად, სვანურად.
 რას უსურვებთ საქართველოს, როგორც მზიური აფხაზეთის შვილი?
– მე მინდა აფხაზი და ქართველი ხალხის შერიგება, მინდა ამას მოვესწრო. მაგრამ იცოდეთ, რაც არ უნდა მოხდეს, მე ზუგდიდში ვრჩები, აქ უნდა ვიმუშაო და აქ უნდა მოვკვდე.
– დიდი ხნის სიცოცხლეს გისურვებთ

ესაუბრა როზა როგავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!