23 მარტი, 2020 წელი…
მძიმე, ჩუმი და იმავდროულად, ძალიან ხმაურიანი ორშაბათი…
დიახ, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირველი ორშაბათი იყო დღეს, უმძიმესი პირველი ორშაბათი!-კორონავირუსის “ნაჩუქარი” პირველი (იმედია, უკანასკმელი იქნება) ქართული “წითელი ზონით” მარნეულსა და ბოლნისში, კორონავირუსის 61 დადასტურებული შემთხვევით, მათ შორის 8 გამოჯანმრთელებულით, 3222 კარანტინის რეჟიმში და 237 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი მოქალაქით. მთელ საქართველოში დახურული სკოლებით, უნივერსიტეტებით, რესტორნებით, კაფე-ბარებით, სავაჭრო ცენტრებით, საჯარო, თუ კერძო სამსახურებით, აკრძალული ქელეხებით, ქორწილებით, საერთაშორისო, თუ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, ცარიელი ქუჩებით და ამ ქუჩებზე, აქა-იქ, გაუბედავად გამოჩენილი პირბადიანი და ხელთათმანიანი მოქალაქეებით, რომლებიც ნაცნობს ცალყბად უღიმიან და არაქართულად, “დისტანციურად” ესალმებიან.
აფთიაქებში პირბადის მოკითხავა გაკვირვებას და ღიმილს იწვევს, არ არის და მორჩა! არც გებოდიშება ვინმე, უნდა იცოდე, რომ არ არის და არ მოიკითხო. მალე, თავად შეკერავ, მარტივია. არც იმაზე ბრაზდები, რომ დეფიციტია სამედიცინო სპირტი, ანტიბაქტერიული სალფეთქები და ზოგადად, დეფიციტია ნებისმიერი სადეზინფექციო საშუალება. ხელებს ხშირად დაიბან, უფრო გაფრთხილდები.
დღეს, რამდენიმე მარკეტში ამოწურული იყო ფქვილის, შაქრის, წიწიბურის მარაგი. ვისაც შეეძლო, ზურგზე მოიგდო ყველაფერი და ჭიანჭველასავით თავის ბუდეში შეზიდა. …და შენ არც ამაზე ბრაზდები… ვერ ივარგე და არ შეგხვდა! მოიტანენ, შეავსებენ, შეგხვდება, აბა, რა იქნება.
სოციალური დისტანციის მიმთითებელი სტიკერები გაკავებს დახურულ სივრცეებში. ამ მინიშნებებით სარგებლობას ვეჩვევით. ვეჩვევით იმასაც, რომ ამ დახურულ სივრცეში 10-ზე მეტი არ უნდა ვიყოთ.
იძულებული ვართ, ცხოვრების ახალ წესს შევეჩვიოთ, უკეთესი იქნება თუ სახლში დავრჩებით. ეს კორონავისრუსის, ჩუმი მკვლელის წინააღმდეგ ბრძოლის, ერთადერთი აპრობირებული, გატესტილი წესი და მეთოდია დღეისთვის!
სახლში დარჩენილი მოქალაქეების ქალაქი შემოიარა დღეს “ზუგდიდელებმა”. ზუგდიდში ყვავილობაა, სულ ცოტაც და სტუმარი საკურაც ავარდისფრდება, წუთი-წუთზე სიმორცხვეს დასძლევენ დაბერილი კვირტები და ზუგდიდელებს ზუგდიდში მოუწყობენ საკურას იმედის ფესტივალს. …და მაინც… ჩვენი ქალაქის მთავარი ფერი ჩვენ ვართ, უჩვენოდ, უთქვენოდ, ზუგდიდელებო, დღეს, ორშაბათს, ნაცრისფერი იყო ჩვენი ქალაქი. დავრჩეთ სახლში, რომ მალე შევხვდეთ ერთმანეთს.
პ.ს. პირბადით, ხელთათმანებით, სათვალეებით, მობილურით, ზუგდიდის ქუჩებში იყო ნანი მოსიძე. მე ჟურნალისტი ვარ, ვმუშაობ თქვენთვის, თქვენ დარჩით სახლში!
ორშაბათი, 23 მარტი, 2020 წელი, ზუგდიდი…