ნინო ქირია: მინდა, ჩემს ნახატზე მხოლოდ დადებითი ემოციები აისახოს, მნახველსაც ბედნიერება მიანიჭოს


  • ზუგდიდელი მხატვარი – ფერმწერი ნინო ქირია ბავშვობიდან ხატავს. ნამუშევრებს ტილოზე ქმნის ზეთის საღებავებით, ზოგჯერ გრაფიკაშიც მუშაობს, შერეული ტექნიკით. მის ნახატებში ყოველთვის ბევრი ფერია, როგორც “ზუგდიდელებთან” ამბობს, ძალიან უყვარს კონტრასტი.

ნინო სკოლაშიც მუშაობს მასწავლებლად. მეორე და მეოთხე საჯარო სკოლებში, მოსწავლეებს, ხელოვნების ისტორიას ასწავლის.

ნინო ქირია: “დავამთავრე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მეხუთე კლასიდან ვხატავ. ბავშვობაში სულ გოგოებს ვხატავდი. გოგოების ხატვა ახლაც მიყვარს, ქალი ჩემთვის სილამაზესთან, სიყვარულთან, სიცოცხლესთან ასოცირდება. მახსოვს, ჩემი ხატვის მასწავლებელი ლუარა ქირია, ჩემს ნახატებს სულ მიქებდა, მისი რჩევით, სამხატვრო სკოლაში მიმაბარეს… მხატვრობაში ყველაზე გამორჩეული მიმდინარეობა, ჩემთვის, იმპრესიონიზმია. იმპრესიონისტების შემოქმედება ყოველთვის მხიბლავდა. მყავს გამორჩეული მხატვრები: ვინსენტ ვან გოგი, მოდილიანი კლიმტი, კლოდ მონე და ბევრია კიდევ. ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია…  ჩვენი გენიალური მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი, საოცრებებს ქმნის”.

-პერსონალური გამოფენა გქონდათ “ზუგდიდი მოლში“…

-დიახ, პერსონალური გამოფენა ახლახანს მქონდა “ზუგდიდი მოლში”, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით. მოულოდნელად შემომთავაზეს და მეც დავთანხმდი. მინდა, გითხრათ, რომ გამოფენა ორი დღე გაგრძელდა და დადებითი ემოციებით დავიტვირთე. საკმაოდ ბევრი დამთვალიერებელი მოვიდა. ადრე, რამდენჯერაც დავგეგმე, ვერასდროს მოვახერხე გამოფენის მოწყობა. მიუხედავად ამისა, ჯგუფურ გამოფენებზე სულ გამქონდა  ნამუშევრები, ახლაც გამოფენილია რამდენიმე ჩემი ნახატი არტ-გალერეაში დედის დღესადმი მიძღვნილ გამოფენაზე, სხვა ზუგდიდელი მხატვრების ნახატებთან ერთად.

-ნინო, რა ემოციას იწვევს თქვენი ნამუშევრები თქვენში?

-ხატვის პროცესი ძალიან მსიამოვნებს. ტილოსთან არასდროს მივდივარ თუ ცუდ განწყობაზე ვარ. მინდა, ნახატზე მხოლოდ დადებითი ემოციები აისახოს, მნახველსაც ბედნიერება მიანიჭოს.

-შთაგონებას რა გაძლევთ?

-ექსტრემალურ სიტუაციაში მიწევს უმეტესად ხატვა, უბრლოდ მშვიდი გარემო მენატრება. ორი ბიჭის დედა ვარ, ორივე ხატვის დროს გვერდიდან არ მშორდება. თუ ვხატავ, დილით შვიდის ნახევრიდან ფეხზე ვარ, ფინჯანი ყავით და სანამ სამსახურში გავალ, ვხატავ. ეს არის ერთადერთი მშვიდი პერიოდი ჩემს ყოველდღიურობაში. ისე, ყოველდღიურად მიღებულმა ნებისმიერმა დადებითმა ემოციამ შეიძლება გავლენა იქონიოს ჩემზე და ხატვისკენ მიბიძგოს.

-თქვენი ნამუშევარი გაგიყიდიათ?

-დიახ, საკმაოდ. მიხარია, რომ ბევრ ადამიანს აქვს ჩემი არაერთი ნამუშევარი თავის პირად კოლექციაში  და მადლობა მათ ამისთვის.

-თუ გაქვთ ისეთი ნახატი, რომელსაც ვერასდროს გაიმეტებთ გასაყიდად?

-რამდენიმე ნახატი მაქვს, მათ შორის “ქოლგები” და “პეპლები”…

-ამჟამად რაზე მუშაობთ?

-ამჟამად, ბალერინებს ვხატავ, რომელსაც მოუთმენლად ელოდება თავისი მომავალი მფლობელი.

-რამდენია ხანია, რაც პედაგოგიურ საქმიანობას ეწევით?

-სკოლაში 15 წელია ვმუშაობ. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ახლა ვერ წარმომიდგენია სხვაგან ჩემი თავი. ძალიან რთულია ბავშვებთან მუშაობა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან საინტერესოც. ბავშვების უმეტესობა მიზანდასახულია და შრომისმოყვარე. ძალიან მრავალფეროვანია მათი ინტერესთა სფერო, მისწრაფებები და შესაძლებლობები. მთავარია მათ მოისურვონ და მობილიზდნენ უკეთესი მომავლისკენ.

კარგი მასწავლებელი უნდა იყოს პროფესიონალი, შრომისმოყვარე, მეგობრული და მოსიყვარულე. მასწავლებელს აუცილებლად უნდა უყვარდეს თავისი საგანი და ცოდნასთან ერთად ემოციებსაც უნდა გადასცემდეს. ის უნდა ზრუნავდეს მოსწავლის შინაგანი და ასევე გარეგანი მოტივაციის ამაღლებაზე და განუვითაროს მას შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.

-როგორ და სად წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი გამოფენა..

-ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩემი ნახატები გამოიფინოს ღია ცის ქვეშ, ბუნების წიაღში. ისეთი ლამაზი სივრცე გვაქვს ბოტანიკურ ბაღში, ტბასთან, საოცარი გარემოა. ვისურვებდი პერსონალური გამოფენის მოწყობას კიდევ ერთხელ ზუგდიდში და შემდეგ სხვა ქალაქებში.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!