- ნინო ხვიჩია, პედაგოგი, 94 წლის – მრავალი თაობის აღმზრდელი, საკუთარი საქმის ოსტატი, რომელიც ისე, როგორც ცნობილ გამონათქვამშია “ჩირაღდანივით ანთებდა” მოსწავლეებს… ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული ხასიათის შტრიხით – დიდთან დიდი იყო და პატარასთან – პატარა, მეგობრული, უშუალო… მისი პროფესიული წარმატების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, რომელსაც ლაიტმოტივად შრომისმოყვარეობა და საკუთარი საქმის სიყვარული გასდევს.
ქალბატონი ნინო გვიყვება თავის ცხოვრებაზე: „დავიბადე მრავალი წლის წინ, ბაღდადის რაიონის სოფელ ვარციხეში. მამა ადრე გარდამეცვალა, დედა მამის მაგივრობასაც გვიწევდა და 5 და-ძმა შეძლებისდაგვარად გაგვზარდა და მოგვცა განათლება… მშობლიური სკოლის შვიდწლედი წარჩინებულად დავასრულე, ჩავირიცხე ქუთაისის წულუკიძის სახელობის პედაგოგიურ სასწავლებელში დაწყებითი კლასების სპეციალობაზე. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დავიწყე გორის მაღალმთიანი სოფლის სკოლაში მიწვევით, სადაც მალევე მივიღე საუკეთესო მასწავლებლის წოდება გორის განათლების განყოფილებიდან. შემდეგ დავოჯახდი ზუგდიდელზე,-ზუგდიდის რაიონ სოფელ დარჩელში. მყავს ორი შვილი. საკუთარ შვილებთან ერთად სხვების შვილებზე ზრუნვასაც ვართმევდი თავს და ქების მეტი არასდროს მიმიღია არაფერი ნეგატიური… შრომატევადთან ერთად, სახალისოც არის პედაგოგიური საქმიანობა: ერთხელ, საგაკვეთილო პროცესში მესწრებოდა ბებია: “ჩემმა შვილიშვილმა იმდენი ლექსი იცის, პოეტ რე, პოეტი“-ო. ერთი მოსწავლე გაკვეთილის მსვლელობისას მეკითხება: „ათაშიო, დედა?!“ – ალბათ დედობრივ სითბოს გრძნობდა ჩემგან. ბედნიერი ვარ, როდესაც ყოფილი მოსწავლეები, შეხვედრისას, იხსენებენ, რომ მათი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მქონდა პოზიტიური გავლენა ამა თუ იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას და მათ წარმატებაში მეც მიმიძღვის წვლილი…“
ხვალ ახალი სასწავლო წელი იწყება – მრავალს ნინო მასწავლებელო.
მარიკა ბიგვავა, ზსსუ-ს სასწავლო პროგრამა „რეპორტიორობა ჟურნალისტიკაში“ სტუდენტი