ნეტავ…


– სწრაფად იარეთ, რუსები გვიახლოვდებიან… ცოტაც და აფხაზეთში ვიქნებით, ერთი ნაბიჯიღა დარჩა.

– არ შემიძლია, არა… ძალიან მეშინია.

– მიდი, მიდი, გადახტი… ჰოპ… ასე! უკვე აფხაზეთში ვართ!
გული საგულედან ამოვარდნას ლამობს. ბედნიერი ვარ. აქ ჩემთვის ყველაფერი ძვირფასი და მშვენიერია. უმნიშვნელო კენჭიც კი. ყველა და ყველაფერი მინდა გულში ჩავიკრა, – ნაცნობი, თუ უცნობი. სწორედ ესაა ალბათ მშობლიურ მიწაზე ფეხის დადგმის სიხარული.
სანამ ჩემს სოფელში ჩავიდოდი, თითქმის მთელი გზა, თვალები დახუჭული მქონდა და ოცნებით ნაცნობ ქუჩებში დავნავარდობდი. მინდოდა გავქცეულვიყავი და მოვფერებოდი იმ ადგილებს, სადაც ჩემი წინაპრების კერა იყო და სადაც დაირწა მათი აკვანი. როდესაც თვალები გავახილე, გულმა კვდომა იწყო გზად ნანახის გამო. მოხუცების ამარა მიტოვებული კარმიდამოები, მომრგვალებული, აფიცრული კარ – ფანჯრები, დაქანებეული და მორღვეული ღობეები, ირგვლივ ჯაგნარი, სახურავჩაქცეული სახლები. აღარ ისმის ახალგაზრდების ყიჟინა და გადაძახილი, სიცილ-კისკისი, გოგო-ბიჭების ჟრიამული, სიცელქე და მხიარულება, თითქოს სიკვდილის აჩრდილი შემოპარულა და უმოწყალოდ დაბუდებულა ერთ დროს სიცოცხლით სავსე ეზოებში.
ახლობლები თბილად მხვდებიან, განსაკუთრებით აფხაზური წარმოშობის დალი ბებო:
– ჩამოხვედი, შვილო? რა ხდება საქართველოში? ხოა მშვიდობა? ძალიან მოგვენატრეთ. მშობლები როგორ არიან? ღმერთმა დასწყევლოს ეს ოხერი რუსები, ამათი ავანტიურა რომ არა, დღეს ისევ ერთად ვიქნებოდით…
–  არაუშავს დალი ბებო. ყველაფერი კარგად იქნება.
–  ღმერთმა ქნას შვილო… მაქეთ რამეს ხომ არ ამბობენ ,,დაბრუნებაზე”?
–  არა ბებო, მაგრამ რომ გადმოვდიოდი, ერთმა აფხაზმა ოფიცერმა ერთ ქართველ ბიჭს უთხრა: “როგორ შევცდით, რუსებს რომ დავუჯერეთ. მალე ეროვნებით აფხაზები აღარ ვიარსებებთ. ნეტავ, ისევ მოგვეცემოდეს შანსი, დაშვებული შეცდომა გავასწოროთ. ამჯერად აღარ გავებმებით მათ მიერ დაგებულ მახეში და საქართველოს მივემხროთო”.
– რაო ბებო?! ეს მართლა თქვა იმ ოფიცერმა?
–  დიახ, ბებო, მართლა… ზუსტად მასე თქვა. …და თუ კი, მასავით ფიქრობს ბევრი, გვეშველა და ეგაა.
–  ჰო, მაგრამ იქნებ ფუჭი სიტყვებია. ასეც ხომ შეიძლება, არა?! შენ თვითონაც კარგად იცი, რომ დღეს საქართველოს ამ უძველეს მიწაზე ორი აფხაზეთია – ერთი – ქართული კულტურის მატარებელი აფხაზეთი, რომელიც უფლებააყრილი და პატივაყრილია, ფაქტიურად მძევლის მდგომარეობაში, და მეორე – თვითმარქვია აფხაზეთი, რომელიც ძირს უთხრის ნამდვილ აფხაზეთს და საქართველოს…
–  შესაძლოა, სიმართლეს ამბობს ის ოფიცერი…
–  იმას, რომ თქვენ დაბრუნდებით და ისევ ერთად ვიცხოვრებთ, ბებო?!
– დიახ, სწორედ მასეა.
დალი ბებოს თვალები უბრწყინავს სიხარულით და გულში მაგრად მიკრავს, –  გენაცვალე, გეენაცვალე, ბებო! ნეტავ, მალე დადგებოდეს ის სანატრელი დღე. ნეტავ, შვილო, ნეტავ…

თამარ ჟვანია,
ზუგდიდის მოსწავლე _ ახალგაზრდობის სასახლის ჟურნალისტთა კლუბის წევრი


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!