- ნატალი დარასელია ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტია. წარმოშობით ზუგდიდელი. ამჟამად სწავლობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ახალგაზრდა შემოქმედი “ზუგდიდელებთან“ ამხელს, რომ მას ძალიან უყვარს კითხვა, პოეზია კი ის თავშესაფარია, რომელიც ყველა დაბრკოლების გადალახვას უადვილებს.
-წერა როდის დაიწყეთ?
–წერა დაახლოებით 13 წლის ასაკში დავიწყე. წერით გამოვხატავდი პროტესტს ისეთი რამეების მიმართ, რაც არ მომწონდა და რაც მიუღებელი იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, მაშინდელ ნაწერებს ნაკლებად ჰქონდა ლიტერატურული ღირებულება, მაგრამ სწორედ ის იყო საწყისი წერტილი, რომელმაც აქამდე მომიყვანა და ამდენი წელია არ გადამიხვევია იმ გზისაგან, რასაც პოეზია ჰქვია.
-რისი თქმა გსურთ მკითხველისთვის?
-ჩემი ლექსები ძირითადად ჩემს შინაგან სამყაროსა და გარე სამყაროსადმი ჩემს დამოკიდებულებას გამოხატავს. მსურს, მკითხველებში ემპათიის, თანაგრძნობის, სამართლიანობის განცდა გავაღვივო, რადგან ვთვლი, რომ ამ ემოციებისაგან დაცლილ სამყაროში ეს აუცილებელია.
-რა არის თქვენთვის პოეზია?
-პოეზია ჩემთვის თავშესაფარია, თვითგამოხატვის საშუალება, სადაც შემიძლია ვიყო ყველაზე გულწრფელი და ნამდვილი და ამ ნამდვილობას ესთეტიკური მშვენიერებაც მივანიჭო. პოეზია პროტესტია, პროტესტია მთელი სამყაროსადმი, გარდაუვალი მოვლენებისადმი, რაც, ალბათ, ნებისმიერ ადამიანს უფორიაქებს სულს.
-რას ნიშნავს იყო “პოეტი”?
–პოეტობა ნიშნავს განსხვავებული ტვირთის ზიდვას, რომელიც გულისხმობს აღქმის სიმძაფრეს, მეტ ტრაგიზმს, მეტ დაკვირვებას და რაც მთავარია, საკუთარ თავთან მართლად დარჩენას. ვერ ვიტყვი, რომ ეს ბედნიერებაა, რადგან თან უდიდესი ტკივილიც ახლავს, მაგრამ თუ ერთხელ შეგეყარა ლექსების სენი, რადიკალურად იცვლები. შინაგანად ძლიერდები, სათუთდები და სამყაროს უფრო მეტად იყვარებ.
–რა არის თქვენი შთაგონების წყარო?
–ჩემი შთაგონების წყარო ჩემი ცხოვრებაა, რომელიც ბევრი ხიფათითა და დაბრკოლებებითაა სავსე. ჩემი ყოველდღიურობა, ურთიერთობები, შეცდომები, მარცხი და გამარჯვებები, ადამიანები ჩემს გარშემო. სწორედ ესაა ის მასალა, რასაც პოეზიად გარდავქმნი. აქ არ არის სიყალბე, ილუზორული პერსონაჟები და ხელოვნურად გამძაფრებული ტრაგედიები, ეს ჩემი რეალობაა, რომელიც გარდაიქმნება ლექსად და მიდის მკითხველამდე.
–რას ურჩევდით მომავალ თაობას, ახალგაზრდა შემოქმედებს?
-მოუსმინონ შინაგან ხმას და გაჰყვნენ მას, რადგან ის არასდროს ცდება და არასდროს გაყენებს არასწორ გზაზე. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად ღირებული იქნება მათი ნაწერები, მთავარია წერონ, მუდმივად იმუშაონ საკუთარ თავებზე, არ გაიკარონ ხელოვნურობა, იყვნენ გულწრფელები, ნამდვილები. სინამდვილე უდიდესი პოეზიაა, მას არ სჭირდება გამძაფრება რასაც დღეს ბევრი აკეთებს. არ უნდა ჩამორჩნენ ეპოქის სულს და რაც მთავარია, არ გაიჩინონ იდეალები, ისინი თავად უნდა იყვნენ იდეალები, რომლებსაც მიჰყვებიან და განავითარებენ. თუ ამას შეძლებენ, ისინი ნამდვილად დამკვიდრდებიან როგორც დიდებული მწერლები და პოეტები.
–სამომავლო გეგმებზეც მომიყევით…
-უახლოეს მომავალში იგეგმება ჩემი ავტორომანის გამოცემა, რომლის თემატიკაც ძირითადად მენტალური ჯანმრთელობაა. ვფიქრობ, ეს იქნება ჩემი პირველი წიგნი, რომელიც უმეტესად პირადი გამოცდილებებით დავწერე და მიზნად ისახავს საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდას ისეთ საკითხზე, რასაც მენტალური ჯანმრთელობა ჰქვია. რაც შეეხება პოეტურ კრებულს, ვფიქრობ, რომ ჯერ ამის დრო არ დამდგარა. მინდა, ჩემი პოეტური კრებული ისეთი ლექსებით იყოს სავსე, რომლებიც დროს გაუძლებენ. ამ ეტაპზე ასეთი ლექსები დაგროვებული მაქვს, მაგრამ რაღაც უფრო გენიალურის მოლოდინი მაქვს და არ ვჩქარობ. მე ვთვლი, რომ პოეტობა დაბეჭდილი წიგნებით არ განისაზღვრება და დრო სჭირდება იმას, რომ საზოგადოებამ გაღიაროს, მისთვის შესამჩნევი იყო. როცა ვიგრძნობ, რომ პოეტური კრებულისთვის მზად ვარ, მერე დავიწყებ მის გამოცემაზე ფიქრს.
მასალა მოამზადა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტმა მარიამ კუტალიამ
***
ცა დამაქვს ტანით და ჩემ ყველა უჯრედში ცა დევს.
ხან ფოთოლი ვარ, ხან ჩიტი ვარ ხან ვინ და ხან ვინ.
ვცადე მეცოცხლა და სიკვდილი მას მერე ვცადე
რაც ვერ დავეხსენ ვარსკვლავების ცრემლიან ხნავილს.
მსურს ცამ წაიღოს ჩემი სახე. თმები, ფრჩხილები.
ძუძუს ქვეშ, ცისფერ ზედაპირზე ყვავილებს ვაბამ
რომ ქარს გადარჩნენ. თვალში აღარ გაგეჩხირება,
რომ ცას აცვია ჩემი ცრემლით დამბალი კაბა.
ცა ცაა მაინც. ცამ არ იცის შორი და ახლო.
დგას და მიყურებს. დგას და მიცდის. დგას და ყოყმანობს,
რომ უკან მხოლოდ დედა რჩება უჭერო სახლში,
ყოყმანობს ხელი რომ დამტაცოს და ამიყვანოს
იქ, სადაც ჩემმა ფრთებმა უნდა გაშალონ ფრთები.
ცა დამაქვს ტანით და ძუძუს ქვეშ ცისფერი ცა დევს
ნაცვლად გულისა და მე ვრჩები მტრედივით თეთრი,
როცა მინდოდა გადარჩენა და წასვლა ვცადე.
***
ჩემკენ მობრუნდი, შენს ზურგს ჩემი თითის ჩერო აქვს
და ჩვენს საწოლზე, ორი წყვილი ცრემლით მოგიშვი,
ეს ჯანყის მსგავსი საუბრები რა საჭიროა,
როცა მოვდივარ დამსხვრეული, სუფთა ბოდიშით.
ჩემკენ მობრუნდი, კედელივით ნუ აღმიმართე
შენი კეფა და ზედ შემხმარი სველი ღრუბლები.
დღეს უფალივით, მხოლოდ ერთი არის სიმართლე,
არის სიმართლე ,იმიტომ რომ არ გეუბნები.
ხერხემლის რკალში უძილობა რადგან გავცერი
და დიდხანს კართან, შენ მაგივრად იდგნენ ჭინკები,
არც რაა ახლა მოსაყოლი და დასაწერი,
თუმც რომ გავჩუმდე , უფრო მეტად გამიჭირდები.
სძინავთ ჩვენს შვილებს – ბეჭებშუა ჩახერგილ სფინქსებს,
ისრებს საათის, გაჩერებულ დროთა მეჯლისით,
გემუდარები, ამ ბოლოჯერ შემინდო იქნებ,
რომ გღალატობდი და სინდისის ნაცვლად მქენჯნიდი
შენ. გაცხელებულ ბუხრის თავზე დგანან შანდლები
ჩამწვარი ღვენთით, ჩამარცვლილი თვალთა გუგებით.
მე საკუთარ თავს , გეფიცები, ვერ ვესარჩლები
მინდა გითხრა და ამჯერადაც ვერ გეუბნები:
რომ ჩვენ საწოლზე , სუროსავით , გაწვნენ ტკიპები.
ჩვენი შვილები , პირველ ნაბიჯს დგამენ უმშობლოდ.
ისე დამაკლდი, აღარასდროს არ მეტკინები,
როცა ტანიდან , დაგუბებულ წუხილს მიშვებენ.
ჩემკენ მობრუნდი, ქრისტესავით იქნებ შეძლო და
შემინდო, შენს ზურგს ჩემი თითის მძაფრი ჩერო აქვს,
რადგან წესია აპატიო, მას ვინც შესცოდა
და დანარჩენი? დანარჩენი რა საჭიროა…
ნატალი დარასელია