- ლიტერატურულ კონკურს-ფესტივალს “ქუჯი”, რომელიც მეხუთედ ტარდება, წელს ზუგდიდიც შეუერთდა და მოიცავს სამეგრელოს რეგიონის სამ მუნიციპალიტეტს (სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა). ფესტივალის ორგანიზატორებმა უკვე გამოაცხადეს “ერთი ლექსის კონკურსი”, რომელიც პირველ აგვისტომდე გაგრძელდება. ფესტივალი კი, 1, 2, 3 სექტებერს გაიმართება. გვესაუბრება კონკურს-ფესტივალის თანადამფუძნებელი, ზუგდიდელი პოეტი ნანა კვაშილავა.
–წელს, “ქუჯის” საიუბილეო წელია,-მეხუთედ ტარდება. როგორ გაჩნდა ლიტერატურული კონკურს-ფესტივალის დაფუძნების იდეა…
-2023 წელი “ქუჯისთვის” საიუბილეოა. მისი დამფუძნებელი გახლავთ შესანიშნავი პოეტი და პიროვნება ილია ერქვაია, რომელიც სამი წლის განმავლობაში თვითონ აფინანსებდა ამ პროექტს. თავიდან ტარდებოდა მხოლოდ კონკურსი, შარშან კი, ფესტივალის სტატუსი შეიძინა და წელს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გახდა. “ქუჯი” კონკურსში გამარჯვებულების გარდა, გიორგი ჭყონდიდელის პრემიით აჯილდოვებს ღვაწლმოსილ იუბილარ პოეტებს.
-საინტერესოა თქვენი ჩართვა ამ ღონისძიებაში.
-შარშანდელი კონკურსის ფინალისტობამ ორი დაუვიწყარი დღე მაჩუქა დიდებულ მწერალთა გარემოცვაში. ბატონმა ილიამ, მალევე, შემომთავაზა ფესტივალის თანადამფუძნებლობა და ჩვენი გუნდი ხუთკაციანი გახდა. შარშანვე, პროექტში ჩაერთვნენ შესანიშნავი ახალგაზრდა პოეტი თემო ჭახნაკია და ნიჭიერი ეკონომისტი და ლიტერატურის შესანიშნავი მცოდნე ბესო გვაზავა. წელს ჩემთან ერთად შემოუერთდა ამ გუნდს ჩემი მეგობარი, “ლიტერატურული საფიხვნოს” მთავარი მოდერატორი დალი ჯორბენაძე.
-პატარა ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი უკვე დიდ მასშტაბებს იკრეფს-რეგიონული ხდება…-ეს მგონი, თქვენი ინიციატივა იყო.
-ლიტერატურული ფესტივალი “ქუჯი-2023 ” უკვე რეგიონალურია და სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტს მოიცავს: სენაკის, ზუგდიდის და წალენჯიხის. რაც შეეხება ჩემს ინიციატივას, პროექტში ჩავრთე ზუგდიდში არსებული სასტუმრო “იბერია-პალასის” რესურსები, რომელიც ჩემი ოჯახის საკუთრებაა. ასე მიეცა კონკურს-ფესტივალს ზუგდიდური ნიშაც. პროექტი საკმაოდ ძვირადღირებულია და არავისგან ფინანსდება. ასე რომ, გენერალური სპონსორის ძიებაში ვართ. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხადო სენაკის, ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს, რომლებმაც თანადგომა გაგვიწიეს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში: ტექნიკური მხარდაჭერა, საფესტივალო სივრცის მოწყობა, საინფორმაციო მხარდაჭერა და ა. შ. მხარდაჭერა მივიღეთ მარტვილის მუნიციპალიტეტისგანაც, რომელმაც ფესტივალისთვის ტრანსპორტი გამოგვიყო.
-სპონსორებზეც მოგვიყევით.
-როგორც გითხარით, გენერალური სპონსორის ძიებაში ვართ. თუმცა უკვე იკვეთება სპონსორთა სახეები. ელექტრონული მაღაზიების ქსელი “ელიტ ელექტრონიქსი” მზადაა სასაჩუქრე 1000, 700, 500-ლარიანი ვაუჩერები გადასცეს ათი ფინალისტიდან სამ გამარჯვებულს, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი “ელიტ ელექტრონიქსის” გენერალურ დირექტორს, ბატონ ლადო ჯობავას და მთელ ხელმძღვანელობას. ასევე დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ყველა იმ კერძო სპონსორის მიმართ, ვინც ჩართულია ამ ფესტივალში და გვერდში გვიდგას უშურველად, ემიგრანტები არიან თუ ადგილობრივები. ინფორმაცია ჩვენი სპონსორების შესახებ შეტანილი იქნება ჩვენს საიუბილეო პოეტურ კრებულში ,,ლიტერატურული ფესტივალი “ქუჯი”.
-თუ საიდუმლო არ არის გაგვაცანით ვინ არიან წლევანდელი წლის საპატიო იუბილარები?
-ამ შეკითხვაზე ჯერჯერობით ვერ გიპასუხებთ, 20 აგვისტოს ცნობილი გახდება როგორც ფინალისტები, ასევე საპატიო იუბილარები, რაზეც აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს უაღრესად კომპეტენტურ შვიდკაციან ჟიურის, რომელიც სრულიად უანგაროდ აკეთებს საქმეს: თამარელა წოწორიას, მარინე თექთუმანიძეს, ლაშა გვასალიას, თამარ გელიტაშვილს, ზვიად კვარაცხელიას, ნინო სადღობელაშვილს და გურამ ჯახუტაშვილს.
მადლობა მინდა გადავუხადო საინფორმაციო პლატფორმას ” ჩემი მედიასახლი” საინფორმაციო მხარდაჭერისთვის, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ინფორმაცია კონკურსის შესახებ უკვე დაიდო “მედიასახლის” სხვადასხვა პორტალზე და საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც იმედია, გამოგზავნილი საკონკურსო ნამუშევრების რაოდენობაზე აისახება. კონკურს-ფესტივალის ვადა იწურება 1 აგვისტოს. ყველას წარმატებას ვუსურვებ. მოგახსენებთ, რომ კონკურს-ფესტივალი “ქუჯი” კი, ჩატარდება 1, 2, 3 სექტემბერს. დაიწყება ნოქალაქევის ციხე-გოჯის ტერიტორიაზე, გადაინაცვლებს ზუგდიდში და დასრულდება წალენჯიხაში. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია, ყველას გეპატიჟებით.
მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ