- ნანა კაკაჩია მე-18 საბავშო ბაღის გამგეა. ორი პროფესია აქვს – ზოოინჟინერიც არის და პედაგოგიც. თვლის, რომ მისი ადგილი ბავშვებთანაა,- მათთვის და მათი ჯანსაღად აღზრდისთვის ყველაფერს აკეთებს. უყვარს და უყვართ და ფიქრობს, რომ სწორედ ესაა მთავარი მის საქმეში.
-ქალბატონო ნანა, გაეცანით ზუგდიდელებს.
– დავიბადე 1964 წლის 26 ოქტომბერს, 1981 წელს დავამთავრე ზუგდიდის მე – 7 საშუალო სკოლა. შემდეგ ჩავირიცხე თბილისის ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში ზოოინჟინრის სპეციალობით. ვმუშაობდი ზუგდიდის საბროილერო მეფრინველეობის ფაბრიკაში ზოო- ინჟინრად, 1992-1993 წლებში, მიმდინარე მოვლენების გამო, ფაბრიკა დაიხურა და შესაბამისად, გარკვეული პერიოდი, ვიყავი უმუშევარი. 1995 წელს, პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე და ჩავაბარე ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ ფაკულტეტზე – დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით. 2001 – 2011 წლებში, ვმუშაობდი ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში. 2022 წელს კი, დავინიშნე მე – 18 საბავშვო ბაღის გამგედ. ვარ ბავშვებთან, ვაკეთებ ჩემს საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს.
-პატარებთან მუშაობა ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა…
– დიახ, მაგრამ მათთან ურთიერთობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბავშვებია მთელი ჩემი სამყარო. მათთან მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, სრულად ვარ ჩართული მათ აქტივობებში. ჩვენს გუნდს – მეც და ბაღის აღმზრდელებს, გვაქვს კონსულტაციები სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრთან. ვეცნობით სკოლამდელებთან მუშაობის თანამედროვე მეთოდებს. ჩვენთან თანამშრომლობით კმაყოფილები არიან ბავშვები, მშობლები და ესაა უმთავრესი.
-თქვენი გუნდი გაგვაცანით.
– ჩვენი ბაღი გაიხსნა 2022 წლის 16 სექტემბერს. გათვლილია 100 ბავშვზე. ამ ეტაპზე, გვყავს 78 აღსაზრდელი: 3 ჯგუფი: 3 – 4 წლიანები, 4 – 5 წლიანები და 5 – 6 წლიანები. 28 თანამშრომელი – აღმზრდელები, აღმზრდელის თანაშემწეები, შემცვლელ- მასწავლებლები, მზარეულები, მუსიკის მასწავლებელი, მედდა და დარაჯები.
-როგორია თქვენი დღე?
– ყოველი დილის ცხრა საათზე ვარ სამსახურში. დღე იწყება ბავშვებთან ურთიერთობით, რაც დიდ ბედნიერებას და სიხარულს მანიჭებს. ვერ ვიტყვი, რომ მიძნელდება, ან აღსაზრდელებთან, ან თანამშრომლებთან ურთიერთობა, არა! ვთვლი, რომ ჩემი ადგილი არის სწორედ აქ, ჩვენს აღსაზრდელებთან და თანამშრომლებთან. პროფესიიდან გამომდინარე, ბავშვებთან ვარ თავაზიანი, ნაკლებად ემოციური. კოლექტივთან კი, ვცდილობ, ვიყო მაქსიმალურად ობიექტური, ყურადღებიანი.
-რას ეტყვით ახალგაზრდა დედებს?
– იყო დედა, მარტო იმას არ ნიშნავს, რომ შვილი გააჩინო. დედობა დიდი პასუხისმგებლობაა. პირველ რიგში, უნდა იყო ღირსეული თვისებების მატარებელი. “ლამაზად შვილის გამზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა”…
-მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ..
– მყავს მეუღლე გივი უზარაშვილი და 10 წლის ქალიშვილი სესილი. ოჯახი ჩემთვის არის საყრდენი კედელი, რომელიც მაძლევს ძალას და ენერგიას. ოჯახზე წინ, არასოდეს არავინ და არაფერი არ უნდა დააყენო.
-ხართ თუ არა ტრადიციული?
– დავიბადე და გავიზარდე ტრადიციულ ოჯახში. ჩემი სუბიექტური აზრია, ვინც ჩვენს ტრადიციებს და წინაპრებს პატივს არ სცემს, იმას მომავალი არააქვს.
-რა თვისებას აფასებთ ადამიანში?
– ნამდვილი ადამიანი ყოველთვის უბრალოა, თავისი გულით და მდიდარი სულით. სიკეთის დანახვას სუფთა გული სჭირდება, სიმართლის მოსმენას, საღი გონება და სამართლიანად ყოფნას – ადამიანობა.
-თავისუფალი დრო თუ გრჩებათ და სად ატარებთ?
– თავისუფალი დრო ნაკლებად მრჩება და რა თქმა უნდა, ვატარებ ჩემს ოჯახში, ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად.
-დღევანდელ რეალობაში წარმატებული რომ გახდეთ, რა არის საჭირო?
– ნებისმიერ სფეროში რომ იყო წარმატებული და პოპულარულიც, საჭიროა, მონდომება და დაუღალავი შრომა, უნდა იყო შრომისმოყვარე.
-რას უსურვებთ ზუგდიდელებს, მის მომავალ თაობას?
– ზუგდიდელებს, პირველ რიგში, ვუსურვებ წინსვლას და წარმატებებს, ხოლო მის მომავალ თაობას ზუგდიდელობის ღირსეულად შენარჩუნებას.
მასალა მოამზადა როზა როგავამ